13 ძლიერი ქალი პერსონაჟი

ყველა სტატია, რომელიც მიზნად ისახავს ძლიერი ქალი პერსონაჟების აღწერას, დაუსრულებელი ნაშრომივითაა – როგორც წინა სტატიებშია (8 გამორჩეული ქალი პერსონაჟი , 13 გამორჩეული ქალი პერსონაჟიაღნიშნული, შეუძლებელია ძლიერი და გამორჩეული ქალი პერსონაჟების ამოწურვა, რომლებმაც წარსულსა თუ თანამედროვეობაში სხვადასხვა დოგმები თუ სტერეოტიპები დაანგრიეს, ხოლო საზოგადოების წარმოდგენა უკეთესობისკენ შეცვალეს. ამ სერიის მესამე ნაწილში კი წარმოგიდგენთ კიდევ 13 ასეთ პერსონაჟს.

Copyright to ABC / Shondaland

ედისონ მონტგომერი „გრეის ანატომიისა“ და  „კერძო პრაქტიკის“ პერსონაჟია, მის როლს არაჩვეულებრივი  ქეით უოლში ასრულებს. ედისონი წარმატებული ნეონატალური ქირურგია. მიუხედავად მისი შეცდომებისა, მან „გრეის ანატომიაში“ მაყურებელს იმდენად შეაყვარა თავი, რომ საკუთარი სერიალიც კი დაიმსახურა „კერძო პრაქტიკის“ სახით. მისი ინტელექტი, ხასიათი, დახვეწილობა და შარმი კი ნამდვილად გამორჩეულ სახედ აქცევს. თავდაპირველად  პერსონაჟი აღწერილი იყო, როგორც „ცივი და უპატიებელი“, თუმცა საბოლოოდ ქეით უოლშის უბადლო შესრულების წყალობით, მაყურებელი პოზიტიურად განეწყო მის მიმართ და საბოლოოდ, ედისონ მონტგომერის არაჩვეულებრივი მეტამორფოზა ვიხილეთ.

Copyright to STARZ

მორგან ლა ფეი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ძლიერი ანტაგონისტი ქალია. ის წლების განმავლობაში უამრავმა მსახიობმა განასახიერა. მათ შორის, გამორჩეულ ადგილს  სერიალ „კამელოტში“ ევა გრინი იკავებს. ამ სერიალში, მორგანას პერსონაჟს ის გამოკვეთს, რომ მისი, როგორც ანტაგონისტის დანახვა რთულია. მაყურებელს ესმის მისი, რადგან ხედავს მიზეზს, თუ რამ უბიძგა პერსონაჟს ანტაგონიზმისაკენ. მორგანა  იტანდა, როგორ ამცირებდა და არაფრად აგდებდა დედამისს ლუთერ პენდრაგონი, შემდგომში ეს დამცირება და ჩაგვრა მხოლოდ მისი სქესის გამო უკვე მასზე გადმოდის. საბოლოოდ კი, როცა ლუთერ პენდრაგონი სამეფოსთვის გაურკვეველ ვითარებაში იღუპება, მაღალჩინოსნებისათვის ბევრად მისაღებია გამეფდეს არტური, მიუხედავად იმისა, რომ არც მისი მორალური ღირებულებები და სამართლიანობაა თვალუწვდენელი მწვერვალი. სერიალის შინაარსი ამძაფრებს უარყოფით დამოკიდებულებას  სექსიზმისა და დისკრიმინაციის მიმართ, იმიტომ რომ გამოკვეთს რამდენად იმოქმედა სხვა მხრივ სამართლიანი და დახვეწილი მორგან ლა ფეის პიროვნებაზე.

