სამართლიანობა, სოლიდარობა, თავისუფლება!
ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ჰქონდა ეს გაცნობიერებული. არჩევანიც მაშინ გააკეთა. იცოდა რა უნდოდა. პრინციპული იყო სხვების მიმართაც და საკუთარ თავთანაც. ბრძოლისუნარიანობა კი მისი ის თვისება აღმოჩნდა, რომელმაც აქამდე მოიყვანა, ბევრი წინაღობისა თუ გამოწვევის ფონზე, ხალისიანი და მრავალფეროვანი ინტერესების მქონე პატარა გოგონა შეუპოვარ ადვოკატად იქცა.
დღეს, გვანცა ჩიკვილაძე იურიდიული ფირმა “ცანავა და პარტნიორების” და “KK & PARTNERS” დამფუძნებელი პარტნიორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კი სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი. ასევე, “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+”-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და აქციონერი.
როგორ იპოვეთ თქვენი თავი ამ საქმიანობაში?
იურისტის პროფესია პირდაპირპროპორციულია ჩემს პიროვნულ თვისებებთან, ინტერესებსა და ცხოვრებასთან. სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანიც. ჩემი განვითარების ყველა ეტაპზე მქონდა პატარ-პატარა მიზნები, რომლების განხორციელებასაც თანმიმდევრულად ვცდილობდი. შემდგომი მოტივაცია ჩნდებოდა ჩემივე მოპოვებული პატარ-პატარა გამარჯვებებისგან და ყოველთვის, ყველა ასაკში მქონდა საფუძველი განსაკუთრებული სტიმულით გამეგრძელებინა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
როგორი იყო თქვენი გამოცდილება სწავლის პერიოდში და რა მიზნები გქონდათ ამ ხნის განმავლობაში?
მას შემდეგ, რაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, პარალელურად პროფესიულ სტაჟირებას გავდიოდი სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში. ბაკალავრის საფეხურის დასრულებისას საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა უკვე იმისთვის, რომ უფრო სერიოზულ მიზნებს შევჭიდებოდი და ასეც მოხდა. საკუთარი თავის განვითარება არასდროს შემიწყვეტია. დღეს უკვე, როგორც დოქტორანტი ვმუშაობ სამეცნიერო ნაშრომზე და იმედი მაქვს გონივრულ ვადაში დოქტორის ხარისხსაც მოვიპოვებ, რაც საშუალებას მომცემს კიდევ უფრო საინტერესოდ წარვმართო ჩემი პროფესიული საქმიანობა.
როგორ განავითარეთ თქვენი კარიერა?
ჩემს თავს ადრეულ ასაკშივე დავუდგინე პროფესიულად მაღალი სტანდარტი, ვისწავლე/დღესაც ვსწავლობ და ვმუშაობ მხოლოდ საუკეთესო შედეგებისთვის ნებისმიერი მიმართულებით. თამამად გეტყვით, რომ მართლაც ოცდაოთხსაათიანმა თავდაუზოგავმა შრომამ, საქმის სიყვარულმა, სწორმა ურთიერთობებმა მოიტანა ის, რომ ჩემი კარიერა შედგა, დღესაც ვითარდება და დასახული სამუშაო გეგმების რეალიზაციით სამომავლოდ კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება.
რა სირთულეები შეგხვდათ ამ გზაზე? როგორ უმკლავდებოდით?
შრომის, სირთულეების, სტრესული გარემოებების გადალახვის გარეშე ალბათ არცერთი ადამიანი გადის თავის პროფესიული ცხოვრების გზას. ეს თანმდევი პროცესია. თუმცა, საადვოკატო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე – ის, რაც ახალგაზრდა ადვოკატს ყველაზე მეტად სჭირდება არის ნდობა, რომელიც არც ისე ადვილი მოსაპოვებელია. ნებისმიერს სჭირდება შანსი, რომ გამოავლინოს თავისი ცოდნა, გამოცდილება და რაც მთავარია შედეგი. 21 წლის ასაკში, უკვე ადვოკატის სტატუსით გავხდი “KK & PARTNERS”-ის თანაგუნდელი. ამ გუნდში საქმიანობამ და იქ მიღებულმა გამოცდილებამ, დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერული განვითარებაში. მას შემდეგ ნებისმიერ გამოწვევას თამამად ვეჭიდები და ვუმკლავდები კიდეც.
რა აქვს განსაკუთრებული თქვენს პროფესიას?
უწყვეტი სწავლა, განვითარება, შეცნობა, კვლევა, ანალიზი, ასპარეზობა, ადამიანის, საზოგადოების კეთილდღეობისთვის შრომა/ბრძოლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თავისუფლება, პროფესიული და პირადი თავისუფლება.
მე ვარ ადვოკატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ყოველდღიურობა დაკავშირებულია ფიზიკური თუ იურიდიული პირების სამართლებრივი საკითხების მოგვარებასთან, რისკების პრევენციასთან და პოზიტიურ შედეგებთან. ეს არის პროფესია, რომელიც აძლიერებს საზოგადოებას და სახელმწიფოს.
როგორია იყო ქალი – ადვოკატი საქართველოში?
დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში არც თუ ისე ცოტა ქალი ადვოკატია და ძალიან წარმატებით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. სწორედ, მათ შორის ვარ მეც. ასოციაციას დიდი წვლილი მიუძღვის ადვოკატის პროფესიის გაძლიერებაში და დღესაც ძალიან ბევრი სასიკეთო ნაბიჯი იდგმება ამ მიმართულებით. უკვე 8 წელია ვხელმძღვანელობ მისო „კრედიტსერვისი+“-ის იურიდიულ დეპარტამენტს, რომელიც სრულად ქალი ადვოკატებით არის დაკომპლექტებული. სწორედ, ეს პროფესიონალი, შეუპოვარი და მებრძოლი ქალი ადვოკატები არიან კომპანიის კეთილდღეობის გარანტნი.
მოგვიყევით “ცანავა და პარტნიორების” შესახებ, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა ეტაპზეა ახლა ის?
ჩემი მეუღლე – ადვოკატი ცოტნე ცანავაა. ჩვენი ისტორიაც წლების წინ საერთო საქმიანობით დაიწყო და დღესაც, ერთად თუ ცალ-ცალკე საერთო საქმეს და მიზნებს ვემსახურებით. გარდა იმ მსხვილი კომპანიებისა, რომელთაც ადვოკატირებას ვუწევდით/ვუწევთ, პარალელურად გადავწყვიტეთ ჩვენი ინდივიდუალური საქმიანობის, მიზნების, პროექტების განსახორციელებლად შეგვექმნა კომპანია და უკვე 3 წელია იურიდიული ფირმა “ცანავა & პარტნიორები” გამოცდილ, პროფესიონალ ადვოკატებთან ერთად წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას სამართლის ყველა მიმართულებით. კომპანია მომხმარებელს, ძირითადად, სთავაზობს, არა სტანდარტულ, არამედ ინდივიდუალურად მათ მოთხოვნებზე მორგებულ და შექმნილ იურიდიულ სერვისს – პროდუქტს. ჩვენი კომპანია ყოველდღიურად სრულყოფს მომსახურების ხარისხს და ნერგავს ნოვატორულ მიდგომებს.
თქვენ ასევე ხელმძღვანელობთ Tsanava Club Children’s Rights-ს. მოგვიყევით ამ კლუბზე, რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა; რას ემსახურება, რა მიზნები და გეგმები გაქვთ აღნიშნულ კლუბთან დაკავშირებით?
კლუბს რაც შეეხება, ეს უკვე ჩვენი უფროსი შვილების – ნუცას და ლილეს იდეით შექმნილია. მე მათი სურვილების განხორციელებას შევუწყვე ხელი და ფორმირდა „კლუბი ცანავა ბავშვთა უფლებები“, რომლის მიზანიცაა: აამაღლოს ცნობიერება ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ხელი შეუწყოს ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას, გააღრმაოს მათში მშვიდობის, პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთება. საინტერესო და განსხვავებული ის არის, რომ ბავშვები ამ ყველაფერს ერთმანეთისთვის თავად გააკეთებენ „ბავშვები ბავშვებისთვის“. კლუბში დაგეგმილია არაერთი ბავშვის ინტერესზე მორგებული პროექტი, მათ შორის – საერთაშორისოც, რომელშიც მონაწილეობის საშუალებაც ექნება არა მხოლოდ კლუბის წევრ ბავშვებს, არამედ სხვა მსურველებსაც.
თქვენთვის რას ნიშნავს იყო ოთხი შვილის დედა? როგორ უთავსებთ ორ ძალიან რთულ პროფესიას ერთმანეთს – დედობას და ადვოკატობას?
ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვთქვა – ოჯახში 4 შვილი უდიდესი ბედნიერებაა, სიხალისე და მოტივაციაა უკეთესი ცხოვრებისთვის. შვილებს არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია ჩემი მიზნების განხორციელებასა თუ ყოველდღიურ საქმიანობაში. ერთობლივად ვახერხებთ იმას, რომ არცერთ მხარეს არ შეეშალოს ხელი თავის საჭიროებებში. პატარა ასაკიდანვე მშობლების დაკავებული ცხოვრების მონაწილე არიან. მაგალითად, მივლინებისას ან სხვა სამუშაო გარემოში, როდესაც საქმის ფორმატი იძლევა შვილებისთვის დროის დათმობის შესაძლებლობას, შვილები ჩვენთან ერთად მოდიან და გართობის გარდა, საქმიან გარემოში ყოფნასაც ეჩვევიან.
მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით შეიყვარეს კიდეც დაკავებული მშობლების სტატუსიც. მითუმეტეს, კლუბის საქმიანობის ფარგლებში ხშირად გვიწევს დროის ერთად, საქმიანად და თან ხალისიანად გატარება. ერთდროულად 4 შვილის დედობა და ადვოკატობა ვერ იარსებებს დროის მენეჯმენტის გარეშე. ჩემი დიდი მეგობარია „ღამე“, დროის ამ მონაკვეთში ვახერხებ დამატებითი იდეების, პროექტების სრულყოფას. როცა გაკვირვებული მეკითხებიან „როდის მოასწარი?“ ხუმრობით ვუპასუხებ „სანამ თქვენ გეძინათ“.
ცოტას სამომავლო გეგმებზეც ხომ არ გვეტყვით…
ჩემი ძირითადი გეგმა იყოფა პატარა მიზნებად, რომელთა შესრულებაც, დროში გაცილებით სწრაფად ხდება. ეს მიღწეული პატარა მიზნები კი ქმნიან ძირითადი, დიდი გეგმის სწრაფად შესრულების საფუძველს.
დღეს ვმუშაობ ორ ახალ პროექტზე, რომლებიც კავშირშია, როგორც საადვოკატო საქმიანობასთან, ასევე Tsanava Club Children’s Rights – კლუბთან. ვფიქრობ, წინასწარ განსაზღვრულ დროში მოვახერხებ ორივე პროექტის გაშვებას.
თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე არიან დღესდღეობით საქართველოში ქალები?
ძალიან ფართო და ღრმა თემაა. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელშეწყობით, საკანონმდებლო პოლიტიკის თუ სახელმწიფოს მიდგომით გადაიდგა არაერთი სასიკეთო ნაბიჯი ამ მიმართულებით, მაინც აქტიურ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის საკითხი ქალებისთვის. გენდერული დისბალანსი არის პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ ცხოვრებაში. ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის, როგორც მინიმუმ ეს იმას ნიშნავს, რომ ქალებს წარმატების მისაღწევად უფრო მეტი სირთულის დაძლევა უწევთ, თანაბარი შესაძლებლობებით არ სარგებლობენ. ცალსახაა, რომ ჯანსაღი საზოგადოება ვერ იარსებებს დისკრიმინაციის პირობებში. ამიტომ, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მთლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ამ მიმართულებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრობლემის გაჯანსაღებას.
როგორ გაამხნევებდით იმ ქალებს, რომლებიც რიგი მიზეზების გამო საკუთარ სურვილებსა და ოცნებებს ვერ მიჰყვებიან, ვერ ვითარდებიან კარიერულად; როგორ უნდა იპოვონ მათ ასეთ დროს გამოსავალი?
მართალია უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს, თუმცა ჩემი გამოცდილებით, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ვეტყოდი საკუთარ თავს უთხრან, რომ „არ/ვერ შემიძლია/გამოვა“ არ არსებობს მათთვის, იპოვონ ინტერესის სფერო – განათლების თუ შემოქმედებითი კუთხით და დაიწყონ საკუთარ თავზე მუშაობა. შრომას ყოველთვის პოზიტიური შედეგი მოსდევს. არ დატოვონ მათი სურვილები, იდეები ცდის/შრომის გარეშე და წარმატება აუცილებლად მოვა. ადამიანები თანასწორები ვართ, თუ სხვამ შეძლო, შენც შეძლებ!
რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კარიერის გაგრძელებას სამართლის სფეროში ფიქრობენ, რისთვის უნდა იყვნენ ისინი მზად? რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან?
ვეტყოდი:
1) „სამართალმცოდნე“ ერთ-ერთი საუკეთესო და მომგებიანი პროფესიაა, ამიტომ შენ სწორ არჩევანს აკეთებ;
2) გზა წარმატებისკენ გაცილებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე ეს გივარაუდია;
3) თუ ეს ნამდვილად შენი პროფესიაა, ყოველი წინააღმდეგობა გამარჯვებით დასრულდება.