სიტყვა “მეკობრეების” გაგებისას, დიდი ალბათობით, მრისხანე და სასტიკი მამაკაცები გახსენდებათ, რომელთა ცხოვრების ისტორიებიც საუკუნეების მანძილზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ თინეიჯერებსა თუ მოზარდებზე. სახელები შავწვერა, ჰენრი მორგანი, სერ ფრენსის დრეიკი ყველასათვის კარგად ნაცნობია. ეს ის მამაკაცებია, რომლებიც ყველა დროის ყველაზე წარმატებულ მეკობრეებად ითვლებიან. თუმცა, პოპულარული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეკობრე-მბრძანებელი არცერთი ზემოხსენებული ამერიკელი თუ ევროპელი კაცი არ არის. ეს ტიტული ეკუთვნის გამორჩეულ აზიელ ქალს, სახელად ჩინგ ში (ითარგმნება, როგორც „ჩინგის ქვრივი“). ძალაუფლების მწვერვალზე ის ხელმძღვანელობდა 800-ზე მეტ მსხვილ გემს, 1000-ზე მეტ პატარა გემსა და 70,000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ მეკობრეთა ეკიპაჟს, რომელიც მოიცავდა როგორც ქალებს, ისე კაცებს.
შედარებისთვის, კარიერის მწვერვალზე მყოფი ზედმეტად გახმაურებული შავწვერა მეთაურობდა 300 გემსა და რამდენიმეათასკაციან ეკიპაჟს.
ადრეული წლები
ჩინგ ში, დაიბადა როგორც ში იანგი, 1775 წელს ჩინეთში, კანტონში, დღევანდელი კუან ტუნგის პროვინციაში, ღარიბ ოჯახში. ამ პერიოდის ბევრი სხვა ქალის მსგავსად, სექსუალური მომწიფების შემდგომ, სულ რაღაც ცამეტი წლისა, იძულებით ჩაერთო პროსტიტუციაში, რათა საკუთარი ოჯახი ერჩინა. ქალაქში ჩინგ შიმ სულ მალე მოიპოვა პოპულარობა თავისი სილამაზის, გაწონასწორებული ბუნებისა და გულუხვი სტუმართმოყვარეობის გამო. მის კლიენტებს წარმოადგენდნენ ისეთი მაღალი პროფილის პირები, როგორებიც იყვნენ სასახლის კარის წარმომადგენლები, არმიის მეთაურები, მდიდარი ვაჭრები და ა.შ. გარდა ამისა, მისი ადრეული ცხოვრების შესახებ სხვა რამ ცნობილი არ არის.
ქორწინება და „წითელი დროშის ფლოტის“ სათავეში მოქცევა
1801 წელს „წითელი დროშის ფლოტის“ მეთაური ჭენგ ი (სხვაგვარად ჩენგ ი) ძალიან მოიხიბლა ჩინგ შის სილამაზით და მასთან ყოფნა მოისურვა. მათ ქორწინებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, ჭენგ იმ უბრძანა თავის ქვეშევრდომებს ჩინგ შის მოყვანა და აიძულა დაქორწინება. სხვა ვერსიით, ჭენგ იმ პირდაპირ სთხოვა ხელი, რაზეც ჩინგ ში იმ პირობით დათანხმდა, რომ მას ექნებოდა რაიმე სახის ძალაუფლება ორგანიზაციაში და ძარცვებიდან მიიღებდა თანაბარ წილს. ამ განსხვავებული ვერსიების მიუხედავად, ჭენგ ი და ჩინგ ში ერთად ჩაუდგნენ სათავეში „წითელი დროშის ფლოტს“.
„წითელი დროშის ფლოტი“ ძალიან მალე გაიზარდა 200-დან 1800 გემამდე. ფლოტი ფერებით იყო „კოდირებული“. მოწინავე ფლოტი იყო წითელი, დანარჩენი კი – შავი, თეთრი, ლურჯი, ყვითელი და მწვანე. მათ მეკობრე ვუ შ’ართან ერთად ჩამოაყალიბეს „კანტონელ მეკობრეთა კოალიცია“. 1807 წელს, ექვს წლიანი ქორწინების შემდეგ, გარდაიცვალა ჭენგ ი. მისი გარდაცვალების მომენტში „წითელი დროშის ფლოტი“ აერთიანებდა 50,000 – 70,000 მეკობრეს.
მეორე ქორწინება და ძალაუფლების განმტკიცება
ამ ტრაგედიის ფონზე, დაიწყო შიდა განხეთქილება ძალაუფლებისთვის პარტნიორი გემების ძალაუფლებისმოყვარე კაპიტნებში. „წითელი დროშის ფლოტის“ მომავალს საფრთხე ემუქრებოდა. ჩინგ შიმ, რომელსაც არ სურდა დაბრუნდებოდა წარსულ ცხოვრებას, იცოდა, ეს იყო მისი შესაძლებლობა, გამხდარიყო ძლიერი ქალი მეკობრე მეთაური. დროთა განმავლობაში, მან მოახერხა ფლოტის მმართველობის განმტკიცება ჩანგ პაოს (ჭენგ ის აყვანილი ვაჟი და მისი მემკვიდრე) საშუალებით და რამდენიმე ეშმაკური ბიზნესის ტაქტიკის გამოყენებით მოიპოვა ჭენგ ის ერთგული ფრაქციების მხარდაჭერა, მათ შორის მისი ძმისშვილისა და ბიძაშვილების. მოღალატეები სულ მალე შეიპყრეს და საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს, რაც წარმოადგენდა მაგალითს და ემსახურებოდა მომავალში გადატრიალების ალბათობის შემცირებას. მეუღლის გარდაცვალებიდან ორ კვირაში, მეკობრე დედოფალმა განაცხადა, რომ ქორწინდებოდა ჩანგ პაოზე „წითელი დროშის ფლოტის“ მეთაურზე და ამგვარად კიდევ უფრო განიმტკიცა საკუთარი პოზიციები.
ჩინგ ში მკაცრი მმართველი გამოდგა. ის დიდ ყურადღებას უთმობდა ბიზნესსა და სამხედრო სტრატეგიას. მან ყველაფერი გააკეთა, რათა შექმნილიყო „ad hoc” მთავრობა, რომელიც შეაკავშირებდა დაქვემდებარებაში მყოფ მეკობრეებს და დაიცავდა მათ შესაბამისი კანონებითა და გადასახადებით. გადანაწილებამდე, ძარცვიდან მიღებული ნადავლი ჯერ უნდა წარედგინათ ფლოტზე და შემდეგ დაერეგისტრირებინათ. ნადავლის ღირებულების 20% ერგებოდა გემს, რომელმაც ის მოიპოვა, ხოლო დარჩენილი 80% მიდიოდა ფლოტის კოლექტიურ ფონდში.
ჩინგ შიმ, უფრო ეფექტური მმართველობისთვის, შეადგინა კანონთა კოდექსი, რომელიც მკაცრად უნდა დაეცვა და შეესრულებინა ეკიპაჟის ყველა წევრს:
- მეკობრეები, რომლებიც არაავტორიზებულ ბრძანებებს გასცემდნენ ან უარს ამბობდნენ ბრძანების შესრულებაზე, თავის გამართლების საშუალების გარეშე ადგილზევე სიკვდილით ისჯებოდნენ.
- ხელში ჩაგდებული საქონელი უნდა წარდგენილიყო შემოწმებაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა, რომ რომელიმე მეკობრე მალავდა ან სათანადო ცნობას არ იძლეოდა საქონლის შესახებ, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე მათ აჭრიდნენ სხეულის რომელიმე ნაწილს.
- ერთგულება და პატიოსნება დიდად ფასობდა. ღირსეული მეკობრეები გულუხვადაც ჯილდოვდებოდნენ, რითაც სხვებს მაგალითს აძლევდნენ.
- ტყვე ქალებს პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ. მათი სეგრეგაცია ხდებოდა გარეგნობის მიხედვით: სუსტებს, ფეხმძიმეებსა და არც ისე მიმზიდველებს რაც შეიძლება მალე უვნებლებს ათავისუფლებდნენ.
- მიმზიდველ ტყვე ქალებს იტოვებდნენ გამოსასყიდის მიზნით. ამასთან, მეკობრეს ჰქონდათ უფლება დაქორწინებულიყო მათგან რომელიმეზე, მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში და, ასევე, ვალდებული იყო ყოფილიყო ერთგული.
- ღალატი და გაუპატიურება სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენდა და ისჯებოდა ჩამოხრჩობით. აკრძალული იყო ქორწინებამდე სქესობრივი კავშირიც.
რაც შეეხებათ ტყვე კაცებს, მათ დიდი არჩევანის საშუალება არ ჰქონიათ. ან უნდა შეერთებოდნენ მეკობრეებს ან მომკვდარიყვნენ. არ გაგიკვირდებათ და უმეტესობა მეკობრეობას არჩევდა.
