თუ რაიმეს გაკეთება – დილით ადრიანად გაღვიძება, სწავლა ან მუშაობა გეზარებათ, არ შეშინდეთ – მარტო არ ხართ! მაგრამ, თუ საქმე თავზე გაყრიათ, დედლაინებიც მოახლოვდა, თქვენ კი კვლავ პროკრასტინირებთ და ჯიუტად განაგრძობთ თინეიჯერული დრამების ყურებას – ეს უკვე პრობლემაა, თუმცა მოგვარებადი.
როდესაც გარშემო ყველაფერი კარგადაა, არც ნაცნობები გვაწუხებენ, მიმდინარე მოვლენებს შეუმჩნეველს ვტოვებთ და მთელი დღე არაფრის კეთებით ვიღლებით, მაინცდამაინც კარგი მდგომარეობა არაა. ამ დროს ჩვენ კომფორტის ზონაში ვართ, დროს ვფლანგავთ და ვერ ვვითარდებით – ვცხოვრობთ, თავისით შექმნილ, მკაცრად ნორმირებულ გარემოში. ამგვარ სიტუაციაში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა გონებრივად და ფიზიკურად დაგვასუსტოს ან/და ერთფეროვანი გახადოს ჩვენი ცხოვრება. კომფორტის ზონა მუდმივი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანები ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და გვგონია, თითქოს ყველაფერს ვაკონტროლებთ. ერთი შეხედვით, ეს ცუდი არცაა – მშვენიერია, როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ და არაფერი გვაწუხებს. მაგრამ, თუ ვინმე თვეობით ან წლობით აპირებს კომფორტის ზონაში ცხოვრებას, მალევე გადაიფიქრებს. ასეთ მდგომარეობას თავს თუ არ დავაღწევთ, გავხვდებით უფუნქციოები, სევდიანები და ჩვენივე ფეხით, დაუკითხავად მძიმე ფსიქიკურ დაავადებებს მივადგებით.
საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა აუცილებელია და ამისკენ სწრაფვა გასაკვირი არცაა.. ზოგჯერ, მართლაც არ უნდა შევიწუხოთ თავი უმნიშვნელო ამბებითა და დროის მაქსიმუმი საკუთარი თავის განებივრებას დავუთმოთ. თუმცა, ეს ყოველივე მაშინ იქნება მართებული, როდესაც დამღლელი სემესტრის ან წარმატებული სამუშაო წლის შემდგომ, საკუთარი თავი უნდა დავაჯილდოოთ და არაფრის კეთებით დასვენების საშუალება მივცეთ. მაგრამ, იმისათვის, რომ დავისვენოთ – ჯერ უნდა დავიღალოთ. თუ წარმატებული და საინტერესო ცხოვრება გვსურს, კომფორტის ზონას უარი უნდა ვუთხრათ. ვაკეთოთ ის, რაც იმ მომენტში შეიძლება სულაც არ გვხიბლავს (ადრიანად გაღვიძება, მუშაობა, გვიან დაძინება, სწავლა, ადამიანებთან ურთიერთობა…) და ვიმუშაოთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება მაინცდამაინც არ მოგვწონდეს.
კომფორტის ზონიდან გამოსვლა მარტივი და წარმატების მიღწევის უტყუარი გარანტი არაა. თუმცა, უტყუარი გარანტია მრავალფეროვანი, მეტად ბედნიერი და დატვირთული დღეების. სანამ კომფორტის ზონიდან წარმატებისაკენ მიმავალ გზას დავადგებით, რამდენიმე აუცილებლად გასავლელი ფაზაა. როგორც კი ჩვენთვის სრულიად კომფორტული, დაცული და კონტროლირებადი გარემოდან ერთ ნაბიჯს მაინც გადავდგამთ, შეგვეშინდება. ამ დროს მატულობს უხერხულობის შეგრძნება, აღმოვაჩენთ, რომ თავდაჯერებულობა გვაკლია და შევშინდებით სამყაროთი, რომელიც ჩვენი წარმოდგენისაგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდება. შემდგომ გველოდება სწავლის ფაზა, სადაც პრობლემების გადაჭრის გზებს უნდა მივაგნოთ, შევეწყოთ გარესამყაროს და აღმოვაჩინოთ ახალი უნარები. ეს ყოველივე ზრდის ფაზამდე მიგვიყვანს. იქ კი გავაფართოებთ ხედვას და დავისახავთ ახალ მიზნებს. საბოლოოდ, შედარებით მეტად თამამები და გაბედულები შევუდგებით წარმატების მიღწევის ხანგრძლივ პროცესს.
