ამერიკული სტანდარტი რეპროდუქციულ მედიცინაში | ინტერვიუ ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ დამფუძნებელთან, ემბრიოლოგ ლიკა ჭყონიასთან

ინტერვიუ, რომელიც დღეს უნდა ჩავწერო, გამორჩეულია.

პირველი ბავშვი, რომელიც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციით დაიბადა; პირველი ბავშვი, რომელიც საქართველოში მამაკაცის მიკროქირურგიული ოპერაციის შემდეგ დაიბადა; პირველი ბავშვი, რომელიც საქართველოში გაყინული ბლასტოცისტისგან (მე-5 დღის ემბრიონი) დაიბადა; საქართველოში პირველად ჩატარებული ემბრიონის ბიოფსია პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი PGT-A-თვის – ყველა ამ უმნიშვნელოვანეს, ინოვაციურ და დარგისთვის საკვანძო პროცედურასთან ლიკა ჭყონიას სახელია დაკავშირებული.

წარმოგიდგენიათ ალბათ, ამ მიღწევებს საზღვარგარეთ როგორი ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ, რამდენ სახელმძღვანელოში შეიტანდნენ და რამდენად დეტალურად გაგვაცნობდნენ იმ ადამიანს, რომლის ძალისხმევით საქართველოში რეპროდუქციული დარგის ისტორიის პირველი ნაბიჯები დაიწერა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

„ფორბს ვუმენმა“ გადაწყვიტა, ამ სტატიით სწორედ ეს როლი შეასრულოს – გაგაცნოთ ადამიანი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მუშაობის 30-წლიანი სტაჟით, აქედან ამერიკის შეერთებულ შტატებში ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობის 8-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ადამიანმა, რომელმაც დარგის გამოწვევებთან შეგუებას და დიდ ორგანიზაციაში მშვიდად მუშაობას, მაღალი სტანდარტების ბაზარზე დამკვიდრება და საკუთარი კლინიკის გახსნა არჩია.

რეპროდუქცია სულ აინტერესებდა. როგორც თავად იხსენებს, ის კედელიც კი ახსოვს, რომელსაც ეყრდნობოდა, როცა ჰკითხეს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა სად უნდოდა – ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი დაასახელა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ეს ნატვრა მართლაც აუხდა.

შემდეგ იყო ამერიკა და ინ ვიტრო განაყოფიერების გურუებთან ერთად მუშაობა: ინტერვიუს დროს ბევრ სახელს ახსენებს, ბევრ დაწესებულებას, რომლებიც თავის დარგში ყველა წამყვანია – მაგალითად, ჯონსების სახელობის რეპროდუქციული ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნორფოლკში (Jons Institute for Reproductive Medicine – Susan Lanzendorf’s Lab Norfolk, Virginia, USA). სწორედ ამ კლინიკაშია დაბადებული აშშ-ში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერებით (IVF) ჩასახული ბავშვი. ასევე, Mount Sainai Hospital და OFRM (Оffices for Fertility and Reproductive Medicine NY, NY,USA).

ამერიკაში დიდ გამოცდილებას იღებს, თუმცა 2000 წელს შვილთან ერთად თბილისში ბრუნდება, რადგან „სახლში უკეთესია“.

2012 წლის ივლისში ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტს ხსნის, რომლის დირექტორიც თავად ხდება, კლინიკური ნაწილის სამეცნიერო ხელმძღვანელობას კი – ნიუ იორკის უნივერსიტეტის ნაყოფიერების ცენტრის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკკალას (Ph.D./H.C.L.D./C.C) აბარებს. დოქტორი მაკკალა ინ ვიტრო განაყოფიერების (In Vitro Fertilization) სფეროში 1983 წლიდან მუშაობს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და მონოგრაფიის ავტორია.

კლინიკის ძირითადი პროფილი ყველა ტიპის უშვილობის მკურნალობა და კვლევაა. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება კი ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობაა. კლინიკაში ყველა იმ მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, რომელიც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას უკავშირდება.

