Marriott International-ის ახალგაზრდა გაყიდვების დირექტორი

ცოტა იღბალიცაა, როცა სტუდენტი ხარ და კარიერაში პირველ ნაბიჯებს საერთაშორისო ბრენდის ქოლგის ქვეშ დგამ, მერე უკვე შენზეა დამოკიდებული როგორ ივლი წინ. ანა ჩეჩელაშვილმა ამ გზაზე წარმატებით იარა და ახლა ის Marriott International-ის ქსელის, ანუ ჯამში 7000-მდე სასტუმროს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გაყიდვების დირექტორია, უფრო ზუსტად 28 წლის იყო, როცა საერთაშორისო ბრენდის ქართულ ქსელში გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი ჩაიბარა, მას შემდეგ 5 წელი გავიდა და ახლა დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ერთდროულად სამი სასტუმროს განვითარებაზე ზრუნავს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჯერ კიდევ კავკასიის უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის სტუდენტი, გაცვლითი პროგრამით რიგის RISEBA-ს უნივერსიტეტიდან დაბრუნდა. ჰქონდა სურვილი და დრო იმისთვის, რომ სწავლის პარალელურად ემუშავა კიდეც. სწორედ ამ დროს Marriott-იდან კავკასიის უნივერსიტეტმა სტუდენტთა დასაქმების მიზნით მიწვევა მიიღო, ანამ გასაუბრება გაიარა და 19 წლის ასაკში სასტუმრო ინდუსტრიაში შეაბიჯა, ჯერ ღონისძიებების მიმტანის პოზიციაზე, შემდეგ კი იყო ღონისძიებების მენეჯმენტი, პირველ ეტაპზე ანაზღაურების გარეშეც კი.

„Marriott-ში საქმიანობა კვებისა და სასმელების დეპარტამენტიდან დავიწყე, ვაკეთებდი თითქმის ყველაფერს, ვეხმარებოდი ღონისძიების მენეჯერებს. ასე დაახლოებით 1 წელი. შემდეგ მაშინდელმა გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა ჩათვალა, რომ ძალები გაყიდვებში უნდა მომესინჯა. ზოგადად, ბავშვობიდან ძალიან მონდომებული ვიყავი, გაყიდვებში კი ხასიათის ეს შტრიხი მთავარია, ისე პროდუქტის გაყიდვა არ გამოვა“.

ამ დეპარტამენტში პირველ ეტაპზე რიგითი თანამშრომელი იყო, მალე ზედამხედველის პოზიციამდე დააწინაურეს. 2013 წელს, M2-დან დაუკავშირდნენ. ახლა იხსენებს, რომ ეს შეთავაზებაც სულ შემთხვევით მიიღო და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერად დასაქმდა, დიდი დრო არ გასულა და ანა კომპანიამ უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანა. თუმცა როგორც კი ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, ისევ უკან სასტუმრო ინდუსტრიაში დაბრუნდა, ეს 2016 წლის მიწურულს იყო და ახლა ამბობს, რომ კიდევ დიდხანს ამ სფეროდან არსად წასვლას გეგმავს, მერე რა, რომ სულ თავიდან მისი მიზანი სასტუმრო ბიზნესი სულაც არ ყოფილა?

„სტუდენტობისას სასტუმრო ბიზნესზე არც კი მიფიქრია. თუმცა, როდესაც შესაძლებლობა გაჩნდა, ირგვლივ ყველამ მირჩია, რომ ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა, თანაც მინდოდა ჩემი შემოსავალი მქონოდა, რათა თავად განმეკარგა საკუთარი ფინანსები. სასტუმრო ბიზნესი ძალიან საინტერესო საქმეა, აქ რუტინაში არასოდეს ხარ, მუდმივად სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან გაქვს შეხება, გიწევს სხვადასხვა მოთხოვნებზე მორგება, თანაც ბაზარი მუდმივად იცვლება, ჩნდებიან ახალი კონკურენტები. აქედან წასვლა ჩემი გამოცდილებით ძნელიც კია“.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ ენდო ამხელა Marriott-ი და „ჯი ემ თი ჯგუფი“ 28 წლის ანას? საკუთარ თავზე საუბარი როგორც ჩანს დიდად არ უყვარს, თუმცა ხასიათის შტრიხებს შორის შეუპოვრობას გამოჰყოფს, ამბობს რომ დაბრკოლებებს არც თავად ეპუება და თანამშრომლებსაც იმავეს ურჩევს. ანა ჩეჩელაშვილს მიაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა „არა“-ს გეუბნებიან თუ „კი“-ს, უნდა გამონახო გზა და მიხვიდე მიზნამდე. მიზნამდე მისვლის ადრენალინის გარეშე ცხოვრება საინტერესოდ არ ესახება, ამიტომაც ვარაუდობს, რომ ეს სწორედ ის არის, რამაც Marriott-სა და მფლობელ კომპანია „ჯი ემ თი ჯგუფს“ მასთან ამ სტატუსით თანამშრომლობა გადააწყვეტინა.