Copyright to Syfy

„ჯადოქრები“ ლევ გროსმანის ნაწარმოებია, რომელზეც 2015 წელს სერიალიც გადაიღეს. სერიალში მრავლად გვხვდებიან ძლიერი ქალები. მაგალითად, ქალღმერთად ქცეული ჯულია, გამორჩეული ინტელექტის მქონე ელის ქუინი თუ ნარკოდამოკიდებული ადამიანიდან გმირად ქცეული კეიდი. თუმცა, მათ შორისაც არის გამორჩეულად ძლიერი, უტეხი ინტელექტუალი, დახვეწილი და მომხიბვლელი მარგო ჰენსონი. მარგოს ხასიათისა და ინტელექტის გამორჩეულობას მისი სტატუსიც ამტკიცებს – მიუხედავად იმისა, რომ  ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, ისტორია მასზე არასდროს ყოფილა აგებული. ამის მიუხედავად, მოახერხა და ფილორის დედოფალი გახდა, საკმაოდ  გონივრულადაც მართავდა მას. არც მსხვერპლის გაღება დანანებია და საკუთარი თვალი თავისივე ნებით მისცა ფერიების დედოფალს. ის არაჩვეულებრივი მეგობარია. ერთგულება, შრომისმოყვარეობა და მისი სადაო მორალი კი პერსონაჟს დამატებით ხიბლსა და კონტროვერსიულობას სძენს.

Copyright to HBO

თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ შედევრს სერიალი „The leftovers“ წარმოადგენს. მასში კი  ხშირად ვხვდებით  პერსონაჟებს, რომლებისაც არ გვესმის. თუმცა მათ რიცხვს ნორა დარსტი არ მიეკუთვნება. მისი გვესმის მაშინაც, როცა მისი ოჯახი ჯერ კიდევ არ გამქრალა და წამიერი სისუტისას ნორა მათ გაქრობაზე ოცნებობს. თუმცა, ეს წამიერი სისუსტეც არ არის უმიზეზო- ის ოცნებობს რომ ჰქონდეს კარიერა და წარმატებას მიაღწიოს. ირონიულია, რომ სწორედ მისი ოჯახის გაუჩინარების შემდეგ  იპოვის იგი სამსახურს და წარმატებასაც მიაღწევს. სწორედ ამ დროს იაზრებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქვს, თავის შვილებთან დასაბრუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი. მისი მაშინაც გვესმის, როცა ეს ყველაფერი უკვე გააცნობიერა და „გმირების დღის“ მიმართვისას  საკუთარ ოჯახს მისტირის, არა იდეალურს და სრულყოფილს, არამედ არეულს, არასრულყოფილს, თუმცა მშვენიერს. ნორას მიზანდასახულობა და გამუდმებული ბრძოლა სიცოცხლის გაგრძელებისთვს კი  მას ერთ-ერთ უძლიერს პერსონაჟად აქცევს.

Copyright to Syfy

შემდეგი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს დოქტორი კატერინა ჯონსია სერიალიდან „12 მაიმუნი“. ის  ფიზიკოსია, რომელმაც მოახერხა და შექმნა დროის მანქანა, რომლის დახმარებითაც ამსხვრევს  საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ სტერეოტიპს, რომ ფიზიკა და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები ქალებისთვის  განკუთვნილი არ არის. თუმცა, პერსონაჟი გამორჩეული მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით არ არის. ის გამორჩეული დედაა, რომელმაც მოახერხა და დასძლია დროისა თუ სივრცის ბარიერი საკუთარი შვილის გადასარჩენად. მისი განსწავლულობა ხელოვნებასა და კულტურაში დასაფასებელია,  სამყაროში სადაც საკვებიც კი იშვიათობაა, კატერინა ჯონსის ოთახში შეხვდებით შექსპირს, ჯონ დონს, ბახსა თუ ვაგნერს. პერსონაჟის მთავარ ღირსებას  მაინც მისი პიროვნება წარმოადგენს – უდრეკი, დაუღალავი, დისციპლინირებული და მიზანდასახული.

Copyright to Netflix

სან ბაკი ვაჩოვსკების პერსონაჟია სერიალიდან „Sense 8“. ის სამხრეთ კორეელი ბიზნესმენის უფროსი ქალიშვილია, მამის კომპანიაში საკმაოდ მაღალი თანამდებობაც უჭირავს და ამის პარალელურად მეორე ცხოვრებითაც ცხოვრობს, როგორც არალეგალური კიკბოქსინგის ამომავალი ვარსკვლავი. მის პერსონაჟს უამრავი წინაღობის გადალახვა უწევს – დაწყებული სექსიზმით, დამთავრებული საკუთარი ძმის ნაცვლად ციხეში წასვლით. მასში სხვა პროტაგონისტებზე მეტად იყრის თავს ისეთი თვისებები, როგორიცაა მიზანმიმართულობა, ბრძოლისუნარიანობა, მრავალფუნქციურობა და ინტელექტი. ეს კი ის თვისებებია, რომლებიც ყველანაირი ზე-შესაძლებლობის გარეშე აყენებს მას ევოლუციის ახალ საფეხურზე.

