„როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე, რომ მოგვისმინონ და როგორ მოვუსმინოთ ბავშვებს ისე, რომ გველაპარაკონ?“ ადელ ფაბერისა და ელეინ მაზლიშის ბესტსელერი, ქართულ ენაზე გამოცემული მშობლების გზამკვლევად აღიარებული წიგნი გვასწავლის, როგორ გავაუმჯობესოთ შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობის ხარისხი, როგორ გავხადოთ მათთან კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი და თავადაც გავხდეთ მეტად ლოიალურები საკუთარი თავის მიმართ.
სოფო მუსერიძე
გამომცემელი
„მოკლედ რომ შევაჯამოთ, მთელი წიგნი ეხება კომუნიკაციას. ეს წიგნი არის გზამკვლევი მშობლებისა და აღმზრდელებისთვის – როგორ ვეკონტაქტოთ, რა მიდგომები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვებთან ურთიერთობა გახდეს უფრო ჰარმონიული. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის თემატიკა ბავშვებთან ურთიერთობას ეხება, ვფიქრობ, უნივერსალური წიგნია, რომელიც ნებისმიერ ურთიერთობას მიესადაგება.
მახსოვს, როცა პირველად წავიკითხე, მაშინვე ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა ეს წიგნი ქართულ ენაზეც ყოფილიყო ნათარგმნი. იმდენად ახლობელი და ჩემი კარგი დამხმარე გახდა, მომინდა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა მშობლისთვის. ძალიან პრაქტიკული და მარტივად საკითხავი წიგნია. გარდა ამისა, ქართულ ბაზარზე ძალიან ცოტაა ისეთი წიგნი, რომელიც ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. მშობლების მხრიდან კი უამრავი კითხვა არსებობს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ სწორედ ამ წიგნით დაგვეწყო.
ამ წიგნმა მომცა ბევრი რამის ცოდნა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაგალითად, იცოდით, რომ ისეთი კარგი რამე, როგორიც შექებაა, შეიძლება საზიანო იყოს, თუ სწორი ფორმით არ ვეტყვით ბავშვს? გარდა ამისა, ბავშვის მხრიდან დამანახა ბევრი რამ – რა სჭირდებათ, რა ტიპის კომუნიკაციაა მათთვის უფრო მეტად გასაგები და მისაღები. ამ ყველაფრის ცოდნა და გამოყენება, მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობების წინაპირობაა.
მართლა მჯერა, რომ ეს სამყარო უკეთესი გახდება, თუ ყველა ადამიანი წაიკითხავს ამ წიგნს და მის გამოყენებას დაიწყებს, არა მხოლოდ ბავშვებთან მიმართებით, არამედ, ზოგადად, ყველა სახის ურთიერთობაში“.
ნინი ჩიქოვანი
გამომცემელი
„ეს წიგნი, ჩემი აზრით, უნდა იყოს (და ვისაც უკვე აქვს, არის კიდევაც) ყველა მშობლის სამაგიდო წიგნი. ეს პრაქტიკული, ძალიან მარტივად და გასაგებად დაწერილი წიგნია, რომელიც მშობელს პასუხებს და რეალურ რჩევებს აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაზარდო ბავშვი ჯანსაღად – სწორი კომუნიკაციისა და ქმედებების მეშვეობით.
წიგნის გამოშვების მთავარი მიზეზი, ალბათ, ქართულ ბაზარზე ამ თემაზე პრაქტიკული გზამკვლევის არარსებობაა. მე როგორც აქტიურ მკითხველ მშობელს, გადაკითხული მაქვს უამრავი წიგნი მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე. თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში ამოსარჩევი რომ მქონდეს ერთადერთი წიგნი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს, დაუფიქრებლად ამ წიგნს დავასახელებდი, რადგან ის საგრძნობლად ცვლის მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ხარისხს.
ეს წიგნი პირველად რომ წავიკითხე, თვალები გამიფართოვდა. იმდენად გასაგებად და მარტივად იყო ახსნილი ყველაფერი შვილებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, და იმდენად მარტივად შევძელი ამ ყველაფრის ცხოვრებაში გამოყენება, შედეგმა გამაოცა.
ზუსტად ამას მისცემს ეს წიგნი ყველა მკითხველს – ურთიერთობის მომენტალურ გაუმჯობესებას, როგორც კი ის ამ წიგნის რჩევების იმპლემენტაციას დაიწყებს ცხოვრებაში“.
არ არსებობენ ცუდი ბავშვები, არსებობენ ბავშვები, რომლებიც ჭარბი სტრესის ქვეშ არიან – ამას ეყრდნობა „სელფ-რეგის“ თეორია.
2016 წელს დოქტორმა სტუარტ შენკერმა მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ამავე სათაურით გამოსცა წიგნი, რომლის მიხედვითაც, ბავშვის ყველაზე გამაღიზიანებელ და რთულ ქცევასაც კი აქვს ახსნა. მიზეზი ჭარბი სტრესია.
წიგნი „რეგი“ ქართულად ნეიროფსიქოლოგმა, ნინო მარგველაშვილმა თარგმნა. ნინო მიიჩნევს, რომ მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა ბავშვის განვითარების ფუნდამენტია.
