„ჩემი ოთახის“ მსახიობების საერთაშორისო აღიარება | ინტერვიუ მარიამ ხუნდაძესთან

ქართველი რეჟისორის, იოსებ (სოსო) ბლიაძის მიერ გადაღებული ფილმი „ჩემი ოთახი“ ცოტა ხნის წინ მსოფლიო კინემატოგრაფთა და კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში მოექცა. კინოსურათმა, რომელიც განსხვავებული სოციალური ფონის მქონე ორი ახალგაზრდა ქალის თანაცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ჩეხეთში გამართულ კაროლივი ვარის რიგით 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა. კერძოდ, ფილმში შესრულებული როლებისთვის მარიამ ხუნდაძემ და თაკი მუმლაძემ, რომელიც სოსო ბლიაძესთან ერთად „ჩემი ოთახის“ სცენარისტია, საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიპოვეს.

საერთაშორისო აღიარებით განცდილი ემოციების, ფილმში გაჟღერებული პრობლემებისა და „ჩემი ოთახის“ პერსონაჟების ხასიათის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მსახიობი მარიამ ხუნდაძე Forbes Woman-ს ესაუბრა.

მარიამ, პირველ რიგში, მოგვიყევით ემოციის შესახებ, რომელიც განიცადეთ, როდესაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლებად თქვენ და თაკი მუმლაძე დაგასახელეს?

ემოციები და ბედნიერების განცდა მეც და თაკისაც დღემდე გამოყოლილი გვაქვს. ეს საოცარი მომენტი იყო, რომელსაც ნამდვილად არ ველოდით. თუმცა არსებობდა მცირე ვარაუდი, რომ „ჩემი ოთახი“ აიღებდა ჯილდოს საუკეთესო ფილმის ან საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში, ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ფილმსაც და მთელ ჯგუფს. ფესტივალის პერიოდში, მთელი კვირის განმავლობაში ჟურნალისტები, კრიტიკოსები, მაყურებელი გვაჩერებდნენ ქუჩაში და გვეუბნებოდნენ, რომ „ჩემი ოთახი“ მათი ფავორიტი ფილმი იყო ღონისძიებაზე. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად, იმედი გვქონდა, თუმცა ასეთ საოცარ გამარჯვებას ნამდვილად არ მოველოდით. თაკიც და მეც, უცებ ერთად სცენაზე, ჯილდოთი ბენისიო დელ ტოროს გვერდით – მართლაც წარმოუდგენელი იყო. მაყურებელსაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდა ჩვენი გამოსვლა – დაჯილდოების შემდეგ მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი გამარჯვება იყო ყველაზე ემოციური მომენტი მთელი ცერემონიალის განმავლობაში.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა როგორც ფილმის, ასევე თქვენი – მსახიობების წარმატება?

ვფიქრობ, ფილმის გამარჯვება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა – ალბათ, პირველ რიგში, ფილმის იდეამ და თემამ. მგონია, რომ დღეს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია ქალის თემაზე ღიად, ხმამაღლა და განუწყვეტლივ საუბარი. თითქოს მართლაც შეუჩერებელია ქალების ოპრესია. ამდენი ხანია ვიბრძვით და მაინც ვერ მივდივართ წინ სათანადოდ. ამის მაგალითია, ის რაც ხდება ამერიკაში აბორტთან, საქართველოში კი ფემიციდთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ფილმს გამოარჩევს იდეა და მასში გაჟღერებული პრობლემები. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც კარლოვი ვარსა და ევროპაში ყველა ხაზს უსვამდა არის ის, რომ ფილმის სცენარი თაკი მუმლაძის თანაავტორობითაა დაწერილი. კინოსცენარი სოსო ბლიაძემ, „ჩემი ოთახის“ რეჟისორმა და თაკი მუმლაძემ, ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, ერთად დაწერეს. როდესაც გვსურს ქალების პრობლემების წარმოჩენა, აუცილებელია, რომ ამაზე თვითონ ქალმა ისაუბროს. აღნიშნულ თემატიკაზე გადაღებული ფილმების 90% პროცენტის სცენარი კაცის მიერაა დაწერილი და აქედან ნახევარი მაინც ყველასთვის საყვარელი კინოსურათებია, მათ შორის ჩემთვისაც, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო სკეპტიკური ვხდები ქალის შესახებ კაცის ნარატივის მიმართ.

ჩემთვის სწორედ ის ფაქტია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თაკი არის სცენარის თანაავტორი. გარდა ამისა, სოსომ და თაკიმ ერთად გააკეთეს ფილმის მონტაჟი. ქართულ საზოგადოებაში თაკის თანაავტორობაზე იშვიათად თუ ამახვილებენ ყურადღებას, ხოლო კარლოვიში, ძირითადად, ამ თემაზე საუბრობდნენ.

მოგვიყევით ვინ არიან თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟები? უშუალოდ თქვენს გმირს როგორ დაახასიათებთ?

ჩემი გმირი არის მეგი, რომელიც, მგონია, რომ მაყურებლისთვის ნაცნობი პერსონაჟია – თითქმის ყველას გვყავს ერთი ასეთი მეგობარი. მეგიზე მუშაობისას ვეცადე, მისი თვისებები ბევრი ნაცნობი ქალისგან ამეღო – ქალებისგან, რომელთაც ჩემზე მნიშვნელოვანი კვალი დაუტოვებიათ. მეგი დამოუკიდებელია, იცის დროისა და სივრცის ფასი. ვფიქრობ, ის ძალიან მიზანმიმართულია. თუმცა გამოსავალს ქვეყნიდან წასვლასა და დასავლეთში თავის დამკვიდრებაში ხედავს, რაც სამწუხარო და სევდიანი რეალობაა.

რა იყო ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ფილმში მონაწილეობასა და მეგის როლის განსახიერებას დასთანხმდით?

ფილმის გადაღება დავიწყეთ პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველაფერი გაჩერებული იყო. მე, თაკი მუმლაძე და ჩვენი მეგობარი ერთად ვცხოვრობდით სახლში, რომელიც რეალურად ფილმის ინსპირაცია იყო. თავდაპირველად, სოსო ბლიაძემ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება შემოგვთავაზა, რადგან არაფერი არ ხდებოდა, არავინ მუშაობდა, კამერა გვქონდა, დიტო დეკანოსიძეს, ჩვენს ოპერატორსაც ეცალა და ხმის რეჟისორსაც, თორნიკე ბუხრაშვილს. ამიტომ ხუთკაციანი გადამღები ჯგუფი შევიკრიბეთ და გაგანია პანდემიაში ფილმის გადაღება დავიწყებთ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც ფილმში მონაწილეობას დავთანხმდი, ეს იყო გამოწვევა, როგორც მსახიობისთვის, ასევე ფილმის თემა და თაკისთან პარტნიორობა, რაც ბევრად მიადვილებდა რთულ სცენებში თამაშს და თავს მშვიდად მაგრძნობინებდა.

რა განასხვავებს „ჩემ ოთახში“ ორ ახალგაზრდა ქალს – მეგისა და თინას? როგორ აისახება ეს განსხვავება მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და პრობლემებზე?

თინა და მეგი ორი განსხვავებული ქალია – განსხვავებული სოციალური ბექგრაუნდით, პრივილეგიით, გარემოთი, შეხედულებებით. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ პრობლემები აერთიანებთ.

ორივე მათგანი, მეტნაკლებად, დღევანდელი ქალების სახეა. ერთი მოქცეულია პატრიარქატული სოციუმის ჩარჩოებში და მისთვის ეს მოცემულობა ნორმაა, ხოლო მეორე ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას და თავი დაიმკვიდროს დამოუკიდებლად.

ფილმის მთავარი ხაზი პერსონაჟ თინაზეა, რომელიც ოჯახში ჩიხში ექცევა – მიდის სახლიდან და მეგისთან ერთად ქირაობს ოთახს თბილისში, რის შემდეგაც მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება.

რა მსგავსებაა მეგისა და თინას შორის? ამ ორი პერსონაჟის რა საერთო პრობლემები და გამოწვევები იკვეთება კინოსურათში?

ორივე პერსონაჟი საკუთარი თავის ძიებაშია – თავიანთი იდენტობისა და ადგილის ამ სამყაროში. თინა, რომელსაც აქამდე არ ჰქონია ამის საშუალება ან შესაძლებლობა, მეგისთან ერთად ცდილობს, საკუთარი თავი იპოვოს.

გარდა მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა, კიდევ რა საზოგადო პრობლემებია გაჟღერებული „ჩემ ოთახში“?

ფილმი რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას ეხება. პირველი და ყველაზე მნიშველოვანი ქალის თემაა და ჩვენი სოციუმის, რომელიც ქალის მუდმივ ოპრესიაშია. ფილმი ასევე ეხება ძალადობასაც და ხაზს უსვამს ქალთან შედარებით კაცის პრივილეგიას: როგორ შეილება, ოჯახმა ისევ კაცს დააფაროს ხელი და ძალადობის მსხვერპლი ქალი გარიყოს. ამ ყველაფრის ფონზე, ქალმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლობის მოპოვება, რასაც რეალურად არავინ გვასწავლის და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თავიდანვე მოკერებული გვაქვს დედის და ცოლის იარლიყი, რის ფონზეც ქალები უბრალოდ ფლანგავენ თავიანთ ცხოვრებას და დრო არ რჩებათ იმისთვის, რომ საკუთარი სურვილები, მოთხოვნილებები გაიგონ.

ფილმი ეხება პანდემიის თემებსაც და დღევანდელ სოციალურ პრობლემებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში გამოკვეთილს.

მარიამ, როგორ ფიქრობთ, რა ღირებულება აქვს „ჩემ ოთახს“ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კინემატოგრაფიისა და საზოგადოებისთვის?

ფესტივალზე ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა. ერთ-ერთი პრემიერის შემდეგ ჩვენთან მოვიდა ქალი და გვითხრა რომ, ჰყავდა ქალიშვილი, რომლის გაგებაც ხანდახან ძალიან უჭირდა. მისი თქმით, ამ ფილმიდან ბევრი რამ ისწავლა და ახლა უკვე შეუძლია, რომ საკუთარ შვილს გაუგოს. ზუსტად ეს არის მიზეზი, რატომაც ვქმნით ხელოვნებას. ამ დღის შემდეგ ვთქვით, რომ ტყუილად არ გვიშრომია და რაღაც გამოგვივიდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ფილმს საქართველოშიც მსგავსი გამოხმაურება მოჰყვება, და რაც შეიძლება ბევრი ქალი ნახავს მას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ ქართველი ქალების ხმები (underrepresented voices) ბევრგან გაჟღერდეს.

კრიტიკოსები „ჩემი ოთახის“ თემატიკასა და პერსონაჟებს სხვადასხვა ნაწარმოებისა თუ ფილმისას ადარებენ – თქვენ თუ ხედავთ ამ მსგავსებას?

ბევრი კრიტიკა წავიკითხეთ, Screen Daily წერდა, რომ შარლოტ რემპლინგისა და ლინ რედგრეივის დუოს მოგაგონებთო თინა და მეგი. ჩემთვის რთულია „ჩემი ოთახი“ სხვა ფილმებს ან პერსონაჟები ერთმანეთს შევადარო, თუმცა ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ ის ასეთი ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

ფილმი კორონავირუსის პანდემიის პერიოდშია გადაღებული – როგორ აისახა შექმნილი ვითარება გადაღების პროცესზე? ხელისშემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებზე რა გვეტყვით?

ახლა რომ მახსენდება, ვფიქრობ, ძალიან იღბლიანები ვიყავით – პანდემიის პერიოდში უცებ ამ ფილმის წყალობით ძალიან დაკავებულები აღმოვჩნდით, მაგრამ თვითონ პროცესის დროს ეს გარემოება, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემა იყო. არც დაფინანსება გვქონდა, ვცდილობდით ხუთ კაცზე მეტი არ ვყოფილიყავით სეტზე. ხან კომენდანტი იწყებოდა და სცენებს ვერ ვასწრებდით. თუ დამატებით პერსონაჟი დაგვჭირდებოდა, ისევ ჩვენიანი მოგვყავდა, რომ კოვიდის საფრთხე აგვეცილებინა თავიდან. ძალიან ვფრთხილობდით, თუმცა, რაღაც მხრივ, პანდემია რომ არა, შეიძლება, ეს ფილმი საერთოდ არ გადაღებულიყო.