15 ფილიალი თბილისსა და რუსთავში – ეს ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის შექმნილი სამყაროა, ანუ მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“, რომელიც უკვე 26 წლისაა. „ჭიტა“ პირველ ნაბიჯებს საქართველოსთვის ყველაზე რთულ 90-იან წლებში დგამს და 26 წლის შემდეგაც ის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, ბავშვებისთვის ამ საოცნებო სამყაროს შემქმნელი კი, ხათუნა ჩხიკვაძეა.

16 წლის ასაკში ოჯახის შექმნას ხათუნასთვის არც განათლების მიღებაში შეუშლია ხელი და არც პროფესიულ განვითარებაში. ბავშვობიდან მიზანდასახულ ოპტიმისტს, ხასიათის ეს შტრიხები წარმატების მიღწევაში ახლაც ეხმარება. 19 წლის ასაკში, სწავლის პარალელურად, მეორე შვილიც შეეძინა და ერთი წუთით არ უფიქრია, რომ მისი საქმე მხოლოდ დიასახლისობა უნდა ყოფილიყო. როცა პირველად ანაზღაურებად სტაჟირებას საჯარო ბიბლიოთეკაში გადიოდა და როცა მისი ხელფასი 27 ლარს შეადგენდა, კარგად გაიაზრა, რომ ასე დასახული მიზნების მიღწევა გაუჭირდებოდა. ზოგადად, სჯერა, რომ როცა ბევრ შეკითხვებს სვამ, სამყარო პასუხებს გიბრუნებს, ჰო-და, ხათუნამაც, როგორც თავად გვიყვება, ასეთი პასუხების მოსმენა ისწავლა. ასე მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ საკუთარი ბიზნესი დაეწყო.
პირველ ნაბიჯებს ბიზნესში მეუღლესთან ერთად დგამს.
სამი ათეული წელია ერთად მოდიან. დასაფასებელია, როცა შეგიძლია თქვა, რომ მეუღლეს შენი ოცნებების და გეგმების განხორციელებაში დიდი როლი აქვს, მოსაყოლიც ბევრია. ხათუნა ამბობს, რომ ცხოვრების თანამგზავრი მის მოსაზრებებს ყოველთვის ითვალისწინებდა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტშიც დაჰყვებოდა. ახლაც ასეა, სულ ერთად მოდიან და რომ არა ის, ამ ცხოვრებისეულ გამოწვევებში, როგორც თავად გვეუბნება, შეიძლება ბევრი შეცდომებიც ყოფილიყო.
„ჩვენ ტანდემში ვმოქმედებთ. მგონია, რომ ქალის წარმატებაში მეუღლე, ოჯახი, მშობლები დიდ როლს თამაშობენ“.
პირველი ნაბიჯები ბიზნესში მეგობრების ფინანსური დახმარებით დაიწყო, სახლთან ახლოს სუპერმარკეტი გახსნა, რამდენიმე თვეში ახალი ფიქრები მოვიდა ახალი საქმის წამოსაწყებად. მერე რა, რომ 1996 წელს გახსნილ სუპერმარკეტს, ქვეყანაში სადაც ამის კულტურა ჯერ არ იყო, იმ წლებისთვის დამახასიათებელი სირთულეების გავლაც მოჰყვა? გამოწვევებს ხათუნას იდეებისთვის ხელი არ შეუშლია, სულ პირიქით. „ჭიტას“ გახსნის იდეაც მალევე დაიბადა, ხათუნამ და მისმა მეუღლემ კომერციული ფართი იქირავეს და სათამაშოების პირველი მაღაზიაც გახსნეს.
„ვფიქრობ, რომ ბავშვებზე ზრუნვა ქართველებს გენეტიკაში გვაქვს. მალევე წერეთელზე „ჭიტას“ მეორე ფილიალი გავხსენით, დავიწყეთ პროდუქციის იმპორტზე ზრუნვა. მე და ჩემს მეუღლეს თითქმის სულ მოგზაურობა გვიწევდა. ასე გავიდა 26 წელი“.
