NASA-ს ასტრონავტს ანა მაქქლაინს უჩვეული ბრალდება გასულ წელს წაუყენეს. მას საკუთარი ყოფილი მეუღლე საერთაშორისო კოსმიური სადგურიდან საბანკო ანგარიშის დაჰაკვაში ადანაშაულებდა.
მიმდინარე კვირაში გრძელვადიანი საგამოძიებო პროცესის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ასტრონავტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება გაუქმებულია და მეტიც, მისი ყოფილი მეუღლის – სამერ ვორდენის მიერ გამომძიებლებისთვის მიწოდებული ინფორმაცია იმდენ მცდარ დეტალს შეიცავს, რაც შესაძლოა თავად სამერ ვორდენს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოუტანოს.
აღნიშნული ქეისი უპრეცედენტოა, რადგან კოსმოსში ჩადენილი შესაძლო დანაშაული პირველად გამოიძიეს. თუმცა ექსპერტების განცხადებით, მომავალში ამგვარი შემთხვევები შესაძლოა ნაკლებად უჩვეულო გახდეს მას შემდეგ, რაც ცხოვრება და მუშაობა კოსმოსში უფრო და უფრო გავრცელებული გახდება.
თავად ასტრონავტი ანა მაქქლაინი NASA-ს 2013 წელს შეუერთდა და შესაძლოა, რომ 2024 წელს მთვარეზე დაგეგმილი ექსპედიციის შემდეგ გახდეს პირველი ქალი, რომელიც მთვარეზე დადგა ფეხი.