ნინო მარგველაშვილი
„სელფ-რეგის“ მთარგმნელი, ნეიროფსიქოლოგი, „კაიკონას“ თანადამფუძნებელი
„ჩვენზე – როგორც მშობლების, ასევე ბავშვების ჯანმრთელობაზე, გუნება-განწყობილებაზე, სწავლასა თუ ურთიერთობებზე უზარმაზარ გავლენას ახდენს თავის ტვინის სიღრმეში არსებული სისტემა, რომელიც სტრესზე ჩვენს რეაგირებას არეგულირებს. წიგნში ნაჩვენებია, როგორ ვითარდება ბავშვი ხუთ განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულ სფეროში, სადაც ფუნდამენტი ორ ადამიანს შორის ურთიერთობაა.
წიგნის თარგმნისა და ქართველი ოჯახებისთვის გავრცელების ინტერესი წიგნის ავტორის, დოქტორ სტუარტ შენკერის გაცნობამ გამოიწვია. ის საოცარი ადამიანი, ფსიქიატრი და ფილოსოფოსია, რომელმაც სრულიად ამოატრიალა ჩემი თვალთახედვა ადამიანების ქცევასთან დაკავშირებით. აღმაფრთოვანა არამარტო მისმა უნარმა, დაიტიოს უსაზღვრო თეორიული ცოდნა და ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს დაუკავშიროს, ასევე მომხიბლა მისმა თანაგრძნობისა და თავმდაბლობის უნარმა, ნებისმიერი ადამიანის მიმართ სათუთმა დამოკიდებულებამ და მისთვის დამახასიათებელმა უჩვეულო თავისებურებებმა“.
„სელფ-რეგი“ ჩემი სამაგიდო წიგნია. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია იმის დანახვა და გადააზრება, რომ ის, რაც ზედაპირზე ჩანს, უფრო სიღრმისეული პროცესების მხოლოდ ნაწილია. წიგნის დახმარებით მშობლები და მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ არ არსებობს ცუდი ბავშვი; რომ ყოველთვის შესაძლებელია ბავშვების ცხოვრების ტრაექტორიის ცვლილება, რომელიც უფრო სავსე, ჯანმრთელი და ლაღი ცხოვრებისკენ წაიყვანს მათ. და რომ სტრატეგია ჩვენ ვართ, ზრდასრული ადამიანები, და ეს პროცესი ჩვენით იწყება, ჩვენი თვითრეგულაციით, ჩვენი სიმშვიდით“.
„მშობლობა რთული, მაგრამ სასიამოვნო თავგადასავლებით სავსეა“ – ვკითხულობთ „დაზაინზე“. ამ საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საოცრად სასიამოვნო გზაზე „დაზაინი“ მშობლებს სხვადასხვა დამხმარე ინსტრუმენტს სთავაზობს, როგორიცაა „შეიცანი ბავშვი“, „აღზრდის ოქროს წესები“ თუ „როგორ დავიცვათ ბავშვები ბულინგისა და ძალადობისგან“.
ანკა მანჯგალაძე
„დაზაინის“ დამფუძნებელი
„შვილი თან მშობლის ნაწილია და თან აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ინდივიდუალური ორგანიზმი. ჩემი აზრით, მშობლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა – ბავშვის მიერ საკუთარი გზის შემეცნებასა და პოვნაში დახმარებაა… უამრავ გამოწვევასთან და სირთულესთან ერთად, აღმოვაჩინე, რომ ნიკოს გაჩენის მერე ბევრად გაცნობიერებულად დავიწყე ცხოვრება და ყველაზე სასიამოვნო პროცესი მის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე დაკვირვებაა. ბავშვებს ძალიან ვგულშემატკივრობ, ვისურვებდი, რომ ყველა ბავშვს ლაღი, მშვიდი და სტრესს მოკლებული ცხოვრება ჰქონდეთ, ეს კი, ალბათ, პირველ რიგში, უფროსების განათლებითა და ცნობიერების ამაღლებით იქნება შესაძლებელი. ამიტომ გადავწყვიტე ცოდნის გაზიარება და „დაზაინის“ გუნდთან ერთად დავიწყე ფსიქო განათლებაზე მუშაობა. მით უმეტეს, რომ ქართულენოვანი მსგავსი პროდუქტების დიდი ნაკლებობაა.
ზოგადად, „დაზაინის“ პროდუქცია ემსახურება ბავშვების უკეთ შეცნობას და მათი როგორც პიროვნებების აღმოჩენას. ვცდილობთ, მოზარდების უკეთეს ხვალინდელ დღესა და განვითარებას ჩავუყაროთ საფუძველი, რაც ზრდასრულ ასაკში მათ ფსიქოლოგიურად ჯანსაღ ადამიანებად ჩამოაყალიბებს. „დაზაინის“ გუნდის მიზანია, იზრუნოს არა მარტო მშობლების, არამედ, ზოგადად, მოსახლეობის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, გასცეს რჩევები და ეცადოს აამაღლოს ცნობიერება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.“