Recov.ge არაკომერციული პლატფორმაა, რომლის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე COVID-19-ის გავლენის შეფასებები და ამ გავლენის ანალიზი საოფისე, საცხოვრებელი, სავაჭრო და გასართობი და სასტუმროების სექტორების მიხედვით. პლატფორმაზე მოცემული შეფასებები საერთაშორისო პრაქტიკებსა და Colliers International (უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანია) ექსპერტიზაზე დაყრდნობით იქმნება.
კოლიერსის ანალიზით, ივნისის თვეში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა. თბილისში 2020 წლის ივნისის თვეში 2,117 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 2.5-ჯერ ზრდაა. კოლიერსის ვარაუდით, ბაზრის აღდგენის ტენდენცია ივლისშიც გაგრძელდება, რაც ნაწილობრივ განპირობებული იქნება ივლისში ამოქმედებული სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით. ამ ეტაპზე კი, 2019 წლის ივნისის თვესთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით, ხოლო ბაზრის ღირებულება 37%-ით არის შემცირებული.
ბუნებრივია, საინვესტიციო/გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ შესაძლოა გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან.
კოლიერსმა განიხილა საბაზისო სცენარი, რომელიც გულისხმობს ზომიერი იზოლაციის პირობების 2020 წლის ბოლომდე გაგრძელებას. ამ სცენარის მიხედვით:
- მოლოდინები ნეგატიურია მედიუმ სეგმენტის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე( $800-$1,200 კვ.მ) როგორც ტრანზაქციების, ისე ფასის კუთხით. შემცირებული უძრავი ქონების ფასის ხარჯზე ამ სეგმენტში უფრო გააქტიურდება სპეკულატიური ტრანზაქციებიც.
- ეკონომ კლასის( <$800 კვ.მ) შემთხვევაში, ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა ამ სეგმენტშიც დაიკლებს. აღსანიშნავია, რომ იზოლაციის ფონზე მოთხოვნა იზრდება კერძო და ხელმისაწვდომ სახლებზე, მათ შორის, ქალაქგარეთ.
- ხოლო პრემიუმ კლასის(+$1,200 კვ.მ) შემთხვევაში, წლის ბოლომდე მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება და ფასის უმნიშვნელო კლება, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახება გასაქირავებელ უძრავი ქონებაზე.
აღსანიშნავია, რომ მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში დაახლ. 11,500 ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი წილი საინვესტიციო ქონებებზე მოდის. სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურიანსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან.