თუ თვლით, რომ კომუნიკაციების სფეროში, რომელიმე კომპანია არასათანადოდ გემსახურებათ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა და არ იცით როგორ დაიცვათ ის, გვანცა ჩხეიძეს უნდა მიმართოთ, ის კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველია, უფრო მოკლედ Communications Ombudsman!
უფლებების დაცვა გვანცამ 19 წლის წინ აირჩია, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. პროფესიის არჩევაზე გავლენა 90-იან წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობამ განაპირობა, პროცესები ოჯახს და, უფრო კონკრეტულად, მამას პირადად შეეხო. ამის მერე გადაწყვიტა ადამიანის უფლებებსა და ინტერესების დაცვაზე ეზრუნა.
„ის რომ წარმატება საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა, გათვითცნობიერებული მქონდა მაშინაც კი, როცა პროფესიის არჩევანს ვაკეთებდი, ვინაიდან ვიცოდი, თუ რა გამოწვევების წინაშე ვიქნებოდი იურისტის პროფესიაზე არჩევანის გაკეთების შემდგომ. რომ არა ძლიერი სურვილი გავმხდარიყავი იურისტი ‒ უფლებადამცველი, ალბათ ვერ შევდგებოდი ისეთად, როგორიც ვარ დღეს“
გვანცას ბიოგრაფიაში განათლებაზე ჩანაწერი აქ არ სრულდება. მოგვიანებით, დიპლომატიით დაინტერესდა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლა დაამთავრა. გასულ წელს სამართალს ისევ მიუბრუნდა და პროფესიული საზღვრები გააფართოვა. ახლა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მაგისტრის ხარისხს იცავს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში.
მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის აპარატი მისი პირველი სამსახური არ არის საჯარო სექტორში, ამ მიმართულებით გვანცა ჩხეიძეს უკვე 15 წლიანი გამოცდილება დაუგროვდა. მანამდე, წლების განმავლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. მათ შორის, ამ სამინიტროში თითქმის 10 წლის განმავლობაში იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„მიუხედავად აღნიშნული სამუშაო გამოცდილებისა და მიღებული განათლებისა, არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეული შედეგით, ყოველთვის ვთვლი, რომ მეტის გაკეთება შემიძლია და ვარ მუდმივი განვითარებისა და სიახლის ძიებაში, რაც საუკეთესო მოტივაციაა დასახული მიზნის მისაღწევად“
როცა ეკითხები კომუნიკაციების სფეროში უფლებების დაცვით რატომ დაინტერესდა, მარტივად გპასუხობს, რომ საკუთარ შესაძლებლობებს ერთგვარი გამოცდა მოუწყო. იცოდა, რომ პროფესიული შესაძლებლობების გამოყენება სხვა სფეროშიც წარმატებით შეეძლო, ამიტომ დაინტერესდა ვაკანსიით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში გამართულ კონკურსში, წარმატებით გაართვა თავი და არჩეულ იქნა პარლამენტის მიერ, 2019 წლის აპრილიდან კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველად, რიგით მეოთხე!
კომუნიკაციების ომბუდსმენი – რას გულისხმობს თქვენი პოზიცია, რა არის თქვენი მთავარი ვალდებულება?
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. დამცველი განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, რაც საკმაოდ ფართო ფუნქციაა და მოიცავს, როგორც სამსახურში შემოსულ მომხმარებელთა განცხადება-საჩივარზე რეაგირებას, ასევე მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. დამცველი მოხმარებელს მომსახურე კომპანიასთან დავაშიც წარმოადგენს, როგორც მარეგულირებელ ორგანოში, ისე სასამართლოში. ამას გარდა, ომბუდსმენი აფასებს მომხმარებელზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებების გავლენის შედეგებს. ის მონაწილეობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების, პროექტების მომზადებაში, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.
საინტერესოა, რამდენად არის მომხმარებელი ინფორმირებული თქვენი სამსახურის თაობაზე, იყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას და იცნობენ თუ არა საკუთარ უფლებებს?
დღეისთვის, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება. მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული, თუ რა უფლებები აქვთ კომუნიკაციების სფეროში, არ იციან, რომ არსებობს ჩვენი სამსახური, რომელიც მათ უფლებების დაცვაში დაეხმარება. თუმცა ამის მიუხედავად, მიმართვიანობის მაჩვენებელი ზრდადია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომუნიკაციების დარგში დამცველის სამსახურის არსებობის მნიშვნელობაზე.
რას აკეთებს თქვენი სამსახური მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით?
მომხმარებელთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად სამსახურს უკვე დაწყებული აქვს გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება სამიზნე ჯგუფები და პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმება ღონისძიებები. პარალელურად მიმდინარეობს კამპანია ‒ „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ‒ რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გულისხმობს. უკვე შედგა პირველი შეხვედრა ზემო აჭარის მოსახლეობასთან.
სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში, მოქალაქეებს არ აქვთ მაღალი ნდობა საჯარო სამსახურების მიმართ, როგორ უნდა დარწმუნდეს მომხმარებელი, რომ თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი მათი უფლებებია და, არა, მაგალითად, კომპანიების?
