ექიმობა მისთვის, ყოველთვის ბედნიერებასთან ასოცირდებოდა. ბავშვურმა წარმოდგენებმა ექიმის პროფესია იმდენად შეაყვარა, რომ ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება მიაღებინა. ასე გახდა ხათუნა ჩიტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. შემდეგ ვიწრო სპეციალობად ოტორინოლარინგოლოგიას ირჩევს და უკვე 10 წელზე მეტია ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგი ოტორინოლარინგოლოგია.
მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, ხათუნა ჩიტაძე პროფესიული არჩევანით კმაყოფილია. ამბობს, რომ ექიმობა ნამდვილად მისი საქმეა და რომ სხვაგვარად ექიმის ტვირთის ტარება გაუჭირდებოდა.
„პროფესიულმა მოლოდინმა გაამართლა, როცა მადლიერ პაციენტებს ვხედავ, მართლაც ბედნიერი ვარ. დღემდე მახსოვს ყველა ასეთი შემთხვევა და დღემდე ასეთ ამბებს ემოციების გარეშე ვერ ვიხსენებ“.
პროფესიულ საქმიანობას სტუდენტობიდან იწყებს, ეს დროში რთულ 90-იან წლებს ემთხვევა, ამიტომაც მეორე კურსის სტუდენტი ხათუნა სამედიცინო ცენტრ „ჯო ენ“-ში უმცროს ექიმად მიდის, იქ მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას ფასდაუდებელს უწოდებს.
„ჯო ენ“-ის კლინიკამ ბევრი რამ მასწავლა. იქ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება დღემდე მომყვება. დავაფასე ექთნის და სანიტრის პროფესიები, რომელთა გარეშეც ექიმის საქმიანობა შეუძლებელია“.
„ჯო ენ“-ის სამედიცინო ცენტრის გარდა, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამდე ხათუნა ჩიტაძის პროფესიულ ბიოგრაფიაში იყო, სამედიცინო ცენტრი „ღია გული“, იოაკიმ და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, შპს 21-ე ბავშვთა პოლიკლინიკა, 2017 წლიდან დღემდე ხათუნა ტატიშვილის სახელობის ცენტრშიც საქმიანობს.
რატომ ოტორინოლარინგოლოგია?
„როცა კურაციას გავდიოდი ძალიან საინტერესოდ მეჩვენა ეს მიმართულება. მუდმივად ნეიროფიზიოლოგიის გარშემო ვტრიალებდი, მაშინ ვფიქრობდი ნევროლოგიაზეც, ოფთალმოლოგიაზეც, ერთ დღესაც მივხვდი, რომ ნეიროფიზიოლოგიიდან გამომდინარე, ის რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა ოტორინოლარინგოლოგია იყო. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის სპეციალობაა, სადაც ცხოვრების ბოლომდე სიამოვნებით ვიმუშავებ“.
ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით ხათუნა რეზიდენტურას სამედიცინო აკადემიაში გადის, პრაქტიკულ გამოცდილებას პრაღაში მოტოლის საუნივერსიტეტო კლინიკასა და პარიზში ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაში იღებს. ხათუნა ჩიტაძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, მისი სადოქტორო თემა იყო „ლატენტური მასტოიდიტის მკურნალობის ახალი ქირურგიული ტაქტიკა“.
მერე რა, რომ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან უკვე ათი წელი გავიდა? პირველი პაციენტი და მისი მდგომარეობა დღესაც კარგად ახსოვს. ხათუნა იხსენებს, რომ მაშინ გული ისე უცემდა, როგორც მისაღები გამოცდების წინ, ეშინოდა გამოუსწორებელი შეცდომა არ დაეშვა, მკურნალობა კი, რომელიც პაციენტს დაუნიშნა ხელმძღვანელობასთან არაერთხელ გადაამოწმა.
„პირველი პაციენტი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ქრონიკული ტონზილიტით და ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა, ჩავატარეთ ქირურგიული ჩარევა, არანაირი გართულება არ ყოფილა. პაციენტს თითქმის ყოველდღე ვურეკავდი, რათა ზუსტად მცოდნოდა როგორ მიდიოდა გამოჯანმრთელების ეტაპი“.
