ჩინეთის ავიახაზები კრიზისის დაძლევას კონკურენტებზე უფრო სწრაფად მოახერხებენ

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ჩინეთის ავიაკომპანიები, სხვა ქვეყნის ავიახაზებთან შედარებით, შესაძლოა ყველაზე სწრაფად აღდგეს. აღნიშნულის მიზეზი ქვეყნის მასშტაბით შიდა ფრენების განახლებაა.

უკანასკნელ თვეებში, ჩინეთის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის უფლება მიეცა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ავიახაზების უმეტესობის შემოსავლებიდან დიდი ნაწილი სწორედ ქვეყნის შიდა მოგზაურობაზე მოდის. ეს ფაქტორი კი ჩინეთის ავიაკომპანიებს, სხვა ქვეყნის ავიახაზებთან შედარებით, წელს, პანდემიის პირობებში უფრო მოქნილს ხდის.

ჩინეთის ავიაკომპანიების მიერ შიდა ფრენების აღდგენამ გავლენა ინვესტორებზეც იქონია. კრიზისის გამო, ავიაკომპანიების აქციების ღირებულება დავარდა. აქციების ფასებზე პანდემიის გავლენა ჩინურ ავიაკომპანიებსაც შეეხო, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე HSBC „ეარ ჩაინას“, ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებსა და ჩინეთის აღმოსავლეთ ავიახაზების წილების შესყიდვას რეკომენდაციას კვლავ უწევს.

შეგახსენებთ, რომ ავიაციის სექტორი, პანდემიის პირობებში საზღვრების ჩაკეტვისა და გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვების გამო შესამჩნევად დაზარლდა. ჩინეთის ავიახაზებისგან განსხვავებით, ავიაკომპანიების უმეტესობის შემოსავალი საერთაშორისო ფრენების აღდგენაზეა დამოკიდებული. შედეგად, ავიაკომპანიების დიდი ნაწილი პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ფინანსურ დახმარებას საჭიროებს.