როცა Marriot-ში დაბრუნდა კომპანია ახალ სასტუმროს „მოქსი თბილისს“ ხსნიდა. გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტმა სწორედ ანას ხელმძღვანელობით სასტუმროს სრული მარკეტინგი უზრუნველყო, ცხადია, პროცესში სხვა კოლეგების ჩართულობით. ჯამში 7 კაციანი გუნდი ახლა „მოქსის“ გარდა თბილისი მარიოტისა და ქორთიარდის ოთახებისა და თუ საკონფერენციო მომსახურების გაყიდვებსა და რეკლამირებაზე მუშაობს. ანას დეპარტამენტის საქმეა გაყიდვები, მარკეტინგული აქტივობები, სოციალური მედია, ციფრული მიმართულება სრულად.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

როცა ანას ინდუსტრიაში Marriott-ის უპირატესობაზე ვეკითხებით, სამ მთავარ ფაქტორს გამოყოფს: პირველი და უმთავრესი გამოცდილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია, მეორე ის შესაძლებლობა, რომელსაც ჯგუფს საფასო პოლიტიკის ნაწილში სამი სხვადასხვა ბრენდის მართვა აძლევს და მესამე – სასტუმროების ცენტრალური ადგილმდებარეობა.

„ჩემი აზრით, ეს ის სამი მთავარი ფაქტორია, რაც ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქში მაღალი კატეგორიის სასტუმროებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განახლებული სასტუმროც ჩვენია, თბილისი მარიოტი 2019 წელს განვაახლეთ, ქორთიარდი ამჟამად ახლდება და სრულიად ახალი მოქსი კი 2018 წელს გავხსენით“.

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ანას კარიერაში უპრეცენდენტო გამოწვევა კოვიდპანდემიაა. ახლა, როცა 2020 წელს იხსენებს, ამბობს რომ ეს შოკი იყო, დაიხურა ქორთიარდი, მოქსი სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკარანტინე სასტუმროდ გადასცეს, მუშაობდა თბილისი მარიოტი, რომელმაც მაშინ ერთგვარი ჰაბის როლი შეიძინა. ანა ამბობს, რომ ახალ რეალობაზე ადაპტაცია Marriott-ის სათაო ოფისისა და მფლობელი კომპანია „ჯი ემ თი ჯგუფის“ დახმარებით სწრაფად მოხდა. მარიოტმა ახალი სტანდარტები გაწერა და მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ სასტუმროებს დაუგზავნა. ეპიდემიამ მოიტანა ის, რომ საქართველოში Marriot-ის ქსელის სასტუმროების დატვირთვა საგრძნობლად შემცირდა, მენეჯმენტს ხარჯების ახლებურად გადანაწილება მოუწია, რათა ზარალზე არ გასულიყვნენ. საბოლოოდ, Marriott-მა საქართველოში 2020 წელი ისე დაასრულა, რომ მუდმივი თანამშრომლების შემცირება არ დასჭირვებია.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ 2021 წლის საპროგნოზო ბიუჯეტი შევასრულეთ და გადავაჭარბეთ კიდეც. ვიმედოვნებთ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ძველ ნიშნულზე გავალთ“.

ანა გვეუბნება, რომ ჰუმანური მართვის სტილი აქვს და რომ მისთვის მთავარია საქმე გაკეთდეს, როგორ და რა ფორმატში ამას თანამშრომლებს ანდობს, მიზანი მიღწეული უნდა იყოს, კონკრეტულ დროში! მისი, როგორც მენეჯერის მიზანია გუნდის წევრების განვითარებაზე იზრუნოს, ამას საკუთარ მაგალითზე დაყრდნობითაც აკეთებს. კარიერის ამ ეტაპზე ამბობს, რომ რომ არა კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც საჭირო დროს დაინახეს და შანსი მისცეს, დღეს ვერ იქნებოდა იქ, სადაც არის! შესაბამისად უნდა რომ სხვების ცხოვრებაში თავად იყოს ასეთი მნიშვნელობის ადამიანი.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

