„ჰოლივუდური ღიმილის“ საამქრო — ზოია ჩიკვაიძე

კროს-კულტურული კვლევები ადასტურებს, რომ კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება ღიმილია, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ შინაგანი განწყობა საკმარისი არ არის, რომ ჩვენი ღიმილი დაუვიწყარი იყოს. ეს ის შემთხვევაა, როცა საქმე მხოლოდ სილამაზესა და ესთეტიკასთან არ გვაქვს, ამიტომაც აუცილებელია, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი არ გადავდოთ. ამაში Forbes Woman-ის რესპონდენტი უფრო მეტად დაგარწმუნებთ. გარდა იმისა, რომ ზოია ჩიკვაიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, მასთან კომუნიკაცია იმდენად სასიამოვნო გადმოდგა, თავს უფლებას მივცემ და ამას მხოლოდ ლამაზ ღიმილს არ დავაბრალებ. დაძაბულობა, რომელიც, ზოგადად, ექიმებთან ურთიერთობას ახლავს, ზოია ჩიკვაიძესთან პირველივე სალმის შემდეგ ქრება.

ფოტო: გოგიტა სურმანიძე

ბავშვობისას მასწავლებლობაზე ოცნებობდა, საკუთარ წარმოდგენებში საკლასო ოთახში განვითარებულ სცენებსაც ხედავდა, თუმცა როგორც ხშირად ხდება ასაკის მატებას ინტერესთა გაფართოება მოჰყვა და პედაგოგობაზე ოცნება, ექიმობაზე ოცნებამ ჩაანაცვლა. ზოია გვიყვება, რომ მის პროფესიულ არჩევანზე გადამწყვეტი გავლენა უფროსმა დამ მოახდინა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მართალია ბევრი წელი გავიდა, თუმცა დღესაც კარგად ახსოვს საუბრები დასთან და მისი აღფრთოვანება ექიმის პროფესიით.

„უნებურად მოვექეცი მისი გავლენის ქვეშ. ვფიქრობდი, რომ ეს იყო საქმე, რომლითაც ადამიანებს დავეხმარებოდი და ეს მე ბედნიერებას მომანიჭებდა“.

ასეც გამოვიდა, პროფესიული არჩევანი არასოდეს უნანია, მიუხედავად იმისა რომ, როგორც თავად გვეუბნება, სტომატოლოგის პროფესია ემოციურად საკმაოდ რთულია, რადგან თითქმის ყველა პაციენტი კაბინეტის კარს შიშით აღებს, იქ კი მას უნდა დახვდეს პროფესიონალი, რომელსაც დამატებით პაციენტის ფობიებთან გამკლავება უწევს. ზოია ჩიკვაიძე, სტომატოლოგის ფიზიკურ შრომასა და გამძლეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„წლების წინ,როცა სამედიცინო ინსტიტუტის კარი შევაღე, ზედაპირული წარმოდგენა მქონდა ჩემს პროფესიაზე, თუმცა გამიმართლა, რომ მოვხვდი ამ სფეროში და ჩემი თავი ვიპოვე. როგორც ბავშვი თამაშისას იღებს სიამოვნებას, ასეთივე განცდა მაქვს მუშაობისას. პაციენტთან ურთიერთობა და მისი გაბრწყინებული სახის დანახვის მოლოდინი ჩემთვის ერთგვარი ადრენალინია“.

რთული წლები უკან მოიტოვა, ახლა ზოია ჩიკვაიძე ბათუმში საკუთარ კლინიკების ქსელს ხელმძღვანელობს, ის „დენტალ არტის“ დირექტორი და მთავარი ექიმ-სპეციალისტია. ამ კლინიკაზე ქვემოთ უფრო დეტალურად მოგიყვებით, ჯერ ჩვენი რესპონდენტის განვლილი კარიერული გზის შესახებ მოთხრობის დროა.

