Coursera გლობალური ონლაინსწავლების პლატფორმაა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორებმა დაარსეს. ონლაინპლატფორმამ „სერია F“ – ის დაფინანსების ფარგლებში დამატებით 130 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გუშინ, პლატფორმის ოფიციალურ გვერდსა და ბლოგზე გავრცელდა. „კურსერას“ კურსები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების წარმატებული ლექტორების ვიდეო-ლექციებისგან შედგება. კურსების ხანგრძლივობა განსხვავებულია და 4-6 კვირას ან მეტს შეადგენს. თითოეულ კურსს თავისი სილაბუსი, დავალებები, დამხმარე მასალა და სადისკუსიო ფორუმი აქვს. ისინი არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ჩინურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და სხვა ენებზეა ხელმისაწვდომი.
აქ შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი პროგრამები და ისწავლოთ როგორც ჰუმანიტარული საგნები, ისე მედიცინა, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა, ეკონომიკა და ბიზნესი. მსოფლიო უპრეცენდენტო ეკონომიკური შეფერხების საშიშროების წინაშე დგას. პანდემიის პირობებში კი ციფრული უნარების განვითარების აუცილებლობა მომავლის ყოველდღიურობის წინაპირობა გახდა.
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ამ განსაკუთრებით რთულ დროს მოვემსახუროთ. ჩვენ დამატებით დაფინანსებას ჩვენი პროდუქტისა და ინჟინერიის ძალისხმევის გასამარტივებლად გამოვიყენებთ. ასევე, გამოყოფილი თანხა ჩვენი სამუშაოს შესაბამისი კატალოგის გასაფართოებასა და დახვეწას მოხმარდება. ჩვენი ინიციატივის მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ ხელი შევუწყოთ პანდემიის პირობებში დაზარალებული სტუდენტების განათლებას“, – ვკითხულობთ „კურსერას“ განცხადებაში.
“კურსერას” პარტნიორები არიან სტენფორდის, ბერკლის, ბრაუნის, ჯონს ჰოპკინსისა და სხვა მოწინავე უნივერსიტეტები. ყველა მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია ნებისმიერი კურსის არჩევა, ამისთვის სასურველი უნდა ამოარჩიოს და ვებ-გვერდზე გაიაროს რეგისტრაცია. „კურსერა“ მსურველებს, ასევე, სპეციალობის სასერტიფიკატო კურსებსაც სთავაზობს, რომლებიც ფასიანია.