სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც წლებია სტაბილური ზრდით გამოირჩევა. სექტორის მდგრადობა შენარჩუნდა პანდემიის ფონზეც, პანდემიამდელ მდგომარეობამდე დაბრუნების პროგნოზები კი პოზიტიურია.
სამშენებლო ინდუსტრია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამშენებლო მასალების სექტორზე, რომელზეც მრავალი ისეთი ფაქტორი ახდენს გავლენას, რამაც პანდემიისას უფრო მკვეთრად და ნეგატიური სახით იჩინა თავი.
ინდუსტრიის გამოწვევებზე, პოტენციალსა და ძირითად პარამეტრებზე ესაუბრა Forbes Woman Georgia საქართველოს ბანკის სამშენებლო მასალების სექტორის ხელმძღვანელს, ქეთევან ჩიღვინაძეს.
ქეთევან, სამშენებლო სექტორის შეფასებით რომ დავიწყოთ – 2020 წელს სექტორის ბრუნვა 7.7 მილიარდი ლარი იყო, რამაც მშპ-ის 8.9% შეადგინა. ამ მასშტაბების გათვალისწინებით, როგორ აფასებთ სექტორის მდგომარეობას და ძირითადი პარამეტრებით, რამდენად მდგრადია სექტორი?
დიახ, ფაქტობრივი მოცემულობა ასეთია – სამშენებლო ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი სექტორია და საკმაოდ დიდი წილიც უჭირავს. ბოლო წლებში სექტორი სტაბილურად იზრდება და 2016-2020 წლის სტატისტიკას თუ შევხედავთ, მისმა წილმა ეკონომიკაში საშუალოდ 8.7% შეადგინა, რაც რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება სექტორის მდგრადობას – ამ ინდუსტრიის სტაბილურობა მეტწილად ორმა ფაქტორმა განაპირობა: 1. კომერციულ და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, რაც სექტორის დაახლოებით 50%-ს წარმოადგენს, არსებული ბუნებრივი მოთხოვნა; 2. ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სახელმწიფო პროექტები. აღნიშნული მიმართულება სტაბილურია და, არსებული პროგნოზით, მომავალ წლებში სექტორი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება.
პრინციპში, რომ შევაჯამოთ, 2021 წელს მოსალოდნელია მშენებლობის სექტორის ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილი მსხვილი პროექტები.
მდგრადობის მიმართულება რომ განვავრცოთ, გასულ წელს პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკაზე და ძალიან ბევრ სექტორზე მკვეთრად ნეგატიური გავლენა იქონია. ამ მხრივ რა მდგომარეობა იყო მშენებლობის სექტორში?
საგულისხმოა, რომ სხვა სექტორებთან შედარებით მშენებლობის სექტორზე პანდემიის ნეგატიური ზეგავლენა უფრო მსუბუქი იყო და 2020 წელს ის მხოლოდ 4.7%-ით შემცირდა.
როგორც აღვნიშნე, ბაზარზე საცხოვრებელ ბინებზე არსებობს ბუნებრივი მოთხოვნა, რაც დაეხმარა სექტორს ამ მიმართულებით შეენარჩუნებინა ნიშნული პანდემიის მიუხედავად. გარდა ამისა, სახელმწიფომ პანდემიის საწყის ეტაპზე სუბსიდირების პროგრამები შეიმუშავა, რომლითაც დაეხმარა სექტორში მოთამაშე გარკვეულ ბიზნესებს სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებაში. უძრავი ქონების ბაზარი მეორე სექტორი იყო ტურიზმის შემდგომ, რომელმაც მიიღო სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სუბსიდიის სახით, რამაც ყველაზე მძიმე პერიოდში სტიმული მისცა ბაზრის დასტაბილურებას. სექტორმა შეძლო სტაბილური მდგომარეობა შეენარჩუნებინა და 2021 წლის დასაწყისშივე უკვე ზრდადი მაჩვენებლები დაფიქსირდა.
მშენებლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია სამშენებლო მასალების წარმოება, იმპორტი, ექსპორტი, გაყიდვა და ა.შ. ცალკე ამ სექტორზე რომ ვისაუბროთ – რა ეფექტი იქონია პანდემიამ, როგორია პროგნოზები?