„სამხრეთ ჩინეთის ტერორის“ აბსოლუტური დომინირება
ჩინგ შის ფლოტმა თავის თავზე აიღო რამდენიმე სანაპირო სოფლის მმართველობა, რომელთაც ზოგჯერ გადასახადებსაც აკისრებდნენ. ეს სოფლები მაკაოდან კანტონამდე იყო გადაჭიმული. შედეგად, ჩინგ შის ზედმეტსახელი “სამხრეთ ჩინეთის ტერორი” შეერქვა. „წითელი დროშის ფლოტის“ ბიზნესი უზარმაზარი მასშტაბებით ამუშავდა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არცერთი გემი არ გადაადგილდებოდა ისე, რომ ჩინგ შის ჯარს არ სცოდნოდა. ყველა სანაპირო ქალაქი მუშაობდა მათთვის და ამარაგებდნენ საკვებით, საქონლითა და სხვა საშუალებებით. გემებს, რომლებსაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე გადასვლა სურდათ, გადასახადი უნდა გადაეხადათ. უარის შემთხვევაში მეკობრეები მათ თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ. პრობლემები შეემატათ ბრიტანელ, პორტუგალიელ და ფრანგ კოლონიზატორებს, რადგან მათ გემებს რეგულარულად ძარცვავდნენ მეკობრეები.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩინეთის დინასტიას სასოწარკვეთილად სურდა ბოლო მოეღო ამ ყველაფრისთვის. 1809 წელს ჩინეთის იმპერატორმა ჩინგ შის ფლოტის წინააღმდეგ არმადა გაგზავნა, თუმცა დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა 63 გემი. ჩინგ შიმ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და გამოაცხადა, რომ ეკიპაჟი არ დაისჯებოდა, თუკი „წითელი დროშის ფლოტს“ შეუერთდებოდნენ. დაპირისპირებები გაგრძელდა, თუმცა ბრიტანეთის და პორტუგალიის საზღვაო ძალების, აგრეთვე ჰოლანდიის სავაჭრო გემების დახმარების მიუხედავად, ორი წლის შემდგომ იმპერატორმა ფარხმალი დაყარა.
მმართველობის დასრულება და უზრუნველი ცხოვრება
ჩინეთის იმპერატორი განრისხებული იყო იმაზე ფიქრით, რომ ქალი აკონტროლებდა მის უზარმაზარ მიწას, ზღვას, რესურსებსა და ხალხს. რადგან ისე ჩანდა, რომ ჩინგ ში დაუმარცხებელი იყო, მან მეკობრეებს შესთავაზა ამნისტია, იმ იმედით, რომ წერტილს დაუსვამდა ქალი მეკობრის მმართველობას ზღვებზე.
იმავდროულად, „წითელი დროშის ფლოტი“ პორტუგალიის ფლოტის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. მართალია, პორტუგალიის საზღვაო ფლოტი მანამდე უკვე ორჯერ ჰყავდათ დამარცხებული, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. უმაღლესი დონის გემები და იარაღები პორტუგალიელებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა. „წითელი დროშის ფლოტი“ ვერ უწევდა სათანადო წინააღმდეგობას. ჩინგ შიმ აღიარა, სიჯიუტეს აზრი არ ჰქონდა, რადგან პორტუგალიელები უმოწყალოდ ანადგურებდნენ მის ფლოტს. ამიტომ მან მიიღო ჩინეთის იმპერატორის მიერ შეთავაზებული ამნისტია და „წითელი დროშის ფლოტის“ მთელი ეკიპაჟი იძულებული გახდა დანებებულიყო. ჩინგ ში პირადად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში და ხელშეკრულების დადებაში, რომლის თანახმად მისმა ფლოტმა არა მხოლოდ ამნისტია, არამედ მთელი ნაძარცვის შენარჩუნების უფლება მიიღო. უფრო მეტიც, რამდენიმე მეკობრემ ჩინეთის ბიუროკრატიაში დაიკავა თანამდებობები. ჩანგ პაო გახდა ცინგის კუანტუნგის ფლოტის კაპიტანი. ჩინგ შის მიენიჭა დიდებულის ტიტული და შეუერთდა არისტოკრატიას. 1813 წელს მას შეეძინა პირველი შვილი, ვაჟი, სახელად ჩუნგ იუ ლინი, შემდეგ კი – ქალიშვილი, რომელზეც ბევრი არაფერია ცნობილი.
მას შემდეგ, რაც 1822 წელს გარდაიცვალა ჩანგ პაო, ჩინგ შიმ ოჯახი მაკაოში გადაიყვანა და იქ აზარტული თამაშების სახლი გახსნა. იგი ასევე მონაწილეობდა მარილით ვაჭრობაში. შემდგომ წლებში ის მსახურობდა ლინ წესიუს მრჩეველად ოპიუმის პირველი ომის დროს (1839-1842). იგი გარდაიცვალა 1844 წელს, 69 წლის ასაკში, მაკაოში, საკუთარ საწოლში, ოჯახით გარშემორტყმული.
მართალია, ამ საგას საკმაოდ ბევრი ძალადობრივი და არალეგალური აქტივობა ახლავს თან, თუმცა ერთი რამ, რაც ისტორიის ამ ნაწილმა გვასწავლა, არის ის, რომ მიზანდასახული ქალი შეუჩერებელია და მას ნამდვილად შეუძლია ისტორიის გადაწერა.