„ჭიტაში“ მისულებს პროდუქციის სამი ჯგუფი – საკანცელარიო, სათამაშოები და სპორტული ხაზი – დაგხვდებათ. ჯამში – 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია. აქ 0-16 წლამდე ასაკის მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლიათ, იქნება ეს სამაგიდო თუ საოჯახო თამაშებით. ეს ბოლო განსაკუთრებით აქტუალური კოვიდპანდემიამ გახადა. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, „ჭიტაში“ მისთვის საინტერესო ნივთის პოვნას ყველა მომხმარებელი შეძლებს.
ასორტიმენტის განახლებისას „ჭიტა“ თანამედროვე ტრენდებს მიჰყვება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ იგი ძირითადად ერის კულტურაზეა დამოკიდებული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გემოვნებაც, აქტუალურია ბავშვების დაკვეთა. ირკვევა, რომ ახლა ტრენდულია ფუნქციური სათამაშოები. „ჭიტას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აუცილებელია წარმატებისთვის ბიზნესმა მუდმივად უსმინოს მოხმარებელს, უსმინოს ბაზრის მოთხოვნებს.

„ჭიტა“ სრულიად ქართული კომპანიაა, რომელსაც ქართულ ბაზარზე თავისი ნიშა აქვს და რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ეს იმ სოციალურ პროექტებში გამოიხატება, რომელსაც კომპანია მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს. ცხადია, ამ მხრივ ყველაზე აქტიური პერიოდი ახალი წელი და აღდგომაა, თუმცა მთელი წელი უცვლელია მიზანი – საქართველოში ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. ამიტომაც ეძებენ ინფორმაციებს, ქმნიან ბაზებს, იმისთვის რომ „ჭიტა“ მივიდეს ყველასთან, ვისაც მათი თანადგომა სჭირდება. ხათუნას მიაჩნია, რომ აუცილებელია ყველა კომპანია ორიენტირებული იყოს სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვაც, ამიტომაც ხათუნა ჩხიკვაძის კომპანია გამწვანების აქციებში ხშირად ერთვება, კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით თბილისსა და მცხეთაში უამრავი ხე დაირგო, ეს დამფუძნებლის გატაცებებს შორის ერთ-ერთია.
ცხადია, ბიზნესის განვითარება პრიორიტეტია, მაგრამ როცა საქმე მაღაზიათა ქსელის გაფართოებას ეხება, აქ დამფუძნებლების მიდგომა ფრთხილია. ხათუნა ამბობს, რომ „ჭიტაში“ მასშტაბებს მომსახურების ხარისხი ურჩევნიათ.
„ჩვენთან მოსული მომხმარებელი მაღაზიიდან ბედნიერი და კმაყოფილი უნდა გავიდეს. აქტიურად ვზრუნავთ იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის მუდმივად გვქონდეს სიურპრიზების სახით პატარა საჩუქრები“.
„ჭიტაში“ მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე არ ზრუნავენ. კომპანიის პრიორიტეტია გუნდის წევრების განვითარებაც. ტრენინგები, გასვლითი ტურები, ფსიქოლოგები – აქ საჭიროების მიხედვით ყველა რესურსს იყენებენ. დამფუძნებლებისთვის მხოლოდ გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი და კარგი მომსახურება არ არის მთავარი, მათ უნდათ, რომ „ჭიტას“ გუნდის წევრები საკუთარ სამუშაო ადგილთან ჰარმონიაში იყვნენ, უნდათ რომ მათ თანამშრომლებს ამ კომპანიაში მუშაობა აბედნიერებდეთ.
„კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერებასთან მიმაჩნია, რომ მისი თანამშრომლებიც ბედნიერები უნდა იყვნენ“.
„ჭიტას“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის 90% იმპორტირებულია, თუმცა კომპანიას ქართველი მეწარმეების მიმართ სენსიტიური დამოკიდებულება აქვს და ცდილობს ქართულ საქმეს გვერდით დაუდგეს. ამიტომაც სულ ცოტა ხნის წინ ქართული წარმოების განვითარების მიზნით, დიღომში „ჭიტას“ ყველაზე დიდ სივრცეში, საგამოფენო გარემო მოაწყვეს და ქართველი მწარმოებლები მიიწვიეს, ფართი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმეს, მარკეტინგულ მხარდაჭერაშიც დაეხმარნენ, რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად ამ ქართულ კომპანიებს გადაეცათ.
„ჩვენთან მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორება ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს ხდება, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ფინანსურმა დეპარტამენტმა ეს დაარღვიოს. ყველა ქართველმა მომწოდებელმა იცის, რომ „ჭიტასგან“ თანხა კონკრეტულ რიცხვში ჩაერიცხება და ეს მიდგომა წლებია არ ირღვევა, ხოლო ჩვენ პირიქით, გადახდების თაობაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელებთან მუდმივად შეხსენება გვიწევს თანხის ჩარიცხვის თაობაზე, ვთვლი, რომ რეპუტაციის კუთხით ეს მნიშვნელოვანია. მთავარი ის არ არის, რომ ბევრი მაღაზიით იყვნენ ბაზარზე წარმოდგენილი, აუცილებელია, ყურადღება ღირებულებებსაც მიექცეს“.
ბაზარზე კონკურენცია დიდია და ძალიან კარგია, ოღონდ მაშინ, როცა კონკურენცია ჯანსაღია. ხათუნა იხსენებს, რომ წლების წინ, როდესაც კონკურენტები მაღაზიებს პირდაპირ მათ გვერდით ხსნიდნენ, მაშინ ამის გამო ძალიან ღელავდა. წლები გავიდა და დამწყებ ბიზნესმენებს ურჩევს, ამის გამო არასოდეს ინერვიულონ, პირიქით, ურჩევს, რომ კონკურენცია მოტივაციად აქციონ და მომხმარებლებს მაღალი ხარისხი შესთავაზონ. მისი აზრით, 26 წლიანი წარმატების მიზეზი მათ შორის ესეც არის, კონკურენტების მიმართ კეთილგანწყობა და ხშირ შემთხვევაში, მათთან მეგობრობაც კი.
„არაეთიკური მიდგომები ჩვენი სტილი არ არის. ეს ჩვენი კორპორატიული კულტურის ნაწილია, ჩვენმა თანაგუნდელებმა იციან, რომ მომხმარებლებს კონკურენტებზე ნეგატიური ინფორმაცია არ უნდა მიაწოდონ“.
„ჭიტა“ პირნათლად იცავს ევროპულ დირექტივებს; 2021 წლიდან ამოქმედებულ ცვლილებებს კომპანია მომზადებული შეხვდა. აქ წარმოდგენილი პროდუქცია სერთიფიცირებულია, შეძენამდე თავად შეგიძლიათ ნახოთ, რომ თითოეულ ნივთზე დატანილია ყველა საჭირო ინფორმაცია, რომ პროდუქცია ტესტირებულია, ეკოლოგიურად სუფთაა.

ხათუნა კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესში პირადად იყო ჩართული. დღეს ამბობს, რომ დასაფასებელია, როცა მთავრობა ბიზნესის აზრს ითვალისწინებს. ევროდირექტივებიც მოსწონს და აქტიურად არის დაინტერესებული სრული სიზუსტით დაიცვას ახალი სტანდარტები, რაც გულისხმობს „უსაფრთხო სათამაშოს“.
„თუ გვინდა, რომ კარგ და მოწესრიგებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, აუცილებელია კანონებს დავემორჩილოთ“.
„ჭიტას“ სათაო ოფისი მთავარ საქმეს 20 კაციანი გუნდით აკეთებს, ჯამში ქსელში, რომელიც უკვე 15 მაღაზიას აერთიანებს, დაახლოებით 200 ადამიანია დასაქმებული. ახალი მაღაზიები ცოტა ხნის წინ ბაგებსა და ჰუალინგში გაიხსნა, ეს ბოლო სრულიად ახალი და ყველასგან განსხვავებული კონცეფციით. რადგან ჰუალინგი თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, კომპანია აქ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეღავათებს სთავაზობს. უფრო ზუსტად, ჰუალინგის „ჭიტაში“ მისულებს ყველა სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით 10%-დან 50%-მდე ფასდაკლება დახვდებათ. ამ კონცეფციით „ჭიტა“ მხოლოდ „ჰუალინგში“ მუშაობს.
