სტუმარმასპინძლობისა და სარესტორნო სფეროებში ახალი სტანდარტის დამკვიდრება აჭარა ჯგუფში შემავალი ბრენდების საერთო ხელწერაა.
მომსახურების მაღალი დონე, დეტალებზე ორიენტირებულობა და სტუმრის მაქსიმალური კმაყოფილება საერთოა ერთმანეთისაგან მასშტაბით თუ კონცეფციით განსხვავებულ სხვადასხვა სივრცეში.
აჭარა ჯგუფის Food & Beverage მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიკვილაძე კომპანიას 2015 წელს შეუერთდა.
ამ ინტერვიუში, ნათია გვიყვება საკუთარ ისტორიას კარიერაზე, პროფესიის სიყვარულზე და თუ რატომ არის სტუმარმასპინძლობა მისი ყოველდღიურობის უცვლელი ნაწილი ამდენი წლის განმავლობაში.
რით დაიწყო თქვენი კარიერა?
ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, დეტალებზე დაკვირვება, საინტერესო აღმოჩენების და დასკვნების გაკეთება. როდესაც პროფესიული არჩევანის გაკეთების დრო მოვიდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი შევარჩიე. სწავლის დროს ლონდონში წავედი, სადაც საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მქონდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს მოვლენა ჩემს კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. უცხო ქვეყანაში ჩასულს ახალი რეალობა და შესაძლებლობები დამხვდა. გადავწყვიტე სწავლასთან ერთად მუშაობაც დამეწყო, რაც მეტ თავისუფლებას და გამოცდილებას მომიტანდა. მალევე ერთ-ერთ სასტუმროში სერვისის მიმართულებით პოზიცია ვიპოვე და ზუსტად იქ დაიწყო ჩემი და სტუმარმასპინძლობის დიდი სიყვარულის ისტორია. დილით ადრე ვდგებოდი, რომ სამსახურში დროულად მივსულიყავი, თუმცა არასდროს ვიყავი ამით უკმაყოფილო; ეს თავგადასავალი ყოველთვის საუკეთესოდ მახსენდება. როდესაც თბილისში დაბრუნების დრო მოვიდა, გადავწყვიტე ისევ ჩემს პროფესიულ არჩევანს დავბრუნებოდი. დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიაში, მაგრამ მივხვდი, რომ ყოველდღიურობა რუტინულად მეჩვენებოდა.
ლონდონში დარჩენაზე გიფიქრიათ?
რა თქმა უნდა, ხშირად მიფიქრია თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ლონდონში, თუმცა, არასდროს ვნანობ იმ არჩევანს, რომელიც გავაკეთე საქართველოში დაბრუნებით. გამოცდილება, რომელიც ბრიტანეთში მივიღე შეუფასებელია. პიროვნულ ზრდას მთავარ მიზეზად დავასახელებ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის საქმე და პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციე, საქართველოში ბევრი დადებითი სიახლის მომტანი გახდა, ამიტომ ჩემს არჩევანს არასდროს ვაყენებ ეჭვქვეშ.
როგორ განვითარდა თქვენი კარიერა საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
ძალიან საინტერესო და გრძელი გზა გავიარე, ბევრი გადაწყვეტილებებით, წინაღობებით, თავგადასავლებით. იურიდიულ კარიერაზე უარი როგორც კი ვთქვი, გამოჩნდა შესაძლებლობა დამეწყო მუშაობა ერთერთ საერთაშორისო ფრანჩიზაზე, რომელიც სწრაფი კვების წამყვანი მოთამაშეა მსოფლიოში. გახსნის ფარგლებში წავედი ამერიკაში, სადაც შევისწავლე საოპერაციო ჯაჭვის აწყობა, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რესტორნის მართვა, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა და უამრავი სხვა რამ, რაც რესტორანსა და, ზოგადად, საოპერაციო მიმართულების მართვას ახლავს თან. ამ გამოცდილების შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერა აჭარა ჯგუფში.
რა თავისებურება აქვს სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობას? რა თვისებებს ან უნარებს ითხოვს ის?
ერთი სიტყვა, რომელიც სტუმარმასპინძლობის სფეროს აღწერს ცვლილებაა. ამიტომაც, მუდმივი ცვლილებების თუ გეშინიათ, თუ ადაპტაციის სწრაფი უნარი არ გაქვთ, ამ სფეროში არ უნდა იმუშაოთ. თუ კი ცვლილებებს გამოწვევად აღიქვამთ და ყოველდღიურობაში მათი შეტანის არ გეშინიათ, მაშინ ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც უნდა იყოთ. ჩემთვის ცვლილებები აღმოჩენებით არის სავსე, ჯადოსნურია ის ორგანიზებული ქაოსიც, რომლის მიმართაც ცნობისმოყვარეობით ვარ განწყობილი და რომელიც არ მაშინებს, პირიქით მამოტივირებს. ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანის სიყვარული, რადგან სტუმარმასპინძლობა ადამიანების ინდუსტრიაა, იქნება ეს სტუმარი თუ თანამშრომელი, ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
რა სტანდარტებით მუშაობს აჭარა ჯგუფი?
