Chegg – ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სტუდენტებისგან მიღებული შემოსავლებით გამდიდრდა

ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გვიოცნებია ისეთი ადამიანის ან პროგრამის არსებობა, რომელიც დავალებებსა თუ სავარჯიშოებს ჩვენ ნაცვლად შეასრულებდა. განსაკუთრებით დაღლილს, ლეპტოპებთან  ყავის ფინჯნით მიმჯდარს შეიძლება გაგიჩნდეს მსგავსი ფიქრები.

Chegg, 12 მილიარდიანი ტექნოლოგიური კომპანია პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გამდიდრდა. ის სტუდენტებს სასწავლო  პროცესის მიმდინარეობისას წამოჭრილ საჭიროებებს სხვადასხვა სერვისით პასუხობს.

Data: Chegg / Infogram: Forbes

Chegg კალიფორნიაში, სანტა კლარაში მდებარეობს, თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა ინდოეთიდან იმართება. კომპანიაში სხვადასხვა დარგის, მათ შორის მათემატიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დაახლოებით 70,000 ექსპერტია დასაქმებული. ისინი ფრილანსერები არიან და მომხმარებელს კითხვაზე პასუხს 24 საათის განმავლობაში აწვდიან.

რას ნიშნავს Chegging?

Chegg study მომსახურების სერვისია, რომელშიც ყოველთვიურად დაახლოებით 15$-ს იხდი. პროგრამას რამდენიმე წამი სჭირდება, რათა სწორი პასუხი მოძებნოს ბაზაში, სადაც 46 მილიონზე მეტი დავალების მონაცემია თავმოყრილი. თუმცა Chegg Study-ის გარდა, პლატფორმაზე სხვა სახის მომსახურებების მიღებაცაა შესაძლებელი. სტუდენტები ყიდულობენ, ყიდიან ან თუნდაც „ქირაობენ“ წიგნებსა და მასალებს. გარდა ამისა,  პროგრამა მოიცავს პროვაიდერს Zinch-ის სახელით, საძიებო სისტემას, რომელიც მიმდინარე სტაჟირებების და დაფინანსებების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება. Chegg ცდილობს, სასწავლო პროცესი სტუდენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული, მოსახერხებელი და ნაკლებ ხარჯებთან დაკავშირებული გახადოს. 

კომპანია 2005 წელს დაარსდა, თუმცა მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2000 წლიდან არსებობდა. Chegg-ის ჩამოყალიბების წინაპირობა აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტის რთული გამოცდილება გახდა. Chicken or egg – ქათამი თუ კვერცხი, ალბათ, კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კონტროვერსიული კითხვაა. თუმცა, მსოფლიო მასშტაბს თუ შევამცირებთ და სამიზნე აუდიტორიად სტუდენტებს დავისახავთ, ამ ჯგუფისთვის საკამათო კითხვად  სულ სხვა რამე რჩება – კონკრეტულად კი, სამსახური თუ გამოცდილება. ისევე, როგორც კვერცხის გარეშეა შეუძლებელი ქათმის გაჩენა და პირიქით, ასევე წარმოუდგენელია სამსახურის პოვნა გამოცდილების გარეშე და გამოცდილების მიღება სამუშაოს გარეშე. მსგავსი დილემის წინაშე იდგა სამი სტუდენტიც, რომლებსაც მოცემულობამ Chegg-ის შექმნისკენ უბიძგა.

კომპანიამ გაფართოება დაიწყო. 2002 წელს მან შეისყიდა UCLA-ის საინჟინრო კურსდამთავრებულის, 24 წლის აარონ ჰოკის სტარტაპი Cramster, რომელსაც სურდა, რომ შეექმნა სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა რთულ მათემატიკურ და მეცნიერულ კითხვებზე პასუხის მიღება. მოგვიანებით პლატფორმას Chegg study  დაერქვა. 2005 წელს ჩეგმა მიმართულება ოდნავ შეცვალა და ერთგვარად წიგნების საცავი გახდა. სტუდენტები ძვირადღირებულ სასწავლო მასალას ახლა ბევრად შეღავათიან ფასში ყიდულობდნენ: „იმ წიგნების შეძენა, რომელიც 250$ ჯდებოდა, ახლა 30$-ად იყო შესაძლებელი“ – ამბობს აარონი. თუმცა წიგნების შესყიდვა, დასაწყობება და ტრანსპორტირება კომპანიისთვის ხარჯიანი აღმოჩნდა.

2010 წელს Chegg-ის ერთ-ერთმა ინვესტორმა ბიზნესის წინ წასაწევად დენ როზენვაიგი დაიქირავა. 59 წლის დენს ლიდერობის გამოკვეთილი ნიშნები ჰქონდა. ის  ტექნოლოგიურ სიახლეებზე ორიენტირებულ გვერდს ხელმძღვანელობდა 1990-იან წლებში, შემდეგ კი მუშაობდა Yahoo-ს პორტალზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოცდილება არც განათლების სფეროს და არც სწავლების მიმართულებებს არ მოიცავდა, დენი კომპანიის შესაძლებლობებით მაინც დაინტერესდა: „მე მყავდა ორი გოგონა, რომლებიც კოლეჯისთვის ემზადებოდნენ. მინდოდა შემექმნა პლატფორმა , რომელსაც ისინი და მისი ასაკის ადამიანები გამოიყენებდნენ“- ამბობს ის.

როზენვაიგმა ინვესტორების მოზიდვა დაიწყო. თუმცა ყველაფერი მხოლოდ დადებითი მიმართულებით როდი ვითარდებოდა. 2012 წელს Amazon-მა თავადაც დაიწყო წიგნების გაქირავება, რამაც Chegg უკან საგრძნობლად დახია. ოთხი წლის თავზე საფონდო ბაზარზე მისი ფასი 12.5 მილიონი დოლარიდან 4 მილიონ დოლარამდე დაეცა. დენმა სიტუაციიდან გამოსავალი მალევე იპოვა. მისი პლატფორმა Chegg Study ნელ-ნელა უკონკურენტო გახდა.

ჩეგის პრეზიდენტი, ნეითა შულცი, ამბობს: „ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები, რომ ვერ დავინახოთ გადაწერის პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით ონლაინ სწავლაზე გადასვლის პერიოდიდან გაიზარდა. თუმცა, ჩვენი გუნდი ამის მოგვარებას ცდილობს, რაშიც ძალიან დიდი რესურსი გვეხარჯება. ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით შეუძლებელია, ამიტომ ვცდილობთ უნივერსიტეტებთან და ფაკულტეტებთან თანამშრომლობას“.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, იანვრის შუა რიცხვებში კომპანიამ ახალი პროგრამის გამოშვება დააანონსა. Honors Shield – იქნება პლატფორმა ლექტორებისა და პროფესორებისათვის, რომელიც დავალებებისა თუ გამოცდების გადაწერის პრევენციისთვის იქნება გამოყენებული. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგამოცდო საკითხები ჩეგის ბაზაში წინასწარ აღწერონ. შედეგად კი სტუდენტების მიერ დასმულ იმავე შეკითხვებს პროგრამაში აღარავინ უპასუხებს.