„ჭიტას“ პრიორიტეტებს შორისაა ონლაინ გაყიდვების მიმართულების განვითარებაც; კომპანია თქვენამდე მთელი საქართველოს მასშტაბით მოვა. ამ სერვისის საჭიროება განსაკუთრებით აშკარა კოვიდპანდემიამ გახადა. „ჭიტა“ გამოწვევას, როგორც ხათუნა გვეუბნება მომზადებული შეხვდა, რადგან ონლაინ გაყიდვების განვითარებაზე კომპანიაში ფიქრი ბევრად ადრე დაიწყეს. მერე როცა, თითქმის ყველა და ყველაფერი გაჩერდა, ონლაინ მომსახურებაზე „ჭიტა“ 24 საათში გადაეწყო, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დამფუძნებელი საკუთარი გუნდით ამაყობს.
„ბიზნესი ხშირად დინების საწინააღმდეგოდ ცურვას საჭიროებს. კოვიდპანდემიის დროს გაიზარდა მოთხოვნა, მშობლები მოულოდნელად ქაოსში აღმოჩნდნენ, გვთხოვდნენ, რომ მათი შვილების გასართობად რამე მოგვეფიქრებინა. იყო დღეები, როცა მოთხოვნას ვერ ავუდიოდით და მეუღლესთან ერთად კურიერადაც წავსულვარ. მიმაჩნია, რომ როცა საქმეს სჭირდება ყველაფერი უნდა იყო, სხვანაირად წარმატება არ მიიღწევა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ კოვიდპანდემია სერიოზული გამოცდა, პანდემიური დღეები საქმის მიღმა კი, საინტერესო პერიოდი იყო ოჯახურ ცხოვრებაში. დროებით გურიაში წავედით. ეს ბოლო წლებში, პირველი შემთხვევა იყო, როცა თითქმის ორი თვე ყველამ ერთად გავატარეთ. დაუვიწყარი დღეები გამოდგა“.
ბიზნესის განვითარების კუთხით აქ ოჯახური კომპონენტიც მნიშვნელოვანია. ხათუნა ამბობს, რომ როგორც ბიზნესში, ასევე შვილების აღზრდის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობლებისა და დედმამიშვილების გვერდში დგომა. ხათუნას უფროსი ვაჟი ბექა ბოჭორიშვილი იმ ბიზნესცენტრის დირექტორია, რომელზეც ცოტა ქვემოთ მოგიყვებით. ევროპული განათლებით, სამშობლოში დაბრუნებული, საქმეში მშობლებთან ერთად ჩაერთო და როგორც დედა ამბობს მისი მონაწილეობა „ჭიტას“ ახალი კონტრაქტების მიმართულებით წარმატებული გამოდგა. უფროსი ვაჟის მეუღლეც „ჭიტას“ გუნდის წევრია, ის ბრენდმენეჯერის პოზიციაზე მუშაობს და აქტიურად არის ჩართული მარკეტინგის მიმართულებაში. ასევე მეორე ვაჟი ბაჩო ბოჭორიშვილი, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი რეაბილიტოლოგია. დედა ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე ბევრი წარმატებული შედეგი აქვს, მისი მეუღლე კი არქიტექტორია. საკუთარ გამოცდილებას შვილებს იმისთვის უზიარებენ, რომ მათი წარსული მაგალითად იქცეს და საქმესა და ოჯახში ჰარმონიული ბალანსის პოვნა შვილებმაც შეძლონ.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ პარალელურად ხათუნა ჩხიკვაძე ბიზნესცენტრ „დრიმ თაუერის“ დამფუძნებელია, რომლის განვითარებაზეც ზრუნავს. ცენტრი ორიენტირებულია საოფისე და სასაწყობე ფართების გაქირავებაზე, ასევე საკონფერენციო სივრცე – ეს „დრიმ თაუერის“ ბიზნესმიმართულებაა. 2 წელი გავიდა და 8 სართულიანი ბიზნესცენტრი თითქმის სრულად ათვისებულია. ხათუნა მეუღლესთან ერთად ამ სფეროშიც წარმატებით საქმიანობს.
„ბუნებით მაძიებელი ადამიანი ვარ, სულ მივიწევ სიახლეებისკენ, სულ ტონუსში ყოფნა მინდა. გატაცებებიც შესაბამისი მაქვს, მოგზაურობა, სიახლეების აღმოჩენა. მიყვარს მუსიკა, კითხვა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური და თეოლოგიური ლიტერატურა“.