პროგნოზები ჩეთბოტების ბაზარზე და ამ შესაძლებლობის გამოყენების უპირატესობები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგია 21-ე საუკუნის ძირითადი მამოძრავებელი სფეროა. რამდენადაც ვითარდება ადამიანი, იმდენად წინ მივდივართ სხვადასხვა ტექნოლოგიების შექმნა/დახვეწაში, რაც თავის მხრივ ისევ ჩვენს განვითარებას უწყობს ხელს.

დღესდღეობით ამ მხრივ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი (AI) და მისი შესაძლებლობები, რომლებიც ნელ-ნელა ცვლიან ჩვენი ცხოვრების სტილს. ისეთი ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად, როგორიცაა: მარტივი ფინანსური ტრანზაქციები, ონლაინ მაღაზიებით სარგებლობა, ქოლცენტრებთან დაკავშირება და სხვა. ჩვენ უფრო და უფრო ხშირად გვიწევს არა ოპერატორებთან, არამედ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩეთბოტებთან კომუნიკაცია.

ჩეთბოტს მარტივად შეიძლება ეწოდოს ადამიანის ენობრივი ციფრული ასლი, რომელიც „ცდილობს“ იფიქროს და იმოქმედოს ჩვენ მსგავსად. მაშასადამე, მათი „დაქირავება“ საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ შესასრულებელი სამუშაოს ავტომატიზება ზედმეტი ადამიანური რესურსის დახარჯვის გარეშე.

ბოტების ციფრულ შესაძლებლობებს განსაკუთრებით აქტიურად იყენებს ბიზნეს სექტორი. შეიძლება ითქვას, რომ მათ ყველაზე დიდ წარმატებას  გაყიდვების სფეროში მიაღწიეს. ამჟამინდელი ინფორმაციით Facebook-ზე უკვე 300 000-ზე მეტი ჩეთბოტია განთავსებული. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბანკებიც საკმაოდ დიდ რესურს დებენ ჩეთბოტების სისტემის განვითარებაში.

Revechat-ზე ვკითხულობთ, რომ 2021 წლის პროგნოზირებით კომპანიების 47% ჩეთბოტებს გამოიყენებს მომხმარებელთა კმაყოფილების შესაქმნელად, 40% კი მათ წარმოადგენს თავის ვირტუალურ ასისტენტებად.

Digital Marketing Community-ის კვლევის თანახმად, ბოტების გამოყენება უმეტესად მოხდება: გადაუდებელი შემთხვევების ცენტრთან დაკავშირებისას სწრაფი პასუხის გასაცემად, კომპიუტერული პრობლემების გადასაჭრელად და სხვადასხვა საკითხებზე დეტალური ახსნა-განმარტებების გასაცემად. Business Insider-ის მონაცემებზე დაყრდნობით კი 2021-2024 წლებში ჩეთბოტების ბაზრის ზრდის წლიური ტემპი იქნება 29.7% და ამ ხნის განმავლობაში იგი 2.6 მილიარდიდან 9.4 მილიარდს მიაღწევს.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ძირითადად ამერიკის საბაზრო ტენდენციებიდან გამომდინარეობს, თუმცა შესაძლებელია საქართველოსთან პარალელის გავლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი სკეპტიკურად უყურებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, სულ უფრო მეტი ქართული ბიზნეს ორგანიზაცია და არამარტო, ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფლიო დინამიკას ჩეთბოტების ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით.

ზემოთ წარმოდგენილი ციფრები და პროგნოზები ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ აქვე საინტერესოა იმის გამოკვლევა თუ კონკრეტულად როგორ დაგვეხმარებიან ჩვენი ციფრული ასლები წარმატების მიღწევაში. ამ მხრივ შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი ასპექტი:

ადამიანური რესურსის გამოთავისუფლება

ჩეთბოტების დახმარებით შევძლებთ ჩვენს თანამშრომლებს ავარიდოთ რუტინული სამუშაოების შესრულება და შესაბამისად, მივცეთ მათ განვითარების მეტი შესაძლებლობა,

მომხმარებელთან კავშირი 24/7-ზე 

მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია ნებისმიერი საქმიანობის ამოსავალი წერტილია, თუმცა ამის შესრულება ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია. ბოტების დახმარებით კი ამ პრობლემას მარტივად მოვაგვარებთ, ვინაიდან ისინი ხელმისაწვდომნი იქნებიან დღის ნებისმიერ მომენტში მთელი წლის მანძილზე. ამასთან, გარდა ამ მხრივ კმაყოფილების შექმნისა, ისინი დაგვეხმარებიან მომხმარებელთა სურვილებისა თუ საჭიროებების უკეთ გამოკვლევა-პროგნოზირებაში.

სამუშაო დროის უკეთ ორგანიზება

როგორც ციფრულ ასისტენტებს, ჩეთბოტებს შეგვიძლია დავავალოთ ჩვენი დროის მართვა, ანუ შევუთავსოთ მათ ე.წ. მდივნის ფუნქცია.

ზემოთ წარმოდგენილი სამივე ფუნქციონალი საერთო ჯამში დაგვეხმარება ფინანსების დაზოგვაში, რაც, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

უპირატესობების გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს ნაკლოვანებებიც. ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როცა ჩეთბოტი არასწორად აღიქვამს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას ან გაცემულ „ბრძანებას“, რაც პრობლემურ საკითხს წამოადგენს, როგორც მომხმარებლისთვის, ისე კომპანიისთვის. ზოგადად, ბოტების შექმნის პროცესი არაა მარტივი, შესაბამისად ასეთი შეცდომების დაშვება გასაკვირი არ უნდა იყოს.

აუცილებელია იმის გააზრება, რომ ბოტის „გაცოცხლებისას“ ნარატივ დიზაინერი არა მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს, არამედ ცდილობს ჩაიხედოს თითოეული მომხმარებლის ტვინში და ამის მიხედვით გაწეროს თითოეული პასუხი. ეს კი იმაზე მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამასთან, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ბევრად ჩამორჩება ბუნებრივს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ასეა. აქედან გამომდინარე, ჩეთბოტს ვერ ექნება ყველა ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი.

ამ ეტაპზე ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობას.