ISET-ის კვლევითმა ცენტრმა COVID-19-ის მიერ გაზრდილი გენდერული უთანასწორობის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა.
ზოგადი მონაცემები ასეთია – 2020 წლის II კვარტალში, 2019 წლის II კვარტალთან შედარებით, უმუშევართა რიგებს 15,600 ადამიანი შეემატა, რომელთა 11% კაცია, 89% კი – ქალი.
2020 წლის II კვარტლის (აპრილ-ივნისი) უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეჩერებული ეკონომიკური აქტივობების, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებისა და საკარანტინო ღონისძიებების ფონზე ეკონომიკამ „მხოლოდ“ 43,800 დაქირავებული მუშახელი დაკარგა. დამატებით 9,600 ადამიანი გახდა თვითდასაქმებული, ხოლო 15,600 ადამიანი შეემატა უმუშევართა რიგებს.
ამავდროულად, მონაცემების თანახმად, 2020 წლის II კვარტალში თვითდასაქმებულთა რიგები ძირითადად ქალებით შეივსო (9,600 დამატებითი თვითდასაქმებულიდან 9,100 (95%) ქალი იყო).
2019 წლის II კვარტალთან შედარებით, 2020 წელს 43,4 ათასით ნაკლები ქალი და მხოლოდ 0,4 ათასით ნაკლები კაცია დაქირავებული.
კვლევითი ცენტრის მოხსენებაში განხილულია ზემოთ ხსენებული უთანასწორობის შესაძლო გამომწვევი მიზეზები. სავარაუდოდ, პანდემიის შედეგად დაზარალდნენ ის სექტორები, სადაც უმეტესად ქალები იყვნენ დასაქმებულნი.
“მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძნელია, ზუსტად შევაფასოთ ეკონომიკური აქტივობების შეჩერების გავლენა ეკონომიკაზე, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა მომსახურების სექტორი (სასტუმრო-რესტორნები, საცალო ვაჭრობა), ხოლო ტრანსპორტმა (გადაზიდვებმა), მშენებლობამ და სოფლის მეურნეობამ, შეზღუდულად, მაგრამ მაინც განაგრძეს მუშაობა.“-ვკითხულობთ მოხსენებაში.
ამასთან, ქალებში უმუშევრობის დონის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა შინამოსამსახურეებზე მოთხოვნის შემცირება იყოს. შინამოსამსახურეები კი ძირითადად ქალები არიან (დაახლოებით 99%, 2019 წლის მონაცემებით).
საბოლოოდ, ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, კვლევების თანახმად, შრომის ბაზარზე ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა ხელს უწყობს გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებას. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გენდერული თანასწორობის კუთხით. ამ შედეგების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, თვალი ვადევნოთ პანდემიის გავლენას დასაქმებაზე გენდერული კუთხით.