თბილისის გარდა, რეპროარტი პაციენტებს ქუთაისსა და ბათუმშიც ემსახურება. 30 წლიანი გამოცდილება რეპროდუქციულ მედიცინაში, უშვილობის მკურნალობის პროცესში მიღწეული წარმატებები და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (Assisted Reproductive Technologies – ART) მიღებული საუკეთესო შედეგები კლინიკას რეგიონში ლიდერ პოზიციაზე აყენებს.

2020 წელს, გენეტიკური კვლევების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ლიკა ჭყონიამ აშშ-ში მოღვაწე ქართველ მეცნიერებთან ერთად, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, გენომიქსი – ახალი, მაღალტექნოლოგიური, ბიოსამედიცინო კვლევის და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი დააფუძნა.

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობას რეპროარტის გუნდი დაარსების დღიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პერიოდი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ლიკა ჭყონიას ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI) გაკეთდა. დღესდღეობით, რეპროარტი აქტიურად ავითარებს მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის მიმართულებას და სამომავლოდ გეგმავს სხვა ინოვაციური სერვისების დანერგვას.

კომპანიისთვის ქალების გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იგი წლებია ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის – UN Women Georgia-ს პარტნიორია. ჯამში რეპროარტსა და გენომიქსში 149 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 121 ქალია.

მთავარი ხელწერა კი მაინც ის არის, რომ მეცნიერებას აქ წამყვანი როლი უჭირავს – არცერთი გადაწყვეტილება მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტების გარეშე არ მიიღება, რაც პაციენტების თვალში ქართულ-ამერიკულ კლინიკას სანდოობას და საიმედოობას უზრდის.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ლიკა ჭყონია საქართველოს რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარეა, რომელიც საქართველოში რეპროდუქციის დარგში მოღვაწე კლინიკებს აერთიანებს. ის ასევე ESHRE-ს (ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის საზოგადოება, რომელიც ევროპის მასშტაბით რეპროდუქციული ჯანმრთელობის ნაწილში პოლიტიკის გადაწყვეტებს აგენერირებს) სამეცნიერო ჯგუფის თავმჯდომარე და სამეცნიერო კომიტეტის წევრია. 2018 წლიდან ლიკა ჭყონია ევროპის IVF (ინ ვიტრო განაყოფიერების) მონიტორინგის კონსორციუმის წევრიცაა.

თითქმის 10 წელია, რაც ამ საქმეს უკვე დამოუკიდებლად, რეპროარტთან ერთად ემსახურებით – რა განვითარება მოიტანა ამ წლებმა?

ბოლო პერიოდში ბევრი საინტერესო სიახლე მოხდა. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სასერტიფიკაციო ორგანოს TÜV (Technischer Überwachungs-Verein) AUSTRIA-ს მიერ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატი მივიღეთ. ISO 9001:2015 სერტიფიცირებით რეპროარტის მომსახურების მაღალი ხარისხიც დადასტურდა.

ბიოსამედიცინო კვლევისა და გენეტიკური დიაგნოსტიკის ცენტრი – გენომიქსი გავხსენით. ესეც ჩვენი ჰოლდინგის ქვეშ არის. ლაბორატორია ვალიდაციას გადის და სულ მალე, ადგილზე გაკეთდება უმნიშვნელოვანესი კვლევები. გვჯერა, რომ ძალიან ბევრ პაციენტს მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის უზარმაზარი თანხები არ იხადოს, რასაც უცხოეთში სთხოვენ. ძალიან გვინდა, საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, მათთვის საჭირო კვლევები ჩაიტარონ და ფასებიც იყოს ხელმისაწვდომი.

ამას გარდა, ძალიან გვინდა, მამაკაცის უნაყოფობას დავუთმოთ მეტი დრო. ევროპელებთან ერთად ვართ ჩართულები ძალიან საინტერესო გრანტში, რომლის მიზანიცაა, რომ ჩვენი მიგნებები ევროპელებს გავუზიაროთ და პირიქით, მათაც გაგვიზიარონ ის სიახლეები და ახალი ცოდნა, რასაც დანერგავენ.

საბოლოო ჯამში, მამაკაცის უნაყოფობის შესახებ ცნობიერება უნდა ავამაღლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მამაკაცები შეძლებენ სწორი პროფილის ექიმს დროულად მიმართონ და ექიმებიც შეძლებენ, მამაკაცებს დროულად და სწორად უმკურნალონ.

რა არის თქვენი მთავარი მისია?

ჩვენ მტკიცებითი მედიცინის მიმდევრები ვართ. არ ვაპირებთ რაიმე ტიპის ექსპერიმენტული მეთოდები შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს. ჩვენი მიდგომაა, სამეცნიერო კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგებისა და ინფორმაციის ინტეგრირებით შევიმუშაოთ ახალი ტიპის სერვისები.

რამდენიმე მიზანი გვაქვს.

ვცდილობთ, ახალი ინოვაციები იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მოქალაქეებისთვის – ამისთვის დავაარსეთ გენეტიკური ლაბორატორიაც.

ვცდილობთ, პაციენტებს შევუმციროთ მკურნალობის დრო და ამით გავზარდოთ ჩვენთან მიმართვიანობა.

ვცდილობთ, პაციენტს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და საშუალება მივცეთ, რათა გამოიყენოს ყველა შანსი. ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს მედიკამენტები პაციენტს იმაზე ძვირი უჯდება, ვიდრე მკურნალობა, ამიტომ ისეთ მკურნალობას ვთავაზობთ, ინდივიდუალურ გეგმას ვუსახავთ, რომელიც კონკრეტულად მის საჭიროებებზე იქნება მორგებული და გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე სტანდარტული მკურნალობა. პაციენტმა უნდა იცოდეს თავისი ორგანიზმის შესაძლებლობები და წარმატების მიღების შანსები, მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ჩვენ რაც შეგვიძლია ის არის, რომ ყოველ მათგანს მივცეთ შესაძლებლობა, რომ სცადონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორი ბიზნესია თქვენი ბიზნესი?

იმაზე ბევრად ეთიკური, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე ბიზნესი. ჩვენი პრინციპული მიდგომაა, არასდროს არ მოვატყუოთ ჩვენი პაციენტი. რეკლამაც კი არასდროს იყოს შეცდომაში შემყვანი. რთული მისია გვაქვს – როცა პირველი ხარ, ვინც პაციენტს ეუბნები, რომ მას ასეთი დიდი პრობლემა აქვს, პაციენტების ნაწილს ისეთი იმედგაცრუება ეუფლება, რომ შეიძლება დროებით მკურნალობაზეც კი თქვას უარი – თუმცა, როგორც წესი, გამოსავლისთვის მაინც უკან გვიბრუნდება. პაციენტის ნდობის გამართლებას სწორი ხედვა სჭირდება, რაც ყოველთვის ბიზნეს მიდგომას არ ნიშნავს.

რას გულისხმობთ?

კონკრეტულ მაგალითზე ავხსნი. ლაბორატორიული ჰაერი უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ ჰაერში შეწონილმა პატარა ორგანულმა ნაწილაკებმა შესაძლოა არა მხოლოდ ემბრიონის ხარისხზე იმოქმედოს, არამედ მთელი გენეტიკური სურათიც კი შეცვალოს.

ამიტომ – ჩვენ მთელი შენობისთვის ცალკე ვენტილაციის სისტემა გვაქვს; ხოლო ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილებისათვის – ცალკე.

ამას არავინ გვავალდებულებდა, მსგავსი სტანდარტი არ არსებობს არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც, მაგრამ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ეს თანამედროვე მიდგომა და ცოდნა დაგვენერგა და ამით გაგვეუმჯობესებინა ჩვენი შედეგები.

ასეთი ტიპის სისტემა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა ჩვენ ამის გამო სერვისების საფასური არ გაგვიზრდია.

დღეს ამ ინოვაციით საქართველოში რეპროარტი ერთადერთი კლინიკაა, რომელსაც ჰაერის ასეთი რთული სავენტილაციო სისტემით მოწყობილი ლაბორატორია აქვს.

რამდენად ხელმისაწვდომია ეს ინოვაციები და ცოდნა?

თანამედროვე ცოდნა ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია. ყველაფერი გამოქვეყნებულია. უნდა წაკითხვა და სწორად დანერგვა. ადამიანს უნდა უნდოდეს კითხვა, მუდმივად.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ESHRE-სთან ასოცირება, ცხადია, ამ თვალსაზრისით დამატებითი კონკურენტული უპირატესობაა – ევროპასთან დაკავშირებული ინიციატივები იქ მუშავდება, შესაბამისად, ბევრი ტენდენცია მის დანერგვამდე უკვე ხელმისაწვდომი ხდება.

ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში ჩვენი ჰაერის მაგალითს რომ დავუბრუნდე, არ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ცოდნაა. არა, ეს გამოქვეყნებული ცოდნაა. ამერიკელი კონსულტანტიც გვყავდა და ისიც დაგვეხმარა ლაბორატორიის გამართვაში.

კონკურენცია თქვენს დარგში მაღალია?

ეს დარგი ჩვენთანაც სწრაფად და წარმატებით ვითარდება. კონკურენციაც მზარდია. ეს კარგია: როცა კონკურენციაა, ყველა ცდილობს, რომ სერვისის ხარისხი გააუმჯობესოს და თავისი მუშაობის დონე ასწიოს.

თუმცა, მეორე მხრივ, ამ ხარისხის შემოწმების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. დღეს ასეთი ვითარებაა – არაფერი იზომება, კლინიკების მონაცემები და შედეგები გამჭვირვალე არ არის. ამერიკაში, მაგალითად, როგორც კი კლინიკების რეგისტრი შეიქმნა და კლინიკების მონაცემების გამჭვირვალედ გამოქვეყნება დაიწყეს, მათმა დონემ მნიშვნელოვნად აიწია.

ხარისხის შედარება თუ გვინდა, გაზომვად შედეგებზე ხელი უნდა მიგვიწვდებოდეს. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს და იმედი მაქვს, საუკეთესო პრაქტიკის უფრო ფართოდ დანერგვასაც შევძლებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ეთიკური ნორმების დაცვა, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა, ვინაიდან ეთიკა ხარისხის განუყოფელი ნაწილია.

ვფიქრობ, სწორედ ამ გარემოებების ერთობლიობა ქმნის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის.

მარტო ხართ ამ ძალისხმევაში თუ გყავთ თანამოაზრეებიც?

კლინიკებმა საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია შევქმენით. ჩვენი მიზანია, ინ ვიტრო განაყოფიერების დარგი კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ. ამისთვის აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ სამინისტროსთან, პარლამენტთან და ჩვენი სფეროს პროფესიონალებთან.

პირველი შედეგი უკვე გვაქვს: რეგულირების სააგენტოსთან ერთად მოვამზადეთ კლინიკების ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკების მონიტორინგს იმ მინიმალური სტანდარტის მიხედვით, რაც მნიშვნელოვანია მათი ფუნქციონირებისთვის.

შემდეგი ნაბიჯი რეესტრის ამოქმედება იქნება.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ზოგადად, ჩვენი დარგი დაურეგულირებელია და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო გვექნება.

თუმცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენ გვაწუხებს ის ფაქტი, რომ გარკვეული გარე ძალები ცდილობენ პაციენტებსა და ექიმებს შორის უკმაყოფილება ჩამოაგდონ. 100%-იანი წარმატება ჩვენს სფეროში უბრალოდ არ არსებობს, ამიტომ პაციენტებსაც სხვადასხვა ტიპის მიდგომა აქვთ, როცა საქმე წარუმატებელ შემთხვევებს ეხება.

როგორ აპირებთ ამ მოცემულობას უპასუხოთ?

ვაპირებთ, უფრო მეტად წარმოვაჩინოთ, როგორ თავდაუზოგავად შრომობენ ექიმები და ემბრიოლოგები იმისთვის, რომ დადებითი შედეგი მიიღონ. მათ არ აქვთ ნორმირებული დღე; მათ არ აქვთ გამოკვეთილი დასვენების დღეები. ისეთი სიურპრიზები შეიძლება მოახდინოს ადამიანის ორგანიზმმა, რომ სხვა გზა არაა, პაციენტის საჭიროებებს უნდა მოერგო, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმები მომენტალურად უნდა შეცვალო და კლინიკაში მიხვიდე.

ვაპირებთ, პაციენტებს ვაჩვენოთ, რამხელა ცოდნაა დაგროვილი მათი მკურნალობის მიღმა – სულ ვსწავლობთ, რომ პაციენტებს ისე ვუმკურნალოთ, რომ მათი ორგანიზმის შესაძლებლობები სწორად და მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ყველა კლინიკის ერთობლივი აზრია, რომ პაციენტებს ეს ინფორმაცია უფრო პროაქტიურად უნდა მივაწოდოთ.

რამდენად მარტივია ეს კომუნიკაცია? ადამიანების უმრავლესობა თქვენ, როგორც ბოლო იმედს ისე განგიხილავთ, ამიტომაც არის ხშირად მათთვის წარუმატებლობა მძიმედ აღსაქმელი – ასე არ არის?

გეთანხმებით. თუმცა, კიდევ ერთი მომენტია – ინ ვიტრო განაყოფიერება ბოლო ეტაპად აღიქმება, არადა, არ არის ბოლო. შეუძლებელს ვერ გავაკეთებთ, ორგანიზმს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ორსულობა და ჯანმრთელი ბავშვი მოავლინოს ამქვეყნად. ბევრი პაციენტი ელოდება, რომ რადგან აქ მოვიდა, აუცილებლად დაორსულდება.

კომუნიკაცია მართლაც რთულია, თუმცა ამ სირთულეს სხვადასხვა მეთოდით ვებრძვით. ძალიან დეტალურ კონტრაქტებს ვაფორმებთ, სადაც პრაქტიკულად ყველა შესაძლო სცენარია განხილული და ყველა შესაძლო შედეგები იდენტიფიცირებული და აღწერილი. პაციენტს ექმნება წარმოდგენა, რა ეტაპზე რა შეიძლება მოხდეს, რა დროს შეიძლება გვიღალატოს ორგანიზმმა.

რადგან კარგად გვესმის, რომ ჩვენი – ექიმების ენა ზოგჯერ ზედმეტად პროფესიონალური და ტექნიკურია, ამიტომ ვცდილობთ, პაციენტთან კომუნიკაციაში ჩავრთოთ ყველა რგოლი – ექთანი, IVF კოორდინატორი, და ა.შ. – არასამედიცინო პერსონალიც კი, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია მარტივ ენაზე კომუნიკაცია იმისთვის, რომ პაციენტი ყველა ტიპის შედეგისთვის მაქსიმალურად მზად იყოს.

შევაჯამოთ: რა არის რეპროარტის (და გენომიქსის) მთავარი ღირებულება?

ინოვაციების შემოტანა, სერვისის მაღალი სტანდარტი და ხელმისაწვდომობა, ქალებისა და კაცების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე თანაბრად ზრუნვა, სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და რაც მთავარია – იმ ოცნების ასრულება, რასაც შვილის ყოლა ჰქვია.