მის ცხოვრებაში იყო კარიერული სირთულეები და უხერხული კითხვებიც. რა ესაქმება ქალს ქირურგიაში? მაგრამ ხათუნას ეყო ძალა, რომ სხვებისთვის ყურადღება არ მიექცია, რადგან ზუსტად იცოდა რისი კეთება სურდა და ზუსტად იცოდა, რომ მიზნიდან არ უნდა გადაეხვია. ამბობს, რომ მაქსიმალისტია და ეს ის არის, რაც პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან გამოდგა.
„ჩემი შვილი მომავალი მხატვარია. სულ ვამბობდი, რომ მე ხატვა არ გამომდის, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ თუ ქირურგიულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, გამომდის, ოღონდ ჩემს პროფესიაში. როცა პროფესიას ვირჩევთ, მჯერა რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ადამიანმა მოინდომოს და მიზანს აუცილებლად მიაღწევს“.
ხათუნა ჩიტაძის დილა 7 საათზე იწყება. დღის გამავლობაში, სხვადასხვა კლინიკებში 30-დან 35-მდე პაციენტს იღებს. სამუშაო დღე არ სრულდება მაშინაც, როცა კლინიკიდან სახლში ბრუნდება, სწორედ მაშინ პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია იწყება, საქმე ზოგჯერ იქამდე მიდის, რომ მისი შვილი პაციენტებზე ეჭვიანობს, ეს ბუნებრივია ხუმრობით, თუმცა სიმართლე ის არის, რომ პაციენტები ხათუნასთვის თითქმის ოჯახის წევრები ხდებიან.
რა არის მთავარი იმისთვის, რომ ექიმმა პაციენტების ნდობა მოიპოვოს? ვაგრძელებ კითხვებს და პასუხებსაც მარტივად ვიღებ. ხათუნა მაშინვე გვეუბნება, რომ მთავარი გულისხმიერებაა.
„ექიმი უნდა იყოს გულისხმიერი, რათა პაციენტი დარწმუნდეს, რომ მისი მართვა შეუძლია. შეიძლება შევეჯახო რაიმე ისეთ პრობლემას, რომელსაც მე ვერ ვაგვარებ, აუცილებელია შევძლო და პაციენტი სწორად გადავამისამართო იმ ადამიანთან, ვინც მას არსებულ პრობლემას მოუგვარებს. ნდობის მოპოვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მადლიერ პაციენტს, ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციის ეფექტის მატარებელია. მჯერა, რომ მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდილება არაფერია, თუ პაციენტებს ისე არ მივუდგებით, როგორც ჩვენს საკუთარ ოჯახის წევრებს“.
ხათუნა ძირითადი დატვირთვით ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში საქმიანობს. ამბობს, რომ ეს არის ადგილი სადაც ექიმის შრომა დაფასებულია, პაციენტებს კი შესაძლებლობა აქვთ ყველა საჭირო მომსახურება მიიღონ, ისე რომ საბოლოოდ კმაყოფილები დარჩნენ.
ხათუნა ჩიტაძე გვეუბნება, რომ წარმატებული საექიმო კარიერა მუდმივ თვითგანვითარებას საჭიროებს, ეს მათ შორის იმიტომაც, რომ 21-ე საუკუნეში მედიცინა ელვის სისწრაფით ვითარდება.
„უნივერსიტეტი, რეზიდენტურა, მაქსიმალურ განათლებას ვერავის მისცემს, თან ექიმობა ის სპეციალობაა, რომელიც მუდმივ სწავლას, კვალიფიკაციის ამაღლებას საჭიროებს. თანამედროვე სიახლეებს კვალდაკვალ უნდა მივყვეთ. ვცდილობ წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ გავიდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იქნება ეს ვორქშოფები, კონგრესები, ევროპის ექიმთა ასოციაციის შეხვედრები, რომლის წევრიც ვარ. ასეთ ღონისძიებებზე ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, ეს ყველაფერი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით დიდ შესაძლებლობებს იძლევა“.
პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ხათუნა ჩიტაძე მომავალ კოლეგებს ურჩევს ამ რთულ გზაზე არ მოდუნდნენ და მზად იყვნენ თავდაუზოგავი შრომისთვის. ასეთ რჩევებს ახლა ის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც აძლევს, აკადემიურ საქმიანობას ბედნიერ საათებს უწოდებს.
„სტუდენტებთან ურთიერთობა ემოციურად ძალიან მავსებს. ძალიან საინტერესო და მოტივირებული მომავალი თაობა გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი მუშაობს კიდეც, განათლების მხრივაც ბევრს შრომობენ, თითოეული მათგანი მეამაყება. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. მათ გამო თავს არ ვზოგავ, ვცდილობ დავაკვალიანო როგორ აიმაღლონ განათლება, როგორ დაუკავშირდნენ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას, როგორ შეძლონ სამედიცინო კონგრესებში მონაწილეობა, რადგან ამის გარეშე წინსვლა და წარმატება მიუღწეველია“.
სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში არსებულ მედიცინის დონეს განსაზღვრას. ხათუნა ჩიტაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიცინის დონე დაბალია, მეტიც, გვეუბნება, რომ არის კონკრეტული ნოზოლოგიები, რომელთა მართვა ჩვენს ქვეყანაში ბევრად უკეთ ხდება, ვიდრე მაგალითად, სამედიცინო ტურიზმით განსაკუთრებულად სახელგანთქმულ თურქეთში.
„პირადად მეც მყოლია ბევრი პაციენტი, რომელიც ჩემამდე სწორედ სხვა ქვეყანაში დასმული არასწორი დიაგნოზით, ან მკურნალობის არასწორი ტაქტიკით მოსულა. ამიტომ იმის თქმა, რომ აუცილებელია ყველანი სხვაგან წავიდეთ არასწორი მგონია. ცხადია, არის შემთხვევები, რომელთა მართვა საქართველოში ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში იმ მომსახურების მიღება, რაშიც სხვაგან უზარმაზარ თანხებს იხდიან, საქართველოშიც არის შესაძლებელი“.
ხათუნა ჩიტაძეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის შესახებაც ვკითხეთ, რადგან ხშირია საუბრები, იმის თაობაზე რომ დაავადებების გართულების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის არის, რომ თითქოს საქართველოში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა ჯერ ისევ დაბალ დონეზეა. ჩვენს კითხვაზე პასუხად, ხათუნა ექიმი გვეუბნება, რომ ახალგაზრდა თაობა ამ მხრივ მისაბაძია და ტენდენციებიც ბევრად უკეთესი.
„ჩემი დაკვირვებით, ახალგაზრდები უფრო მეტად ცდილობენ, რომ ექიმთან პატარა ჩივილების შემთხვევაშიც კი მივიდნენ, არ დაზოგავენ დროს საკუთარი ჯანმრთელობისთვის, განსხვავებით ძველი თაობისგან. შედარებით ასაკოვანი ადამიანები, ვიდრე ძალიან არ გაუჭირდებათ არ ან ვერ მიდიან ექიმთან. თუმცა მინდა ყველას ვურჩიო, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ ზოგადი შემოწმება“.
მალე მედიცინაში შესაძლოა ახალი და საკმაოდ თამამი სიტყვის მომსწრე გავხდეთ. კოლუმბიის უნივერსიტეტში ღეროვან უჯრედთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს, ანუ კვლევის შედეგად უნდა ითქვას, როგორ შეიძლება ღეროვანი უჯრედის გამოყენება ნეიროსენსორული სმენის დაქვეითების სამკურნალოდ. ხათუნა ჩიტაძე ამ კვლევის მონაწილეა და უნდა, რომ პროექტის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ხათუნა გვიხსნის, რომ კვლევა ჯერ ცხოველის დონეზე მიმდინარეობს, თუმცა დინამიკა დადებითი და დამაიმედებელია.
„არავინ არ იცის ცხოვრებაში რა გამოწვევების წინაშე დავდგებით, ამიტომაც აუცილებელია ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, მიუხედავად ყველაფრისა არ დავკარგოთ საკუთარი თავი და არ ვთქვათ უარი ჩვენს ოცნებებზე“.