კომფორტის ზონა მხოლოდ არაფრის კეთებას როდი ნიშნავს. პირიქით, ამ დროს ჩვენ შესაძლოა მუდმივი სამსახურიც კი გვქონდეს და ზედმიწევნით ვასრულებდეთ დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა სულაც არ ვავითარებდეთ სამომავლო იდეებს. კომფორტის ზონა ძალიან პატარა სივრცეა, რომელშიც დანარჩენებისაგან იზოლირებულად ვცხოვრობთ, გვაქვს შიშები, ვშორდებით რეალურ სამყაროს და მუდმივად ვრჩებით ამ პატარა სივრცეში, ვივიწყებთ საკუთარ შესაძლებლობებს, უარვყოფთ ადამიანებს, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო არ მოგვწონს, არანაირი აქტივობა არ გვაქვს ცხოვრებაში და ასე მიედინება ყოველი დღე – ვაძლიერებთ შიშებს და ვაკლდებით მნიშვნელოვან მოვლენებს. მარტივად რომ ითქვას, კომფორტის ზონაში გამოკეტვა დამახინჯებული ინტროვერტობის ძალიან ცუდი გამოვლინებაა.
როგორ დავტოვოთ კომფორტის ზონა? ამისათვის Forbes Coaches Council-ის 13 წევრი რამდენიმე რჩევას გვაძლევს:
გაიხსენეთ თვენი უდიდესი მიღწევები
ნებისმიერი სახის მიღწევა გამბედაობის დამსახურებაა! საკუთარი მიღწევების გახსენება საკუთარ შესაძლებლობებსაც შეგახსენებთ და გაგაძლიერებთ. რწმენით წინსვლა მარტივი არაა. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ კომფორტის ზონა გვართმევს გამბედაობას და ავტომატურად გვაშორებს ცხოვრების ყველაზე დიდ მიზნებს.
ჩვევად გაიხადეთ სიახლეების მოსინჯვა
მიაჩვიეთ საკუთარი გონება, რომ სიახლეები უსაფრთხოა და უფრო თამამი იყავით. მოინახულეთ ამ დრომდე უცნობი ადგილები, დაუმეგობრდით ახალ ადამიანებს, ყოველ ორშაბათს ახალი ჰობი იპოვეთ… ცხოვრებას უფრო მარტივად მიჰყევით და დაიწყეთ წვრილმანებში მნიშვნელობის შემჩნევა.
მოშალეთ კომფორტულობის ჩარჩოები
სამყარო სწრაფად იცვლება და კომფორტის ზონა ნაკლებადღა გამოდგება. შიში და გაურკვევლობა ცვლილებების მუდმივი თანმდევია, მიუხედავად ამისა, მიდგომა კომფორტისადმი უნდა შეცვალოთ. უმჯობესია, მომავალში „კომფორტი” განიხილოთ, როგორც ზრდა, სწავლა, მიზნების დასახვა. კომფორტის პოვნა ყველგანაა შესაძლებელი.
მოახდინეთ შიშის რაციონალიზაცია
ალბათ, ჩამოთვლილი რჩევებიდან შიშის რაციონალიზაცია ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლის წარმატებით გასავლელად, შესაძლოა, პროფესიონალიც დაიხმაროთ.
დაიწყეთ შიშის იდენტიფიკაციით, გაარკვიეთ სამყაროში რა გაშინებთ და რატომ, კვლავაც უნდა გეშინოდეთ თუ არა… სჯობს, შიშებს დავუმეგობრდეთ, მალევე დისკომფორტი გაქრება და მივივიწყებთ მათ.
გადადგით ერთი პატარა ნაბიჯი
ტრიუმფი კი კომფორტის ზონიდან ერთი ნაბიჯის გადადგმა და სამყაროსთან შეხვედრაა. ჩვენი გონებისთვის ცვლილებებისათვის წინააღმდეგობის გაწევა ბუნებრივი მდგომარეობაა. იმაზე ფიქრი, რომ ერთი პატარა ნაბიჯი გადადგათ, თქვენს გონებას მოქმედებისაკენ უბიძგებს. აიღეთ მიზანი და დაშალეთ ის მცირე ნაბიჯებად.
კომფორტის ზონას აუცილებლად უნდა ვუთხრათ უარი. თუ ამას შევძლებთ, ჩვენი მიზანი არა გადარჩენა ან დროის გაყვანა, არამედ საინტერესო გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების ძიება იქნება, რაც ცდად ნამდვილად ღირს.