ხელოვანთა რიგებში მოხვედრა დიდი დაბრკოლებაა, რადგან უნიკალური ნამუშევრის შექმნა არც თუ ისე მარტივია. ეს ყოველივე კიდევ უფრო ძნელი იყო ყველასთვის 1970-იან წლებში, თუმცა ქალებისთვის – თითქმის შეუძლებელი. სინდი ნემსერი ისტორიკოსი და ხელოვნების კრიტიკოსი იყო, რომელმაც არტისტ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო.
სინდი 1937 წელს აშშ-ში, ბრუკლინში დაიბადა. მან ლოკალური კოლეჯი დაამთავრა და მასწავლებელი გახდა, ამავდროულად, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა ხელოვნების ისტორიკოსის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მან ეს ყოველივე 1966 წელს მოახერხა – შემდეგ სტაჟირება გაიარა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გახდა ხელოვნების კრიტიკოსი და მიეცა საშუალება, დაეწერა ისეთი არტისტების შესახებ, როგორებიცაა ვიტო აკონჩი, ჩაკ ქლოუზი, გორდონ მატტა კლარკი და სხვები. ნემსერის ნამუშევრებმა მალევე მიიქცია ყურადღება და ის 1969 წელს ნიუ-იორკის ქალი არტისტების გაერთიანების წევრად მიიწვიეს. „ამ ვიზიტმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მებრძოლა ქალი ხელოვანებისთვის“ – დაწერა სინდიმ მის ავტობიოგრაფიულ წიგნში „Firebrand: Tales of the 70’s Art World Told by a Feminist Art Critic“. მან Artforum-ში დაიწყო მუშაობა და 1970 წლის მაისის ნომრისთვის ინტერვიუ ჩაწერა ევა ჰესსესთან, ესსე ლი კრასნერის ნახატების შესახებ შემდეგი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მის კარიერაში.
Artforum-ში მუშაობის დროს მან გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი ჟურნალი დაეარსებინა. პატრიცია მაინართან ერთად მან 1972 წელს შექმნა „Feminist Art Journal“, რომლის ანალოგი იმ პერიოდში არც მოიძებნებოდა. ამ ჟურნალის მთავარი მიზანი არტისტი ქალების წარმოჩენა და მათი პოპულარობის გაზრდა იყო. ეს პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ჟურნალი არამარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ არაერთ სხვა ქვეყანაშიც იყიდებოდა. ყოველთვიური ტირაჟი კი 8000 იყო. ჟურნალი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ კრიტიკოსები არასწორად აფასებდნენ ქალი არტისტების ნამუშევრებს.
„ხელოვნების ისტორია არანაირ ყურადღებას არ აქცევს ქალთა შემოქმედებას და მათ ნამუშევრებს. მათ არ სჭირდებათ კაცი მენტორები ან ხელმძღვანელები, მათ თავადაც შეუძლიათ, უნიკალური რამ შექმნან.“
1975 წელს ნემსერმა გამოაქვეყნა Art Talk, რომელიც არაერთ ინტერვიუს მოიცავდა ქალ არტისტებთან. მათ შორის იყვნენ ბარბარა ნეპვორტი, ევა ჰესსე, ლი კრასნერი, მარისოლ ელის ნილი და ლუიზა ნეველსონი. ეს ნაწარმოები იმდენად საინტერესო და პოპულარული აღმოჩნდა, რომ სინდიმ მეტ ქალზე დაწერა და მოცულობის გამო წიგნი გამოუვიდა. ეს იყო პირველი ნაწარმოები 1930-იანი წლების შემდეგ, რომელიც ქალ არტისტებზე იყო ფოკუსირებული. დღეს Art Talk კლასიკურ ნამუშევრად არის მიჩნეული და არაერთ ენაზეა თარგმნილა.
ნემსერმა კიდევ ორი წიგნი დაწერა, ერთ-ერთ მათგანის სახელწოდებაა „Ben Cunnigham, A life with Color“, მეორეს რაც შეეხება, ის ნოველაა, სახელწოდებით, „Eve’s Delight“. სინდი 1972-1975 წლებში Arts Magazine-ის რედაქტორი იყო. ამ დროს სამი საყურადღებო სტატია დაწერა, ასევე ჰქონდა ორი ინტერვიუ, ერთი – არტისტთან, რომელმაც გადაწყვიტა, იდენტობა დაემალა და მეორე – არტისტ სკოტთან.
ამდენი წარმატების მიუხედავად, ნემსერი მაინც არ გაჩერებულა და აგრძელებდა წერას, ლექციებს კითხულობდა მთელი კარიერის განმავლობაში და ექსკურსიებსაც აწყობდა. 1974 წელს ის იყო ფრეიშერის მემორიალური გალერეის კურატორი. შოუ იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ მის შესახებ New York Times-ის, the Philadelphia Inquirer-ის, და the Philadelphia Evening News-შიც იხილა სტატიები. სინდი მოწვეული ლექტორის პოზიციაზე მუშაობდა ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა იელის უნივერსიტეტი, მერილენდის ხელოვნების ინსტიტუტი, ბრუკლინის მუზეუმი და მრავალი სხვა. 1975 წელს მასთან ინტერვიუ ლეგენდარულმა კასპერ ციტრონმა ჩაწერა. 1990-იან წლებში მან გადაწყვიტა თეატრის კრიტიკოსიც გამხდარიყო, პუბლიკაციებს აქვეყნებდა Theater Guild Quartely-ისთვის, თუმცა ქალ არტისტებსა და მათ მიღწევებზე მუდმივად წერდა ჟურნალში.
2003 წელს სინდიმ ამერიკის შეერთებული შტატების ვეტერანთა ჯილდო მიიღო მისი წარმატებული კარიერის გამო. კრიტიკოსმა 2005 წელს დაწერა მემუარი, „Firebrand: Tales of the 70’s Art World Told by a Feminist Art Critic“, რომელიც მისი ავტობიოგრაფიაა. როგორც თავად აღნიშნა, ის საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც 1960-70-იან წლებში არსებობდა ქალი არტისტებისა და კრიტიკოსებისთვის. სინდი იყო ხელოვნების კრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციისა და სახელოვნებო კოლეჯების ასოციაციის წევრი, ამავდროულად – Women’s Caucus for Art საბჭოს წევრი 3 წლის განმავლობაში. 2011 წელს ისტორიკოსმა მიიღო აშშ-ის ვეტერანი ფემინისტი არტისტის ჯილდო.
სინდი ნემსერი 83 წლის ასაკში, 2021 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შვილმა, კეტრინ ნემსერმა გაავრცელა, მიზეზი პნევმონია აღმოჩნდა. მისი აქტივიზმის, ნამუშევრების და საქმიანობის გამო, სინდი ნემსერი ქალი არტისტებისთვის მუდმივად მისაბაძი ადამიანი იქნება. მისი წყალობით არაერთმა ხელოვანმა მოახერხა, თავიანთი ნამუშევრები საზოგადოებისთვის წარედგინა.