ბილ ქოსბი, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე იხდის სასჯელს, შეწყალებას ითხოვს

Photo Credits to Dennis Van Tine

ბილ ქოსბის ადვოკატები კომიკოსის ციხიდან გათავისუფლებასა და სასჯელის შინაპატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვენ. მოთხოვნის საფუძვლად კი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეს ასახელებენ.

მას შემდეგ, რაც იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც ამჟამად ქოსბი იმყოფება, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, არსებობს შიში, რომ დაწესებულებაში ვირუსი მალევე გავრცელდება და მომუშავე პერსონალისა და პატიმრების დაინფიცირებას გამოიწვევს.

ცნობილი ამერიკელი კომიკოსი ახლა 82 წლისაა. 2018 წელს მას თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულად ცნო.

#MeToo მოძრაობის დაწყებიდან ბილ ქოსბის სასამართლო პროცესი პირველი პრეცედენტი იყო, როცა ბრალი ასეთ ცნობად და გავლენიან პიროვნებას დაუმტკიცდა და ამიტომაც მის საქმეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „გარდამტეხ მოვლენას“.

დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო ქოსბის ადვოკატების მოთხოვნას კი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ასევე სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული მომღერალი R. Kelly-ის მსგავსი პეტიცია სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა ჰარვი ვაინშტეინსაც, რომელსაც სასამართლომ სექსუალური ძალადობის რამდენიმე საქმეზე 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.