მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალების რისკი ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში ყველაზე მაღალია. ამასთანავე, არსებობენ კვლევები, რომელთა თანახმადაც COVID-19-ით კაცები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ქალები. ამას ბევრი ქვეყნის მონაცემებიც ადასტურებს.
ამჟამად ესპანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. 2020 წლის 11 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა (გარდაცვლილთა თანაფარდობა დაავადებულებთან) ქალებში 4.9%, ხოლო კაცებში 8.37%, ანუ, თითქმის, ორჯერ მეტია. ამასთანავე, ქალ დაავადებულთა რიცხვი კაცებისას 4%-ით აღემატება.
ამ საკითხით პლატფორმა Global Health 50/50 დაინტერესდა, რომელმაც დაინფიცირების ყველაზე მეტ შემთხვევათა მქონე ქვეყნების სტატისტიკას მოუყარა თავი. არსებულ მონაცემებში არ იკვეთება, რომელი სქესის წარმომადგენლებს შორისაა მეტი დაავადებული, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 19-ვე გამოკვლეულ ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა მამაკაცია. მაგალითად, ვირუსით იტალიაში 1.9-ჯერ, ჩინეთში და სამხრეთ კორეაში კი 1.7-ჯერ მეტი მამაკაცია გარდაცვლილი ვიდრე ქალი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის შესწავლა, შესაძლოა, ვაქცინის აღმოჩენისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით დაავადებულთა მონაცემებს გენდერულ ჭრილში დღემდე არ აქვეყნებს. CDC-ში აცხადებენ, რომ ისინი უბრალოდ არ ფლობენ ამ ინფორმაციას. ამ მონაცემებს არ აქვეყნებს არც გაერთიანებული სამეფო. თუმცა ხელმისაწვდომია ამერიკის ზოგიერთი შტატისა და დიდი ქალაქის მონაცემები, რომლებშიც იმავე ტენდენციაა გამოკვეთილი. მაგალითად, ნიუ-იორკში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა კაცებში ქალებზე 1.4-ჯერ უფრო მაღალია.
ამგვარად, ზუსტი საერთო სურათის შექმნას ხელს ზოგიერთი ქვეყნის მიერ დაავადების გენდერული გადანაწილების შესახებ მონაცემების ვერ ან არ გამოქვეყნება უშლის, ზოგის მიერ კი სიკვდილიანობის რეალური მონაცემების შეგნებულად დაფარვა. თუმცა, არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ფატალური შედეგით მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის უფრო ხშირად მთავრდება.
უამრავი კვლევის თანახმად, ქალებს უფრო ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც X ქრომოსომასთან, ისე – ქალურ ჰორმონ ესტროგენთან. აღსანიშნავია, რომ ქალები უფრო მარტივად უმკლავდებიან ბევრ სხვა ვირუსსაც, მათ შორის, გრიპსა და კორონავირუსულ დაავადებებს, SARS-სა და MERS-ს.
ზოგი მკვლევრის აზრით კი მიზეზი ისაა, რომ ქალები უფრო მეტად უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას. მაგალითად, ქალები უფრო ხშირად იბანენ ხელებს და ნაკლებად ეწევიან სიგარეტს (მწეველებს ხშირად აქვთ ფილტვების დაავადებები და, ამასთანავე, მოწევისას ხშირად უწევთ ხელების ტუჩებზე შეხება, რაც ხელს უწყობს ვირუსით ინფიცირებას).