ზოია ჩიკვაიძის სტუდენტობის წლები, საქართველოსთვის რთულ 90-იანებს ემთხვევა. სამოქალაქო ომი, საყოველთაო გაჭირვება და ჩამოშლილი განათლების სისტემა, თუმცა მაინც ეს ის ასაკი და პერიოდია, როცა ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში ფერად წლებად რჩება.

„როცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ბათუმში დავბრუნდი, მხოლოდ ორიოდე სტომატოლოგიური პოლიკლინიკა ფუნქციონირებდა და მუშაობა ერთ-ერთ მათგანში დავიწყე. ბუნებრივია, მაშინ მეთოდებიც მოძველებული იყო და საჭირო აპარატურაც. ეს ის წლებია, როცა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც ნაკლები იყო და მსოფლიო სტომატოლოგიური მიღწევების თაობაზე ინფორმაცია ჩვენამდე შეზღუდულად აღწევდა“.

აქსიომაა, რომ კარიერულ წინსვლას, ხშირად იღბალიც სჭირდება, ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა შრომით ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამ. ზოია ჩიკვაიძეს გაუმართლა, მისით ბათუმის ერთ-ერთი კერძო კლინიკა დაინტერესდა და სამუშაოდაც მიიწვიეს. გამართლებაა, როცა საქმიანობის გაგრძელებას ისეთი დამსაქმებელი გთავაზობს, რომლის მთავარი მიზანიც ინოვაციები და სიახლეების დანერგვაა.

„ჩვენ, ახალგაზრდა ექიმებიც, მთელი ენთუზიაზმით ვცდილობდით მისთვის ფეხის აწყობას და ასე პროფესიულად ვიზრდებოდით“.

ეს სამსახური ჩვენი რესპონდენტისთვის, მხოლოდ კარიერული ზრდის სივრცე არ აღმოჩნდა, აქ ცხოვრების თანამგზავრი მომავალი მეუღლე გაიცნო, რომელსაც ზღვისპირა ქალაქი ლამაზი ღიმილების ავტორად იცნობდა. ორ მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდას მალევე საკუთარი კლინიკის შექმნის იდეა გაუჩნდა, კლინიკის რომელიც არც მეტი არც ნაკლები „ჰოლივუდური ღიმილის“ საამქრო უნდა ყოფილიყო, ამ დროს უკვე 2006 წელია.

ფოტო: გოგიტა სურმანიძე

ყველაფერი პატარა სტომატოლოგიური კაბინეტით იწყება. აქ მხოლოდ სივრცე იყო პატარა, თუმცა კონცეფცია – ყოვლისმომცველი, რომლის აწყობაშიც ზოია ჩიკვაიძემ მთელი გამოცდილება და ენერგია ჩადო. გადის ერთი წელი და სტომატოლოგიური კაბინეტი 4 სავარძლიან კლინიკამდე ფართოვდება, ანუ ბათუმში თანამედროვე აპარატურით, საიმედო სტერილიზაციით, მაღალპროფესიულ ექიმთა გუნდით და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი „დენტალ არტის“ პირველი ფილიალი იხსნება, რომელიც უკვე 17 წელია ადგილობრივების და არა მხოლოდ მათ ბედნიერ და ჯანმრთელ ღიმილზე ზრუნავს.

წლები გადის, იზრდება ბაზარი და იზრდება მოთხოვნაც, ზოია ჩიკვაიძე ცდილობს პაციენტთა გაზრდილ მომართვიანობას უპასუხოს და 2019 წელს მეორე ფილიალს ხსნის, ეს ის დროა როცა ბათუმში უკვე ყველამ იცის, სად ზრუნავენ მათზე! „დენტალ არტის“ მეორე ფილიალის კონცეფცია ერთი სივრცის პრინციპზეა აგებული, აქ ყველაფერია: სტომატოლოგიის ყველა მიმართულება და სატექნიკო ლაბორატორია, რომელიც სრულად ციფრული აპარატურითაა აღჭურვილი.