რთული კითხვაა, რადგან ფურცელზე დაწერილი სტანდარტი არ არსებობს, რომელსაც უბრალოდ გადასცემ სხვა ადამიანს და ის ინსტრუქციას მარტივად მიყვება. დინამიკურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ცვალებადია, როცა საზღვრები არ არსებობს, ძალიან რთულია ვისაუბროთ მარტივ „რეცეპტებზე“. აჭარა ჯგუფის მთავარი მახასიათებელი ალბათ განსაკუთრებული გამოცდილების შექმნის და კულტურული ცვლილებების განხორციელების მუდმივი სურვილია, რომელიც ჩვენს გუნდს აერთიანებს.
როგორ ამზადებთ თანამშრომლებს იმისთვის, რომ აჭარა ჯგუფის ღირებულებები გაიზიარონ და როგორ არის მათი კარიერული განვითარების პერსპექტივა?
თანამშრომლების შერჩევის პროცესი მათთვის ჩვენი ბრენდის შესახებ ისტორიის გაზიარებით იწყება, შემდეგ ვატარებთ სხვადასხვა სახის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს. მნიშვნელოვანია, გუნდის წევრები თავადაც იყვნენ ჩვენი დაწესებულებების სტუმრები, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვთ შესაძლებლობა, თავის თავზე გამოცადონ აჭარა ჯგუფის ის ღირებულებები, რომლებსაც შემდეგ სტუმრებს უზიარებენ. ვამაყობ, რომ ჩემი გუნდის 500-მდე თანამშრომელი გულანთებული ახალგაზრდაა, რომლებსაც საქმის და ადამიანის სიყვარული აერთიანებთ. ყველაზე დიდი ენერგიის წყარო ის არის, როცა ვხედავ როგორ ვითარდებიან და სხვადასხვა რგოლს გადიან ადამიანები ჩვენთან. აჭარა ჯგუფში ყველას აქვს შესაძლებლობა, თავისი კარიერა სწორად განავითაროს. მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი თანამშრომლების უმეტესობა სერვისის მიმართულებით მუშაობდა ჩვენს კომპანიაში და ამ პროფესიული განვითარების თანამონაწილეობა ჩემთვის დიდი შთაგონებაა.
თქვენი კარიერაც ესე განვითარდა აჭარა ჯგუფში?
აჭარა ჯგუფმა მომცა შესაძლებლობა, რომ კომპანიაში ძალიან დიდი ცოდნა მიმეღო, თუმცა, ჩემმა ცნობისმოყვარეობამ და აღმოჩენების გაკეთების სურვილმა კიდევ ერთხელ მიბიძგა სხვა ქვეყანაში ცხოვრებისკენ. ჩავაბარე ბერლინში, IU-ში, სადაც მენეჯმენტის და ლიდერობის მიმართულებით დავამთავრე მაგისტრატურა. ისევ მქონდა ცდუნება, დავრჩენილიყავი სხვა ქვეყანაში, მქონდა ძალიან საინტერესო შეთავაზება ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდისგან, რომელიც ნიუ-იორკში ეძებდა F&B მიმართულებით ხელმძღვანელს, თუმცა მაინც მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნებულიყავი საქართველოში და ჩემი მიღებული ცოდნა აქ გამომეყენებინა. 2015 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე ვიმუშავე ჯგუფის მასშტაბით, მივიღე მონაწილეობა ისეთი ბრენდების გახსნაში, როგორებიც არის ფაბრიკა, ლოლიტა, სტამბა. ამ გზამ ძალიან გამზარდა პროფესიულად და პიროვნულად და დღეს ვთვლი, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ვუძღვები აჭარა ჯგუფის F&B მიმართულებას ჩემს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, რომელსაც სიახლეების და ცვლილებების არ ეშინია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაკომპლექტებულია ქვეყანაში და რეგიონშიც კი საუკეთესო პროფესიონალებით, ვავითარებთ ახალ მიმართულებებს და ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ისევ შეცვლის უკეთესობისკენ სტუმარმასპინძლობის სტანდარტს საქართველოში.
რას მოიცავს აჭარა ჯგუფის F&B მიმართულება დღეს?
