სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR) 563,540 ევროთი დააფინანსებს პროექტს „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოსა და სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრს (CMSR) შორის საგრანტო ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი.
პროექტი სატყეო რეფორმის შემადგენელი ნაწილია და მისი ბენეფიციარი ადიგენის ადგილობრივი მოსახლეობა და მათ მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებები იქნება.
„ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტია მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე სოციალურ ზეწოლას“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პარალელურად, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) უკვე ახორციელებს „ეკო კორიდორების“ პროექტს.