„2006 წლამდე კბილები მზადდებოდა თურქეთში, ბუნებრივია ამან სტომატოლოგიური ლაბორატორიის შექმნის იდეა გააჩინა. თუმცა, ყველამ იცის, რომ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის. ამიტომაც ჯერ კომერციულ ბანკებში საჭირო ფინანსური რესურსის და შემდეგ უკვე აპარატურის მოძიება დავიწყეთ. ყველაზე რთული გუნდის შეკრება აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მიზანი იყო თანამედროვე მოთხოვნებისთვის ზედმიწევნით გვეპასუხა“.

ზოია ჩიკვაიძე გვეუბნება, რომ პირველ ეტაპზე მისი კლინიკის წარმატება თურქეთთან სიახლოვემ განაპირობა, სადაც შესაძლებელი იყო სტომატოლოგების გადამზადება და სიახლეების შესწავლა.

ახლა „დენტალ არტი“ პაციენტებს სთავაზობს კბილების თერაპიულ მკურნალობას, იმპლანტაციას, ორთოდონტიას, პროთეზირებას და რაც მნიშვნელოვანია, ბავშვთა სტომატოლოგიას. ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ რადგან ბავშვობაში სტომატოლოგთან მიღებულ ტკივილს სტომატოლოგიური ფობია უკავშირდება, ამიტომაც მისი კლინიკის ექიმები ცდილობენ ბავშვებისთვის მათთან პირველი ვიზიტი სახალისო და გასართობი ფორმის იყოს.

„ბაზარზე დიდი კონკურენციაა, თუმცა რადგან მკითხეთ, კონკურენტულ უპირატესობაზე საუბარი არ მომერიდება. ჩვენთან პაციენტს საშუალება აქვს ერთ სივრცეში, ერთ დღეში ჩაიტაროს კომპიუტერული კვლევა, დაგეგმოს მკურნალობა, შეიქმნას ციფრული დაგეგმარებით ღიმილის დიზაინი და ძალიან მოკლე დროში კლინიკიდან საოცნებო ღიმილით გავიდეს. ამ ყველაფერს „დენტალ არტის“ გუნდი ქმნის! გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ გამიმართლა, რადგან შევძელი საიმედო გუნდის შეკრება. წარმატებას ერთი ადამიანი არ ქმნის! იმისთვის, რომ კონკურენტულ გარემოში იყო ლიდერი, ამისთვის კლინიკის ყველა რგოლი თანაბარი პროფესიონალიზმით უნდა მუშაობდეს. კლინიკის დილას იწყებენ გოგოები, რომელთა წყალობითაც ჩვენთა ყველაფერი წკრიალებს და ბზინავს; ექიმის ასისტენტები, რომლებიც დაღამებამდე ფუსფუსებენ და მათზე გადის პაციენტთა მიღების მთელი სიმძიმე; სტერილიზაციის მედდა, რომელსაც ეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა და რაც მთავარია ექიმები, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე სტომატოლოგიურ გამოწვევებს“.

პროფესიონალიზმი, ადამიანური ურთიერთობა და გამართული ციფრული ტექნოლოგია – ეს საქმეში ზოია ჩიკვაიძის წარმატების ფორმულაა. ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას განდობს ყველაფერი უნდა გააკეთო. მისი აზრით, ექიმს არ აქვს ფუფუნება პაციენტს იმედი გაუცრუოს და მისი ნდობა გაფლანგოს.

ფოტო: გოგიტა სურმანიძე

„იყო ექიმი და პარალელურად მართავდე კლინიკას, საკმაოდ რთულია. იყო მმართველი და პარალელურად კოლეგა ერთგვარი გამოწვევაა.

