მოწევა, დალევა, სუსტი ჯანმრთელობა – მკვლევრები ამბობენ, რომ ეს ის რამდენიმე ფაქტორია, რომელიც ნათლად ხსნის, რატომ იღუპებიან კორონავირუსისგან უფრო ხშირად მამაკაცები, ვიდრე – ქალები.
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) მონაცემებით, იტალიაში დაინფიცირებულთა 60%, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა 70%-ზე მეტნი მამაკაცები არიან. ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა სამხრეთ კორეა, გარდაცვლილთა 54%-ს ასევე მამაკაცები წარმოადგენენ.
CNN–ის ანალიტიკოსთა თქმით, ჯანდაცვის ოფიციალური პირები მსოფლიო მასშტაბით აკვირდებიან და ითვალისწინებენ ამ მონაცემებს. დებორა ბირქსმა, რომელიც „თეთრ სახლში“ კორონავირუსის წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია, პარასკევს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იტალიის გამოცდილებიდან გამომდინარე იკვეთება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მამაკაცებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ მაღალია.
CNN-ისა და Global Health 50/50-ის თანამშრომლობით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ეყრდნობა 20 ქვეყნიდან საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა ყველაზე მეტი რიცხვი 20 მარტს ფიქსირდება. მიუხედავად არასრული მონაცემებისა, იკვეთება, რომ დაინფიცირების შემდეგ მამაკაცებში გარდაცვალების რისკი ორჯერ მაღალია, ვიდრე – ქალებში.
გლობალური ჯანდაცვის პროფესორი ლონდონის უნივერსიტეტიდან (UCL) და Global Health 50/50-ის თანადამფუძნებელი, სარა ჰოკსი ამბობს, რომ ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს შორის, ზოგადად, მამაკაცები ჭარბობენ.
აღსანიშნავია, რომ მათ, ვისაც ისეთი ქრონიკული დაავადებები აქვთ, როგორიცაა ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებები, წარმოადგენენ კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებულთა ძირითად ნაწილს.
ასევე, მწეველთა პროპორციული წილი მამაკაცთა შორის, თითქმის, რვაჯერ უფრო მაღალია, ვიდრე – ქალებში. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, მწეველებს უფრო სერიოზული კლინიკური მდგომარეობა აქვთ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ვიდრე – არამწეველებს.