აჭარა ჯგუფის F&B მიმართულება აერთიანებს აჭარა ჯგუფის ყველა რესტორანს, ბარს, შიდა და გარე ღონისძიებას, რაც თავის თავში ძალიან დიდ მრავალფეროვნებას გულისხმობს. სტამბა, ლოლიტა, ფაბრიკა, შუქურა, შიო რამენი, მილქი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროექტებია იმ შინაარსით, განწყობით თუ სულით, რომელიც სტუმრებს აქ ხვდებათ. მაგალითად, კაფე სტამბა არის ადგილი, სადაც მოსულ სტუმარს ჯადოსნური გარემო ხვდება, რომელსაც საკვებთან ერთად განაპირობებს ამ საოცარი ფანჯრებიდან შემოსული შუქი, თეთრ პერანგებში გამოწყობილი მიმტანების ღიმილიანი სახეები, თეთრი ხელსაწმენდები… ამ ყველაფერზე დეტალურად ნაზრუნი და ნაფიქრია. კაფე შუქურა ზღვისპირეთში, ციხისძირში, განსაკუთრებული პროექტია, სადაც ყველაზე ბედნიერი დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ფაბრიკა ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდების საყვარელი თავშეყრის ადგილია; საღამოს ფაბრიკას ეზოში ყოფნა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, როცა ამდენ განსხვავებულ და საინტერესო ადამიანს, მათ შეხვედრებს და გართობას ვაკვირდები. შიო რამენი პირველი რამენ-შოპია საქართველოში, რომელსაც ბევრი ერთგული სტუმარი ჰყავს როგორც ფაბრიკას ეზოში, ისე სტამბაში. ეს მრავალფეროვნებაა ის, რაც ყოველდღე გვაძლევს მოტივაციას, რომ ჩვენი საქმე სიხარულით ვაკეთოთ.
ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვთ?
ვფიქრობ, ჩემი საქმიანობა ძალიან მგავს. მუდმივი ზრდის, ცვლილებების, მოძრაობის და ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი გვაერთიანებს. არ არსებობს კონკრეტული შეზღუდული სამუშაო დრო, რადგან სტუმარი 24 საათის განმავლობაში მოდის ჩვენთან, თუმცა ეს დინამიკა არ მღლის. უქმეებსაც სიამოვნებით ვატარებ აქ და არასდროს მბეზრდება ამ ყველაფრის თანამონაწილეობა. რა თქმა უნდა, ასეთ საქმეს დიდი ენერგია სჭირდება, თუმცა მე მჯერა, რომ როცა ისეთ რაღაცას პოულობ, რაც ძალიან გიყვარს, მას მოვალეობად აღარ მიიჩნევ და უბრალოდ შენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
რა გაძლევთ ენერგიას?
ენერგიას მაძლევენ ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობ.
მათგან ბევრს ვსწავლობ და ვცდილობ ჩემი ცოდნა გავუზიარო. ეს პროცესი მაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას. ასევე, სიახლის მუდმივობა, რომელიც აჭარა ჯგუფს ახასიათებს, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. როგორც აღვნიშნე, რუტინის იმდენად მეშინია, რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირი ვერც წარმომიდგენია.
მართვის როგორი სტილი გაქვთ?
ყოველთვის ვცდილობ ადამიანებში აღმოვაჩინო ის განსაკუთრებული ტალანტი, რომელიც მათ საქმეს უფრო საყვარელს გახდის. ჩემი მიზანია, ყველა თანამშრომელი კარგად გავიცნო და მოტივაცია ზუსტად ამ მიმართულებით გავუჩინო. ჩემი თანამშრომლები ყოველთვის ისეთ საქმეს აკეთებენ, რაც მე თვითონ უკვე მაქვს გაკეთებული, ან მეც მათთან ერთად ვიღებ პირველ გამოცდილებას. არ მიყვარს ოთახში, ოფისში ყოფნა, რადგან ვთვლი, რომ პრობლემებიც და მიღწევებიც ჩვენს საქმეში ერთნაირად უნდა გავაზიარო ჩემს გუნდთან.
თქვენს გუნდში ბევრი ქალია. რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ მათ?
ხშირად ვფიქრობ ამ საკითხზე და განსაკუთრებით ვამაყობ, რომ აჭარა ჯგუფში დასაქმებული ქალების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით მოწინავე პოზიციაზეა. მმართველი გუნდის უდიდესი ნაწილი ქალებით არის დაკომპლექტებული. ვფიქრობ, დღევანდელ დღეს, გოგოებს და ქალებს განსაკუთრებით სჭირდებათ იმის რწმენა, რომ არანაირი საზღვარი არ არსებობს და არ არსებობს პროფესია, რომელშიც ისინი წარმატებულები ვერ იქნებიან. ამის პრაქტიკაში მოყვანა ჩემი და აჭარა ჯგუფის გუნდის ყოველდღიურობის ნაწილია.
რამდენიმე წელია, გამიჩნდა იდეა, რომ დავაარსო ფონდი, რომელიც ქალებს დაეხმარება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დაძლევაში. ამ პროექტზე აქტიურად ვმუშაობ და იმედი მაქვს შევძლებ ჩემი წვლილი შევიტანო ამ საკითხის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში და რეალური შედეგების მიღწევაში.
ფოტო: ანა გაბაშვილი, ნიკა ფანიაშვილი