ჩემთვის ლიდერობა ნიშნავს გუნდს შევუქმნა კომფორტული სამუშაო გარემო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე აპარატურით და მასალით; გავითვალისწინო კოლეგების აზრები, რათა ერთად შევქმნათ წარმატება. ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანები და მათთან ურთიერთობაა. სტომატოლოგიური მომსახურება ერთ ვიზიტში არ სრულდება, პაციენტიექიმის ურთიერთობა ხანგრძლივია, რამაც უამრავი მეგობარი შემძინა. ჩვენი პაციენტები კლინიკაში შემოსვლის პირველივე წუთიდან გრძნობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ბედნიერი ღიმილის შექმნა მთელი გუნდისთვის. ჩვენი მიზანი ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევაა, ეს კი პაციენტთა ნდობის წინაპირობა ხდება“.

უხერხულ კითხვას ვერ ავცდებით, საქართველოში ხომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯერ ისევ ძვირადღირებული სიამოვნებაა? ზოია ჩიკვაიძე გვიხსნის რა ზრდის ხარჯებს პაციენტებისთვის.

„სრულფასოვანი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კლინიკა დიდ ფინანსურ ხარჯს ითხოვს. ამას ემატება ისიც, რომ აუცილებელია სტომატოლოგიური მიღწევების პულსზე გვედოს ხელი, შესაბამისად ექიმებს მუდმივად გვიწევს უცხოეთში პროფესიული გადამზადება და მასტერკლასების გავლა, რაც ბუნებრივია ზრდის ექიმის სტატუსს. ყველა ამ ხარჯის გათვალისწინებით, ჩვენი მომსახურებაც შედარებით მაღალ სოციალურ სეგმენტზეა გათვლილი“.

ჩვენი რესპონდენტი თავს იღბლიანად მიიჩნევს, აფასებს ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე მის გვერდით იდგნენ და არ მალავს, რომ წარმატებაში ეს თანადგომაც დაეხმარა.

„პირველ რიგშია ოჯახი. მე მასწავლებლის ოჯახში დავიბადე, სადაც მთავარი ღირებულება განათლება იყო. შემდეგ პროფესიულად არაჩვეულებრივი ქალის კლინიკაში მოხვედრამ განმავითარა და ბოლოს უდიდესი გამართლებაა კარგი ადამიანის მეუღლეობა, ადამიანის, რომელთან ერთადაც „დენტალ-არტის“ ისტორიას ვწერ“.

ყოველთვის, როცა წარმატებულ ქალებს ვესაუბრებით, ბუნებრივია გვაინტერესებს რას ურჩევენ სხვებს, მათ რომლებიც კარიერაში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამენ. ზოია ჩიკვაიძე გვეუბნება, რომ მთავარია მიზნები და ოცნებები არ დავთმოთ!

„ძალიან ძნელია ქალი ერთდროულად იყოს დედა ანუ გაზარდოს ღირსეული შვილები, მეუღლე – აკეთოს სადილები და იყოს მუდმივად სასურველი, პროფესიონალი – დაიხარჯოს ემოციურად, ფიზიკურად და ბოლოს ლიდერი -პასუხისმგებელი გუნდის წევრების მიმართ. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი შესაძლებელია! მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი საქმის წამოწყებისას უამრავ დაბრკოლებას აწყდები. სწავლა, შრომისმოყვარეობა, გონივრული რისკების გათვლა და მიზანდასახულობა – მთავარი გასაღებია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“.

ზოია ჩიკვაიძე ამ ეტაპზე მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს, თვლის, რომ ახალი გამოწვევების დროა, ამიტომაც მისი უახლოესი გეგმები კოსმეტიკურ მედიცინას უკავშირდება, გეგმავს რომ საკუთარ კლინიკათა ქსელში ეს მიმართულება დაამატოს. ესთეტიკური მედიცინის საჭიროებების ასაკში ვაბიჯებო – ღიმილით გვეუბნება.

და ბოლოს, მინდა ინტერვიუს დასაწყისს დავუბრუნდე – დიახ, ღიმილი ნამდვილად არის წარმატებული კომუნიკაციის წინაპირობა!