ისრაელში კორონა ვირუსის ერთწუთიანი ტესტი გამოიგონეს

ისრაელში კორონავირუსის დატესტვის ინოვაციური და სწრაფი მეთოდი შეიმუშავეს. ერთწუთიანი ჩასაბერი ტესტი რადიკალურად განსხვავდება კორონავირუსის არსებული ტესტებისგან. ბენ-გურიონის უნივერსიტეტში ჩასაბერი ტესტის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა ფიზიკის, ფოტონიკისა და ელექტრული ინჟინერიის მეთოდები.

Photo via Times of Israel

აღსანიშნავია, რომ ახლანდელი ტესტებით ორგანიზმში კორონავირუსის აღმოჩენა ცხვირ-ხახიდან ნაცხის აღებით არის შესაძლებელი. ჩასაბერი ტესტი კი უმოკლეს დროში სიხშირეთა ანალიზით ადგენს კორონა ვირუსის არსებობას.

სასუნთქ მოწყობილობაში დამონტაჟებული ჩიპის ტეტრაჰერცულ სპეტქროსკოპში 20 წამიანი სკანირების შემდეგ ანალიზები 2 წამის განმავლობაში მათემატიკურად მუშავდება. შედეგად, დაახლოებით ერთ წუთში დგინდება არის თუ არა ადამიანი კორონავირუსის მატარებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ ვირუსის დადგენა შესაძლებელია იმ პაციენტებშიც, რომლებსაც არ აქვთ გამოხატული სიმპტომები.

კვლევის ხელმძღვანელი პროფესორი გები სარუსი აცხადებს, რომ სწრაფი ტესტირების აპარატების დამონტაჟება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა აეროპორტები და პორტები, გაამარტივებს ქვეყნებს შორის საზღვრების უსაფრთხო გახსნას. თითოეულ დამონტაჟებულ აპარატს შეეძლება დღის განმავლობაში დაახლოებით 4000 სწრაფი ტესტის ჩატარება.

დღევანდელი მონაცემებით ჩასაბერი ტესტირების 90% წარმატებულია. ინოვაციის დანერგვისთვის შემდეგ საჭირო ეტაპს საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის (FDA) თანხმობა წარმოადგენს. ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დაჩქარების გამო ახალი ჩასაბერი ტესტის დანერგვა რამდენიმე თვეში გახდება შესაძლებელი. პროექტის ხელმღვანელი იმედოვნებს, რომ სექტემბრისთვის სახელმწიფოთათვის აპარატთა სისტემები ხელმისაწვდომი გახდება.