ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი „მკაცრად ეწინააღმდეგება“ ბრიტანეთის მხრიდან Huawei-ის 5G მოწყობილობების გამოყენების აკრძალვას.
საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ჰუა ჩუნიინგმა დასძინა, რომ პეკინი „მიიღებს ზომებს ჩინური კომპანიების ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.“
აშშ მიესალმა აღნიშულ ნაბიჯს და ახალი შეზღუდვებიც დაანონსა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ შეზღუდავს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას კომპანიის ზოგიერთი თანამშრომლისთვის: „სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვებს გარკვეული ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებზე, როგორიცაა Huawei, რომელიც მატერიალურ დახმარებას უწევს რეჟიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და გლობალურ დონეზე ინფორმაციის ბოროტად გამოყენებაში“ – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე კი პომპეომ განცხადა, რომ, რაც უფრო სწრაფად აღსრულდება გადაწყვეტილება, მით უკეთესი იქნება.
დიდ ბრიტანეთში ჩინეთის ელჩის განცხადების თანახმად, Huawei-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დიდი იმედგაცრუებაა და ეს გავლენას იქონიებს სხვა ჩინურ კომპანიებზეც.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში კი უფრო მკაცრი ტონი შეინიშნება: „ბრიტანეთმა გამოიყენა უსაფუძვლო რისკები, როგორც საბაბი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის… [ყოველივე ეს] არღვევს დიდი ბრიტანეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოქმედება ძვირი დაუჯდებათ“.
ოფიციალური პეკინი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება აკრძალვის შესახებ ძალაში შესვლამდე გადაიხედება. თუმცა ცხადია, რომ მოვლენებს უარყოფითი გავლენა ექნება სხვა ჩინურ ინვესტიციებზე ბრიტანეთში.