ჩინეთის აღმოსავლეთ ავიახაზები ახალი ავიაკომპანიის შექმნას გეგმავს – ამის შესახებ ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის განცხადებიდან ხდება ცნობილი.
რთული სათქმელია რატომ შეარჩია ჩინეთმა ახალი ავიაკომპანიის დაარსებისთვის კრიზისული პერიოდი. კორონავირუსის ეპიდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების ნაწილი პერსონალის შემცირებას და გარკვეული მარშუტების შეწყვეტას გეგმავს. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ცნობით, საავიაციო ინდუსტრია შესაძლოა 84 მილიარდი ამერიკული დოლარით დაზარალდეს.
ახალი ავიაკომპანიის, „სანიას საერთაშორისო ავიახაზები“-ის, 51%-იანი წილი ჩინეთის აღმოსავლეთ ავიახაზების საკუთრებაში იქნება. აღნიშნული კომპანია ჩინეთის მთავრობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, შესაბამისად სანიას ავიახაზების შექმნა მთავრობის ინტერესებშიც შედის.
ჩინეთის საბაზრო კვლევითი ჯგუფის დამფუძნებლის შონ რეინის თქმით, COVID-19-ის აფეთქებამდეც, ჩინეთისთვის 2020 წელს შიდა ტურიზმის განვითარება და განსაკუთრებით ხაინანის, იუნანისა და განსუს რეგიონებზე კონცენტრირება პრიორიტეტული იყო. აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომმა კი უფრო მეტად დაანახა მოსახლეობას საკუთარი ქვეყნისა და მემკვიდრეობის მნიშვნელობა.
ავიაკომპანია ძირითადად ფოკუსირებული იქნება თავისუფალი ვაჭრობის ცენტრად ცნობილ ხაინანის კუნძულზე. ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს სურს მომავალში ხაინანი თავისუფალი ვაჭრობისთვის ყველაზე დიდ და მიმზიდველ ზონად აქციოს.