სად ხედავს საკუთარ თავს მომავალში? ისევ სასტუმროში, თუმცა მენეჯმენტის უმაღლეს რგოლში, აქვს ამბიცია, რომ უახლოეს ორ წელიწადში მზად იქნება გენერალური დირექტორობა იტვირთოს, ოღონდ ჯერ უნდა რომ ისწავლოს, პრაქტიკაში. მერე ალბათ საკუთარ სასტუმროსაც გახსნის, მეუღლესთან ერთად ამ ბიზნესში 10 წლიანი გამოცდილება უკვე დააგროვა, ამიტომაც ყველაფერი წინ არის.

„სასტუმრო ბიზნესში, ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულ გამოცილებას, ვიდრე თეორიულ განათლებას“.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა სამსახურს დიდ დროს უთმობს, ოღონდ ეს მისი სურვილით ხდება და არა იძულებით. მიაჩნია, რომ ძალიან გაუმართლა, ისეთ ლიდერებთან მუშაობით, რომლებიც კარიერის გამო პირადი ცხოვრების დათმობას არასოდეს სთხოვდნენ. ზოგადად, მისი საქმე წინასწარ გაწერილ სამუშაო დროს არც გულისხმობს. ანა ამბობს, რომ კლიენტს მაშინ უნდა დაეხმარო, როცა ეს მას სჭირდება, იქნება ეს უქმეები თუ გვიანი საღამო.

„ახლა ორი შვილი მყავს, ორივე მცირეწლოვანია, რთულია ორი მცირეწლოვანის ერთად აღზრდა, თუმცა ბევრი დამხმარე მყავს და ამისთვის მადლობელი ვარ მათი. ვცდილობ, კარიერა და ოჯახი დავაბალანსო, ამ ეტაპზე ჩემი მთავარი გამოწვევა ეს არის, რომ ოჯახშიც და სამსახურშიც თანაბრად წარმატებული ვიყო, მგონი გამომდის კიდეც“.

Marriott-ის ქართული ქსელის დირექტორთა საბჭოში ქალები ჭარბობენ. ანას მიაჩნია, რომ საქმეში გენდერი გადამწყვეტი არ არის, რადგან მისი გადმოსახედიდან თითოეულ სქესს აქვს რაღაც უნიკალური, რაც მეორეს აკლია, ამიტომაც ამბობს, რომ ბიზნესში გენდერული თანასწორობის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ქალების შემთხვევაში, ეს უნიკალური თვისება ალბათ არის სხვა ტიპის ხედვა, რაც ჩვენ ისეთ გამოწვევებთან გამკლავებაში გვეხმარება, რისი აღქმაც შეიძლება მამაკაცს გაუჭირდეს ან სულაც სხვანაირად დაინახოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესში ქალთა მხარდაჭერა. ზოგადად მიმაჩნია, რომ უმთავრესია მიზანდასახულობა, მოქნილობა და პრიორიტეტების განსაზღვრა. ზუსტად უნდა იცოდე რისი მიღწევა გინდა!“

სწორედ ბიზნესში ქალების როლის გაძლიერებას ემსახურება ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“. ანა ამ ფედერაციის წევრია და მიაჩნია, რომ პლატფორმა სწორ დროსა და სიტუაციაში შეიქმნა, რადგან მათი ეგიდით ქალთა გაძლიერების მიზნით უამრავი პროექტი ხორციელდება. როგორც ანა გვეუბნება, ფედერაციის ყველა აქტივობა მიმართულია საქმიანი ქალების განვითარებაზე, ასევე მათ შორის ინფორმაციის გაცვლის მარტივი და მოქნილი მეთოდების ჩამოყალიბებაზე.

Marriott-ში საქმიანობის პარალელურად ანა მაგისტრის ხარისხს იცავს, ის შტატებში Kingston University-ში მარკეტინგის მენეჯმენტს სწავლობს. ეს ერთ-ერთია იმ გზებს შორის, რომელსაც საკუთარი თავის განვითარებისთვის მუდმივად გადის. მადლობელია ყველასი, ვინც მის კარიერულ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა, მათი ვინც დაინახეს და შესაძლებლობა მისცეს. მადლობელია მშობლებისაც, ანა ამბობს, რომ მის განათლებაში მშობლებმა ბევრი შრომა და რესურსი ჩადეს.