ჩვენი სამსახურის კანონისმიერი ვალდებულებაა მომხმარებელთა ინტერესების დაცვა მომსახურე კომპანიასთან დავაში, მათი ადვოკატირება როგორც მარეგულირებელ ორგანოში, ისე სასამართლოში და გაწეული საქმიანობის თაობაზე საზოგადოებისთვის ანგარიშის მიწოდება. დღეის მდგომარეობით, არსებული სტატისტიკის მიხედვით, საჩივრის განხილვის შედეგად დაკმაყოფილებულ მომხმარებელთა მაჩვენებელი მატულობს, რაც იმის დასტურია, რომ სამსახურის საქმიანობა ეფექტურია და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული.
რა ტიპის გამოწვევებია დღეისთვის კომუნიკაციების ბაზარზე, რომელიც 21-ე საუკუნეში საკმაოდ ბევრ სფეროს მოიცავს?
21-ე საუკუნეში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარი ძალიან ფართოა და მოიცავს ბევრ სფეროს, ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები. შესაბამისად, ბაზარზე არსებული კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის მომსახურებას. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროცესში სამსახური ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე, რაც გულისხმობს მომსახურე კომპანიების მხრიდან შეთავაზებული მომსახურების გაწევის დროს დარღვევებზე სწრაფ რეაგირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, რომელიც, ცხადია, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისკენ იქნება მიმართული.
რამდენად გამართულია კომუნიკაციების სფეროში ქართული კანონმდებლობა?
კანონმდებლობა, როგორ ცოცხალი ორგანიზმი, კანონშემოქმედებით პროცესში მოითხოვს თანამედროვეობის შესაბამისი გამოწვევების კვალდაკვალ განახლებასა და შესაბამისობაში მოყვანას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება მოახდინოს ქართული კანონმდებლობის დაახლოება/ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აღნიშნული ვალდებულება ხელისუფლების ყველა შტოს მიერ კომპლექსურად შესასრულებელი ამოცანაა და, სასიხარულოა, რომ ეს პროცესი, ქვეყანაში წარმატებულად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისევე როგორც ადამიანის სხვა უფლებები, დღეის მდგომარეობით ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობა, კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებაა. აქვე, აღვნიშნავ, რომ იხვეწება კანონმდებლობა კომუნიკაციების სფეროში, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კანონმდებლობის განახლებაზე, რომლის მთავარ მიზანს დარგში არსებული სიახლეების და გამოწვევების გათვალისწინებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სრულყოფილი გარანტიების შექმნა წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემის საკითხს, უაღრესად დიდი ყურადღება ეთმობა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში. ჩემი, როგორც კომუნიკაციების ომბუდსმენის კანონისმიერ უფლებამოსილებასა და ვალდებულებას წარმოადგენს, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის კიდევ უფრო სრულყოფა ჩემთვის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
მომავლის რა გამოწვევები არსებობს ინტერნეტ ეკონომიკის კვალდაკვალ?
დღევანდელი თაობის ბავშვებისთვის ინტერნეტი და მისგან გამომდინარე სხვადასხვა გასართობი საშუალებები (ინტერნეტ თამაშები, YouTube და სხვ.) ყოველდღიური ცხოვრებისა და აზროვნების განვითარების განუყოფელი ნაწილია, სადაც მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ისეთ უსაფრთხო მეთოდების გამოყენებაზე, რითაც თავიდან იქნება აცილებული ინტერნეტის გამოყენების გვერდითი და მავნე შედეგები. ასევე, საგულისხმოა, რომ დღის წესრიგში დგება სოციალური მედიისა და ინტერნეტ ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ყოველდღიურობასთან. უკვე არსებული პლატფორმები Viber, WhatsApp, Facebook, Twitter არის თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები, რომელიც კომუნიკაციის სფეროში ყოველდღიურად ცვლის თამაშის წესებს და, შესაბამისად, ქვეყნის კანონმდებლობის მოდიფიკაციაც ვთვლი, რომ თან უნდა სდევდეს ამ ტრენდს. ევროკავშირის და წამყვანი ქვეყნების კანონმდებლები აქტიურად მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით. მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოვახდინოთ ქვეყნის კანონმდებლობის ადაპტირება თანამედროვე ამ სახის გამოწვევებთან.
მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზრუნვის პარალელურად გვანცა უკვე სამი წელია საკუთარ გამოცდილებას სტუდენტებს უზიარებს. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიწვეული ლექტორია სალექციო კურსებზე: ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, დიპლომატიური და საკონსულო სამართალი. როცა წარმატებაზე ეკითხები, ამბობს, რომ ყველა ადამიანისთვის შეფასების საზომი ინდივიდუალურია და წარმატებაც ‒ სხვადასხვაგვარი:
„ჩემთვის მიუღებელია დასახული მიზნისკენ სწრაფვა ნებისმიერი საშუალებებით. ვფიქრობ, ადამიანმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს, არ გადაუხვიოს მთავარ ღირებულებებსა და ფასეულობებს. ამასთან მნიშვნელოვანია არ დაირღვეს ბალანსი საკუთარი თავის რწმენასა და თვითკრიტიკას შორის“
ავტორი: სოფო ბერიძე
ფოტო: ანა ბოკო