კონცეპტუალური ტრანსფორმაცია | ინტერვიუ ნატა ხურციძესთან

ურთიერთობების კიდევ უფრო გამარტივებული ფორმა, პერსონიფიცირებული მიდგომა და მოქნილი სისტემა – ეს თიბისი კონცეპტია ანუ ტრანსფორმირებული პერსონალური საბანკო მომსახურება. თიბისიში აქვთ ამბიცია, რომ 90 000 კლიენტს ინდივიდუალურად მიუდგნენ, თიბისი კონცეპტის მთავარი კონცეფციაც სწორედ ეს არის. პერსონალური საბანკო მომსახურების ტრანსფორმაციას ბანკი პანდემიურ წელს შეეჭიდა. COVID-19-მა თიბისის უკან არ დაახევინა, აქ და ახლა მზად არიან, რომ მომხმარებლის პულსზე ხელი ედოთ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

პერსონალურ საბანკო მომსახურებას თიბისიში, დღიდან დაარსებისა, ნატა ხურციძე ხელმძღვანელობს. კონცეპტი ამ მიმართულების პირველი ტრანსფორმაცია არ არის. თიბისიში პერსონალურ საბანკო მომსახურებას ყოველთვის, ამ 15 წლის მანძილზე, მომხმარებლების საჭიროებიდან გამომდინარე ცვლიდნენ და ავითარებდნენ. პანდემიამ მეტი დისტანცირების საჭიროება გააჩინა, თიბისი კონცეპტიც ასეთია – აქ მომსახურების ხარისხს ფიზიკური სივრცე აღარ განსაზღვრავს.

საწყის ეტაპზე კონცეპტი მომხმარებელთან ურთიერთობის მხოლოდ ერთი ფორმატით იყო წარმოდგენილი, ეს იყო და არის მომსახურება პირადი ბანკირის მეშვეობით. ეს მათთვისაა, ვისთვისაც პირადი ბანკირი სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველია. მისი მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება, უმაღლესი ხარისხის მომსახურების შედეგად კი, კომფორტის უზრუნველყოფაა.

განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა არსებული მომსახურების განახლება/გამრავალფეროვნება.

„როგორც იცით, თიბისი კონცეპტის ცენტრალური ორიენტირი მომხმარებელია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, ყველა მომხმარებელს მასზე მორგებული პროდუქტი და მომსახურება შევთავაზოთ. ამ მიმართულებით შეიცვალა ჩვენი ბიზნეს მოდელიც და ე.წ. ნაკრების გამოწერის მოდელზე გადავედით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ჩვენი სერვისი არის მეტი, ვიდრე უბრალოდ საბანკო მომსახურება, სადაც საბანკო-ფინანსურ სერვისთან ერთად, მომხმარებლის ცხოვრების სტილსა და მის ცხოვრებისეულ კონცეფციაზე მორგებული, თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ბევრი ინიციატივა იყრის თავს“.

სწორედ ასე გაჩნდა სატარიფო ნაკრებების დანერგვის იდეა. კერძოდ, 2019 წელს საკონსულტაციო კომპანია „მაკენზისთან“ ერთად შემუშავდა ახალი სატარიფო ნაკრები. რადგან თიბისის ონლაინ სერვისები საკმაოდ განვითარებულია, მომხმარებლების საშუალო ასაკიც ძალიან გაახალგაზრდავდა, ბევრი მომხმარებელი ტრანზაქციების დიდ ნაწილს თვითონ ასრულებს, შესაბამისად, მათთვის პირადი ბანკირის სერვისი არც ისე აუცილებელი გახდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ახალი ციფრული ნაკრები. ამ ეტაპზე პერსონალური საბანკო მომსახურება მიკროსეგმენტებად არის დაყოფილი და ორ პროდუქტს აერთიანებს – ციფრულ და პრემიუმ ნაკრებებს. ნატა ხურციძე გვეუბნება, რომ ასე ყველა ინდივიდი საკუთარ კონცეპტს იპოვის და თიბისი მას სწორედ იმას შესთავაზებს, რაც პერსონალურად სჭირდება.

ამ ეტაპზე თიბისიში ინტენსიური მუშაობა დაასრულეს და 2021 წლის დასაწყისში ბაზარზე მესამე ნაკრებს გამოუშვებენ, რომელშიც კიდევ უფრო გაციფრულებული პროდუქტები შევა. აღნიშნული ნაკრები კიდევ უფრო მეტად დააკმაყოფილებს პოტენციური კლიენტების საბანკო ინტერესებსა და საჭიროებებს, მასში გაერთიანებული იქნება რამდენიმე დამატებითი სერვისი. ამ პაკეტის მფლობელს წვდომა ექნება უფრო სოფისტიცირებულ საბროკერო და საინვესტიციო პროდუქტებზე. ნატა ხურციძის აზრით, სწორედ ეს არის საბანკო სერვისების განვითარების ხვალინდელი დღე.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

იმისათვის, რომ პირადი საბანკო მომსახურების მრავალრიცხოვანმა მომხმარებელმა საკუთარი კონცეპტი იპოვოს, თიბისი უფრო შორს მიდის და ნაკრების დანამატების ახალ პროექტს ამუშავებს, შედეგად, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ საჭიროებებზე დაყრდნობით, მათზე მორგებული ინდივიდუალური ნაკრები თვითონ ააწყონ/შექმნან.

