ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის ქარხანა აშენდება

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. უწყების ცნობით, პროექტი საგანგებო მდგომარეობის პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობის დაწყება იგეგმება.

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო / Facebook

„კომპანიაში იწარმოება პლასტმასა და პლასტმასის ნაკეთობები, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება სამშენებლო ინდუსტრიაში. რაც მთავარია, წარმოება მაღალი სახის დასაქმებით ხასიათდება და რეგიონში დასაქმების ახალ კერას შექმნის“ –  განაცხადა ნათია თურნავამ, კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

საწარმოში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 300,000 კვ.მ. მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანასა და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს.