მეღვინეობა „ჩელთი“-ს გლობალური ამბიციები | ინტერვიუ ანა მირიანაშვილთან

ტრადიციული მეღვინეობა საქართველოში ყოველთვის ოჯახთან ასოცირდებოდა. ზოგიერთმა ოჯახმა კი ტრადიცია ბიზნესად აქცია და ის საზღვრებს გარეთ გაიტანა. მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია კი ამის საუკეთესო მაგალითია. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და მარტივად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი.

THE WASHINGTON POST-მა ჩელთის ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს. საერთაშორისო ბაზარზე ჩელთის პრემიუმ ხარისხის ღვინისადმი მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ეს კი ჩვენი რესპონდენტის ‒ კომპანიის კომერციული დირექტორის ‒ ანა მირიანაშვილის დამსახურებადაც შეიძლება ჩავთვალოთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ანამ თავიდანვე იცოდა, რომ ოჯახურ ბიზნესში ჩართვა დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა და ყოველთვის თვლიდა, რომ ამისთვის მრავალფეროვანი გამოცდილებისა თუ ცოდნის დაგროვება იყო საჭირო. განათლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესსკოლაში, ბოკონის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო პარალელურად პრაქტიკებს მსოფლიოს წამყვან კომპანიებსა თუ საინვესტიციო ფონდებში იღებდა.

„ბოკონის დამთავრების შემდეგ ერთი წელი ოჯახური ბიზნესის განვითარებას დავუთმე და ჩელთის ღვინისთვის ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება დავიწყე. ჩემს ძმასთან ერთად წავედი აზიაში ‒ ჩინეთში და იაპონიაში, იქიდან კი წარმატებული კონტრაქტებით დავბრუნდით. ჩვენი ღვინო სულ მალე ერთ-ერთი გაყიდვადი ქართული ღვინო გახდა აზიის ბაზარზე“, – გვიყვება ანა.

ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის სტატუსი, როგორც თავად ამბობს, საკუთარი ოცნების უნივერსიტეტში, “IE Business School-ში“ მიიღო. შემდეგ კი, პარტნიორებთან ერთად განავითარა ბიზნეს იდეა, რომელიც კვებისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბლოქჩეინ და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებას გულისხმობდა. იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა და შვეიცარიული Venture Capital-სგან 130 000 ფრანკის ინვესტიცია მოიზიდა.

„ყველა გამოცდილება რაც წლებთან ერთად მივიღე დამეხმარა, რომ პასუხისმგებლობა ამეღო და სრულად ჩავრთულიყავი საოჯახო კომპანიაში კომერციული დირექტორის თანამდებობაზე“, – გვიზიარებს ანა.

წარმატების მიღწევაში მიზანსწრაფულობა, შრომისმოყვარეობა და მოთმინების უნარი ეხმარება. თვლის, რომ „დაუღალავი შრომით და მიზანსწრაფულობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი“.

თქვენი გამოცდილებიდან, რა არის საოჯახო ბიზნესის თავისებურებები?

„საოჯახო ბიზნესი რთულია, საჭიროა ბალანსი, რათა პირადმა ურთიერთობებმა ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ჩვენს შემთხვევაში, ოჯახის წევრები ერთად განვიხილავთ საკითხებს და შემდეგ ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას. მე როგორც ქალი, ვფიქრობ, ბევრ საკითხს ჩემი ძმისგან და მამაჩემისგან განსხვავებულად ვუყურებ და ეს სულაც არ არის ცუდი. ჩვენ ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს განსხვავებულ შეხედულებებს, გვაქვს დისკუსია და შემდეგ მივდივართ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე“.

კომპანიაში ანას საქმიანობა პარტნიორებთან მუდმივ, ინტენსიურ კომუნიკაციასა და ახალი ბაზრების მოძიებასთან არის დაკავშირებული. იგი გვიყვება, რომ სურს ‒ „ჩელთის და, ზოგადად, ქართული ღვინის სახელი მთელს მსოფლიოში ცნობადი გახდეს. ამისთვის ყოველდღიურად ბევრს ვშრომობთ. პირველ რიგში, ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის ღვინოს, შემდეგ კი მუდმივად ვცდილობთ დავესწროთ საერთაშორისო ღონისძიებებს, გამოფენებსა თუ დეგუსტაციებს, და რაც შეიძლება მეტ ღვინის ექსპერტსა თუ მომხმარებელს გავაცნოთ ქართული ღვინო. რამდენიმე კვირის წინ ჩამოვედი ნიდერლანდების სამეფოდან, სადაც ღვინის მაგისტრების სატელევიზიო გადაცემაში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სომელიესთან ერთად, ქართული ღვინის და საერთაშორისო კერძების კომბინაციებზე ვისაუბრე. აგრეთვე ვესწრებოდი ქალი მეღვინეების საერთაშორისო ფორუმს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას. ერთ-ერთმა გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ აღნიშნა, რომ ჩელთი კარს უღებს სხვა ქართულ მეღვინეობებს მსოფლიოს ბაზარზე“. ფიქრობს, რომ „ქართული ღვინის კომპანიები ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ და პირიქით, ერთმანეთის მხარში თანადგომით, კიდევ უფრო უნდა ავამაღლოთ ქართული ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე“.

თქვენი ღვინო მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. როგორია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი? რომელ ქვეყნებშია მოთხოვნა გაზრდილი თქვენი ღვინის მიმართ?

„ქართულ ღვინის ექსპორტის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე აშშ-ში. ჩელთის ღვინო 22 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ამჟამად პროდუქციას ვყიდით აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ყაზახეთში, კანადაში და ა.შ. ევროპაში გავხსენით საკუთარი საწყობი და შევქმენით სადისტრიბუციო ქსელი. ჩვენი ღვინო წარმოდგენილია სამი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნებში, ბევრ პრესტიჟულ სასტუმროსა და ღვინის მაღაზიაში. ბერლინის ცენტრში გვაქვს ჩელთის ღვინის მაღაზიაც.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

იზრდება მოთხოვნა ამერიკის ბაზარზეც, უკვე რამდენიმე შტატს ვამარაგებთ ჩვენი პროდუქციით. ნიუ იორკში, მანჰეტენზე ბევრ ცნობილ ბარსა და ღვინის მაღაზიაში შეხვდებით ჩელთის ღვინოს, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო ფართო მომხმარებელს გავაცნოთ ჩვენი ღვინო. აზიაში ჩელთის ღვინო ძირითადად იაპონიის, ჩინეთის და ყაზახეთის ტერიტორიაზე იყიდება. იაპონიაში საკურას ღვინის კონკურსზე 5 ოქროს მედალი ავიღეთ. ყაზახეთში კი ნაციონალური ავიახაზების “Air Astana-ს” ტენდერში გავიმარჯვეთ, რის შედეგადაც საერთაშორისო ფრენისას ბიზნეს კლასში ჩელთის ღვინოს შეხვდებით.

რაც შეეხება ახალ ბაზრებს, ცოტა ხნის წინ ჩამოვედი მექსიკიდან. გვინდა ერთ-ერთი პირველები ვიყოთ, რომლებიც ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში ქართული ღვინის გაყიდვასა და პოპულარიზაციას დაიწყებს“.

როგორია კონკურენცია სხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებთან? რა არის მთავარი გამოწვევები ამ კუთხით?

„კონკურენცია საერთაშორისო ბაზარზე რთულია. კლასიკურ ღვინის მწარმოებელ რეგიონებს უკვე საუკუნეების მანძილზე კარგად იცნობს მომხმარებელი. საქართველო კი პატარა ქვეყანაა და ბევრმა ადამიანმა ჩვენი ქვეყნის შესახებაც კი არ იცის“, – გვიყვება ანა. თუმცა ფიქრობს, რომ გამოწვევებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს, არამედ უნდა გაგვაძლიეროს. „ჩვენს შემთხვევაში, მსოფლიოს 2 წამყვან ღვინის კონკურსზე “Decanter”-ზე და “Mundus Vini”-ზე, სადაც 3000 ზე მეტი ღვინის კომპანია იღებდა მონაწილეობას, შოუს საუკეთესო ღვინის სტატუსი მოგვანიჭეს და 20 საუკეთესო ღვინოში შეგვიყვანეს. ჩელთის საფერავი პრინც ჰარის და მეგან მარკლის სამეფო ქორწილშიც იყო წარმოდგენილი. ალბათ ადრე, რომ ვინმეს ეთქვა ვერ დავიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ვრწმუნდებით რომ ყველაფერი მიღწევადია, მთავარია სურვილი, მონდომება და დაუზოგავი შრომა.“

გასული წელი თითქმის ყველა ბიზნესისთვის რთული აღმოჩნდა სხვადასხვა თვალსაზრისით. რა გასწავლათ გასულმა წელმა?

„გასულმა წელმა გვასწავლა, რომ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციაა საჭირო. ჩვენს შემთხვევაში ეს დრო გამოვიყენეთ ონლაინ გაყიდვების გასაუმჯობესებლად. გაყიდვები დავიწყეთ ამაზონის პლატფორმაზე და აგრეთვე განვავითარეთ საკუთარი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა, სადაც მთელი ევროპის მასშტაბით შესაძლებელია ჩელთის პროდუქციის შეძენა. ამავდროულად, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს სხვადასხვა იმპორტიორთან და ღვინის ობიექტებთან. ერთ-ერთი გამორჩეული მათგანი არის 3 მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი „არზაკი“, რომელთანაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მათ მენიუში ჩელთის ღვინო ოფიციალურად დაემატა, აქამდე ქართული ღვინის სექცია აღნიშნულ რესტორანში საერთოდ არ არსებობდა“.

როგორია მეღვინეობა ჩელთის სამომავლო მიზნები, გეგმები?

„სამომავლოდ, პირველ რიგში გვინდა საქართველოს ბაზარზე უფრო მეტად გაგვიცნოს მომხმარებელმა და შეიყვაროს ჩვენი ღვინო, რადგან აქამდე ძირითადად ექსპორტზე ვიყავით წარმოდგენილნი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მომხმარებლის შეფასება და დაფასებაა. საერთაშორისო ბაზარზეც ბევრი გეგმა გვაქვს. ივნისის თვეში ვაპირებთ სამხრეთ კორეაში გამგზავრებას. დაგეგმილი გვაქვს საინტერესო ღონისძიებები, გამოფენები და შეხვედრები“.

როგორია, თქვენი როგორც ქალის, პირადი გამოცდილება ღვინის ინდუსტრიაში?

„იყო ქალი ღვინის ინდუსტრიაში, სადაც ძირითადად მამაკაცები არიან წარმოდგენილნი, რა თქმა უნდა, ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ხშირად ეჭვი შეაქვთ შენს კომპეტენციაში სქესის თუ ასაკის გამო, თუმცა დღევანდელ დღეს ბევრმა ქალმა დაამტკიცა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომ ქალებს შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები როგორც ღვინის, ისე სხვა დანარჩენ ინდუსტრიებში. ქალებს ვურჩევდი, რომ იყვნენ თავდაჯერებულები, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და არ შეუშინდნენ რთულ გამოწვევებს“.