„კონცეპტის დაპირება არ არის მხოლოდ საბანკო მომსახურება. ეს არის ასევე ლაივ სტაილი. პანდემიამდე ჩვენ უკვე გვქონდა კონცეპტ შეხვედრების საინტერესო პლატფორმა. კლიენტს შეეძლო მისთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას დასწრებოდა ამ შეხვედრებს. შესაბამისად, როდესაც ლოქდაუნი დადგა, ჩვენ შევძელით კლიენტებისთვის საბანკო და არასაბანკო სერვისები დისტანციურად მიგვეწოდებინა“.

თიბისი კონცეპტს ამ ცვლილებების გატარების გზით 45 000 ახალი მომხმარებელი შეემატა. ნატა გვეუბნება, რომ ეს კოლოსალური რიცხვია, რადგან სტატისტიკა აჩვენებს, რომ კონცეპტის 1 წლიანი შედეგი 10 წლიანი ზრდის მაჩვენებლის იდენტურია. ამიტომაც, ნატა ხურციძე თამამად აცხადებს, რომ ეს გარღვევაა!

როდესაც თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი არასაბანკო სერვისების მიწოდებაზე გვესაუბრება, აქ თიბისი კონცეპტის სივრცეს გულისხმობს, „ეს არის პლატფორმა საინტერესო ადამიანებისთვის, სადაც მათ ერთმანეთთან შეხვედრის და აზრების გაზიარების საშუალება ეძლევათ“.

თიბისიში უკვე წლებია სურდათ, რომ ბრენდს ფიზიკური სივრცე ჰქონოდა, აი ისეთი, სადაც კლიენტები ბრენდთან სიახლოვეს შეძლებდნენ და ეს სივრცე უკვე არსებობს მარჯანიშვილის #7-ში, ისტორიულ შენობაში, რომლის რენოვაციაც თიბისიმ ჯერ 2007 წელს დაგეგმა, მერე იყო ომი და აღნიშნულ იდეას, განახლებული ფორმაციით, კონცეპტის გუნდი 2 წლის წინ მიუბრუნდა. თიბისის კონცეპტ სივრცე მულტიფუნქციურია და განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების ნაწილია. ის მომხმარებელს სრულიად ახლებურ და განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. აქ მისული სტუმრებისთვის ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალური საბანკო მომსახურებაც და ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელიც მათ საჭიროებებზე, საქმიანობასა და ინტერესებზეა მორგებული. სივრცე გაიხსნა, მაგრამ ლოქდაუნმა მისი სრულყოფილად ამუშავება შეაფერხა, მიუხედავად ამისა, ეს არის პირველი პრეცენდენტი აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც ბანკი თავის მომხმარებელს მსგავსი ტიპის გამოცდილებას სთავაზობს.

„კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ჩემი საამაყო პროექტია. მჯერა, რომ ის მომავალში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის, როდესაც ძველ რეჟიმს დავუბრუნდებით, მით უმეტეს, ადამიანებს ფიზიკური კომუნიკაცია მონატრებული ექნებათ და ამ შენობის აქტუალობა გაიზრდება. ვინც მოახერხა და კონცეპტ სივრცეს ერთხელ მაინც ესტუმრა, მათგან ძალიან დადებითი გამოხმაურება გვაქვს. მეამაყება, რომ ამ საინტერესო და მრავალმხრივი პროექტის მონაწილე ვიყავი. მგონია, რომ ეს სივრცე ჩვენს საქმიანობას უფრო საინტერესოს ხდის“.

კონცეპტ სივრცე 11 ნაწილად არის დაყოფილი. რომელიც მოიცავს საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზებს, ბიბლიოთეკას, კაფეს, საერთო-სამუშაო, თვითმომსახურების ზონებს. მარჯანიშვილის #7 შემოქმედებით-შემეცნებითი ცენტრი და საუკეთესო გარემოა შეხვედრებისა და იდეების გასაზიარებლად.

კონცეპტ სივრცედ თიბისიმ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი არქიტექტურული ღირებულების ნაგებობა შეარჩია. შენობას, თავდაპირველი იერის შენარჩუნების მიზნით, თიბისის ინიციატივით 2003 წელს, სრული რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ბანკის სათაო ოფისად იქცა.

თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში ინტეგრირებაა. ქალაქის ცენტრალური, ისტორიული შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით ისტორიული მემკვიდრეობა ახალი კონცეფციით გაცოცხლდა.

ნატა ხურციძე გვეუბნება, რომ ახლა თიბისიში რეგიონულ განვითარებაზე ფიქრობენ, ამიტომ გამორიცხული არ არის ანალოგიური კონცეპტ სივრცე ორ დიდ ქალაქში, ბათუმსა და ქუთაისში შექმნან, აქაც აქცენტს ისტორიულ შენობაზე გააკეთებენ, ამ სტრატეგიით თიბისი კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ შენობებს ახალ ფუნქციას და სიცოცხლეს სძენს.

მიუხედავად გამოწვევებისა, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი 2020 წელს წარმატებულს უწოდებს, არამხოლოდ იმიტომ, რომ თიბისიმ დაგეგმილი ფინანსური პარამეტრები გადაჭარბებით შეასრულა. წარმატების დასტურია Global Finance-ს ჯილდო. ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. ეს აღიარება თიბისიმ ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

„რთულია წარმატების მიღწევა, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია მუდმივად მწვერვალზე ყოფნა და პოზიციის შენარჩუნება. ეს ჩვენთვის ნამდვილად საამაყო გამარჯვებაა. ჩვენი შემდეგი მიზანია, რომ რეგიონში პირველები ვიყოთ, ამის სრული რესურსი გვაქვს, მით უმეტეს, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი ევროპული წამყვანი ბანკის მომსახურებას არ ჩამოუვარდება, თუ პირიქითაც არა!“