2020 წლის 24 ივნისს აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის (The European Forum for Restorative Justice) ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე ქართველი იურისტი მაია ჩოჩუა ფორუმის ბორდის წევრად ოთხი წლის ვადით აირჩიეს.
მაია ჩოჩუა უკვე 20 წელზე მეტია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს სამხრეთ კავკასიაში სხვადასხვა სამართლებრივი რეფორმის გასატარებლად.
აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმი საერთაშორისო ქსელია, რომელიც აღდგენითი სამართლის კუთხით მომუშავე პრაქტიკოს იურისტებს, აკადემიურ პერსონალს და პოლიტიკის შემქმნელებს აერთიანებს. იგი ხელს უწყობს აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით კვლევების განხორციელებას, ეფექტიანი პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავებას ევროპასა და მის საზღვრებს მიღმა.