რას ფიქრობს ECB-ის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი კრიპტოაქტივებზე

გასულ კვირას, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა კრიპტოაქტივების შესახებ საკუთარი მოსაზრება Student Tour-ის ფარგლებში მკაფიოდ დააფიქსირა – ლაგარდის აზრით, კრიპტოაქტივები რისკიანი აქტივებია და ადამიანები მათ სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. ამასთანავე, ლაგარდის თქმით, კრიპტოაქტივების რეალური ღირებულება ნულს უდრის, რადგან ისინი არაფრითაა გამყარებული.

ფოტო: Peter Juelich/Bloomberg

„ბევრჯერ მითქვამს, რომ კრიპტოაქტივები ძალზე სპეკულაციური და რისკიანი აქტივებია. თუკი მათში ფულის დაბანდება გსურთ, ნება თქვენია! თუმცა, აუცილებელია, რომ ამგვარი ინვესტიცია იმ ადამიანებმა განახორციელონ, რომლებიც აცნობიერებენ, რომ შეიძლება, ყველაფერი დაკარგონ. აი, გასულ კვირას, კრიპტოაქტივების ღირებულება 20%-ით შემცირდა, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში. იმ ადამიანებზე ვღელავ, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კრიპტოაქტივები აუცილებლად მოგებას მოუტანთ და რისკებს სათანადოდ არ აფასებენ, შედეგად, ყველაფერს კარგავენ და გულდაწყვეტილნი რჩებიან. მჯერა, ეს სფერო უნდა რეგულირდებოდეს“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა ერთ-ერთი სტუდენტის შეკითხვის საპასუხოდ.

საინტერესოა, რომ ამ შეკითხვამდე სტუდენტებმა კრისტინ ლაგარდს ისიც ჰკითხეს, ფლობს თუ არა ის კრიპტოაქტივებს, რაზეც ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არა, რადგან სურს პრაქტიკაში მხოლოდ ის გამოიყენოს, რასაც ქადაგებს.

„იმ დღეს, როდესაც ECB საკუთარ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს, თითოეული ციფრული ევროს უკან ცენტრალური ბანკი იქნება. ეს მიდგომა კი, კრიპტოვალუტებისგან რადიკალურად განსხვავდება“, – განაცხადა ლაგარდმა.