სამშენებლო მასალების რეალიზაციაზე, როგორც ბიზნესის სხვა მიმართულებებზე, ნეგატიურად იმოქმედა მიმდინარე მდგომარეობამ და პანდემიისგან გამოწვეულმა სიტუაციამ, თუმცა სექტორის სრულად არ გაჩერებულა და ბიზნესმა მაქსიმალურად შეინარჩუნა პოზიციები. სამშენებლო მასალების მიმართულება მეტწილად დამოკიდებულია სამშენებლო სექტორის განვითარებაზე და შესაბამისად, აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტი არ იყო მძიმე და შედარებით მსუბუქად აისახა ბიზნესზე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის პირველი ნახევარი უფრო არასტაბილური იყო წინა წლების იდენტურ პერიოდთან შედარებით, თუმცა, ამავე წლის მეორე ნახევარში სექტორი დასტაბილურდა – ბიზნესმა შეძლო 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნება და ზრდის ტემპის დაფიქსირებაც.
პროგნოზს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის სექტორის ზრდის მოლოდინი გვაქვს, სამშენებლო მასალების რეალიზაციაზე აღნიშნული ფაქტი პირდაპირპროპორციულად აისახება.
მოკლედ რომ შევეხოთ სამშენებლო მასალების იმპორტს და ექსპორტს, რა ტრენდებია ამ მიმართულებით საქართველოში. ასევე, რა სახის გავლენა აქვს სამშენებლო მასალების ფასებზე არასტაბილურ სავალუტო მდგომარეობას?
ქვეყანაში სამშენებლო მასალების მიმართულებით სავაჭრო დეფიციტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას. 2020 წელს აღნიშნულმა დეფიციტმა $1.3 მილიარდი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი სავაჭრო დეფიციტის დაახლოებით 29% -ია.
პანდემიის პერიოდში სამშენებლო მასალებზე და მათ ტრანსპორტირებაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას დაემატა სავალუტო რყევებიც და საერთო ჯამში, ამ ცვლილებებმა გამოიწვია ლარში სამშენებლო მასალის გასაყიდი ფასების კორექტირება. გაზრდილი ფასები ნაწილობრივ აისახა საქონლის რეალიზაციაზე, თუმცა, 2021 წელს ეს ნეგატიური ფაქტორები შედარებით შემსუბუქდა. ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლომდე მსოფლიოში სამშენებლო მასალების ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და 2022 წლიდან დასტაბილურდება. შესაბამისად, მომავალში მსგავს რყევებს აღარ ველოდებით.
უკვე ვახსენეთ, რომ სამშენებლო სექტორისთვის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად სახელმწიფომ სუბსიდირების პროგრამები წამოიწყო – რა ეფექტი იქონია ამ მხარდაჭერამ მთლიანად სექტორზე და უფრო კონკრეტულად სამშენებლო მასალების რეალიზაციაზე?
განხორციელებულმა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამამ, შესაძლოა ითქვას, რომ დადებითი გავლენა იქონია სამშენებლო მასალების სექტორზეც, რადგან ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ზრდაზე. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების მთავარ მიზანს პანდემიის შედეგად უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობის შენარჩუნება წარმოადგენდა. აღნიშნულმა პროგრამამ ნამდვილად შეასრულა თავისი მისია და ბინების გაყიდვების სტაბილურობას შეუწყო ხელი, შესაბამისად, სამშენებლო სექტორს დაეხმარა, მშენებლობის ტემპი არ შენელებულიყო. ზოგადად, იყო მოლოდინი, რომ სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდგომ ისევ დაეცემოდა მოთხოვნა, თუმცა არ გამართლდა აღნიშნული მოლოდინი – ბიზნესმა შეინარჩუნა ტემპი, პანდემიამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა და 2021 წლის მეორე კვარტალიდან ზრდაც დააფიქსირა. 2020 წელს საცხოვრებელი და კომერციული მშენებლობის სექტორის ბრუნვა 3.9 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტალში ამ სექტორის ბრუნვა 40%-ით გაიზარდა. ამ ყველაფერმა, ცხადია, პოზიტიურად იმოქმედა სამშენებლო მასალების რეალიზაციაზე და შესაბამის ბიზნეს სექტორზე.
საქონლის რეალიზაციის ერთ-ერთი ეფექტიანი გზა პანდემიის პერიოდში ონლაინ-გაყიდვები იყო. ამ მხრივ რა სურათი გვაქვს სამშენებლო მასალების სექტორში?
პანდემიამ საგრძნობლად შეცვალა ცხოვრების რიტმი და წესი, ამ ყველაფერმა კი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ონლაინ-გაყიდვების განვითარებაზე. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში სავაჭრო ობიექტების დროებით დახურული იყო, შედეგად, გაიზარდა ონლაინ-გაყიდვებზე მოთხოვნაც. ამ პერიოდში კომპანიები, რომელთაც არ ჰქონდათ დიდი რესურსი ჩადებული ონლაინგაყიდვების განვითარებაში, უფრო მეტად კონცენტრირდნენ ამ მიმართულებაზე და მეტად გააფართოვეს სავაჭრო არხები, მათ შორის ციფრული.
გამონაკლისი არც სამშენებლო მასალების რეალიზაციის ბიზნესი ყოფილა – სარემონტო მასალების საცალოდ მოვაჭრე ძირითადმა მოთამაშეებმა მოკლე დროში შეძლეს რეაგირება და ონლაინ გაყიდვების მიმართულება დახვეწეს, რაც დაეხმარათ კიდეც გაყიდვების გარკვეული მოცულობის შენარჩუნებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკმა, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა მის მომხმარებლებს ელექტრონული კომერციის დანერგვის ნაწილში. რა თქმა უნდა, ონლაინ გაყიდვებმა სრულად ვერ ჩაანაცვლა ფიზიკური გაყიდვები, თუმცა პროცესი არ შეჩერებულა და ამან ხელი შეუწყო კომპანიებს, შეენარჩუნებინათ სამუშაო პროცესები.
ქეთევან, როგორია პროგნოზები, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს სამშენებლო მასალების სექტორს უახლოეს წლებში?
თუკი გავითვალისწინებთ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არსებობს ბუნებრივი მოთხოვნა, განსაკუთრებით ბიუჯეტურ და საშუალო სეგმენტში, კლების მოლოდინი არ არის და ვფიქრობ, სამშენებლო-სარემონტო მასალების სექტორი შეძლებს არა მხოლოდ სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას, არამედ ზრდაზე ორიენტირებასაც. გარდა საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობისა, უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების როლიც სამშენებლო მასალების რეალიზაციის ნაწილში. ამ მიმართულებით ველით ახალ პროექტებს, რაც თავისთავად შეუწყობს ხელს სამშენებლო მასალების სექტორის დადებით განვითარებას.
გარდა ამისა, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების ქცევა საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებით და კერძო საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნაც აქტიურად იზრდება, ეს არის ასევე დამატებითი ფაქტორი, რომელიც სამშენებლო მასალაზე მოთხოვნის ტენდენციებზე იმოქმედებს.
ბოლოს, მინდა ბანკის როლზეც ვისაუბროთ – რა ტიპის სერვისს და მხარდაჭერას სთავაზობს საქართველოს ბანკი სექტორის მოთამაშეებს?
ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ბანკს ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს – ამ მხრივ გამონაკლისი არც სამშენებლო სექტორია. საქართველოს ბანკი გვერდში უდგას ამ მიმართულებას და მაქსიმალურად თანამშრომლობს აღნიშნულ სექტორის კომპანიებთან.
უფრო კონკრეტულად, საბანკო პროდუქტების ჭრილში თუკი შევხედავთ, სექტორში ძირითადად მოთხოვნა არის მოკლევადიან საკრედიტო ხაზებზე, რომელსაც კომპანიები საბრუნავი საშუალებებისთვის იყენებენ. გარდა ამისა, აქტიურად ფინანსდება სექტორის კაპიტალური დანახარჯებიც – აღნიშნული რესურსით კომპანიები აფართოებენ ბიზნესს და სამუშაო გარემოს, რაც სხვადასხვა მსხვილ კაპიტალურ დაბანდებაში გამოიხატება. ასევე, მნიშვნელოვანია ბანკის როლი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით, რაც ითარგმნება საბანკო გარანტიებში, აკრედიტივებსა და ფაქტორინგული ოპერაციებით დაფინანსებაში. ეს არის საბანკო პროდუქტების ის მცირედი ჩამონათვალი, რა მიმართულებითაც ვთანამშრომლობთ სამშენებლო მასალების ბიზნესში ჩართულ კომპანიებთან.
შეჯამების სახით შემიძლია ვთქვა, რომ ბანკი სრულ საბანკო მომსახურების პაკეტს სთავაზობს სექტორის მოთამაშეებს და ამასთან, მაქსიმალურად მორგებულია ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.