Copyright to The CW

ნიკიტა ქართველი მაყურებლისთვის 90-იანი წლების სატელევიზიო შოუსთან „La femme NIkita“ ასოცირდება. თუმცა, მისი როლიც რამდენიმე მსახიობს მოურგია, მათ შორის პეტა ვილსონსა(1997 წ.) და მეგი ქიუს(2010 წ.). ნიკიტა მეიერსი კანონდამრღვევი და პატიმარია, რომელიც საიდუმლო სამსახურმა ციხიდან გააპარა და საიდუმლო აგენტად გაწვრთნა. საბოლოოდ პერსონაჟი „დივიზიის“ ულმობელ პოლიტიკასა და უსამართლობას აუჯანყდა. სერიალი ჩვეულებრივი თრილერია, ზედმეტი ფილოსოფიისა თუ სიმბოლიზმის  გარეშე, თუმცა აშკარაა  პერსონაჟის გარდასახვა  უნებისყოფო ადამიანიდან მიზანდასახულ და დისციპლინირებულ  პიროვნებამდე. მისი მონდომება, ფიზიკური თუ გონებრივი მონაცემები კი ანგრევს დრომორჭმულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ სამხედრო საქმესთან „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებს  არაფერი ესაქმებათ.

Copyright to Color Force

„შიმშილის თამაშები“ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმებისა თუ წიგნების სერიას წარმოადგენს. ფილმში მრავალი საინტერესო პერსონაჟი გვხვდება, თუმცა  მათ შორის გამორჩეული და საინტერესო  იოანა მეისონია. მან მოახერხა და 71-ე  შიმშილის თამაშებში გაიმარჯვა, ეს კი მხოლოდ ბრუტალური ძალით არ გაუკეთებია. მისი ინტელექტი, ფიზიკური ძალა თუ დისციპლინა ერთმანეთს სრულყოფილად ერწყმის. სახასიათო და აღსანიშნავია მისი მეამბოხე ხასიათიც, რომელიც ყველა სხვა პერსონაჟისგან ამდენად გამოარჩევს. გამარჯვების შემდეგაც, როცა პრეზიდენტმა სნოუმ იოანასთვის პროსტიტუციის დაძალება სცადა, იოანამ მოახერხა და  უარყო მისი „შემოთავაზება“. საკუთარი სიამაყისა და ღირსების გრძნობის გამო დიდი საფასურის გადახდაც მოუწია, თუმცა პერსონაჟი არ გატეხილა და  კვლავ მებრძოლი სული შეინარჩუნა.

Copyright to BBC One, BBC America

„Killing Eve“ 2018 წლის კომედიური სერიალია. სერიალი ცალსახად ფემინისტური ხასიათისაა, მისი პერსონაჟების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. სწორედ ამან გამოიწვია, რომ სერიალში უამრავი ძლიერი და საინტერესო ქალის სახე გვხვდება. თუმცა მათ შორის გამორჩეულ ადგილს  არაჩვეულებრივი სანდრა ოუს პერსონაჟი ევა პოლასტრი იკავებს. ის MI5-ის გამომძიებელია, ხოლო ვილანელის საქმით შეპყრობის შემდეგ ფიონა შოუს პერსონაჟი მას MI6-ის არაოფიციალურ საერთაშორისო მკვლელობათა ქვედანაყოფში გადასვლას სთავაზობს. ევას პერსონაჟს გამორჩეულად აქცევს ის ფაქტი, რომ უკვე კლიშედ ქცეულ დაუმარცხებელ აგენტს არ წარმოადგენს. ის ჩვეულებრივი გამომძიებელია არაჩვეულებრივი გონებით. გაუწვრთნელობისა და ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური მოუმზადებლობის მიუხედავად, პერსონაჟი არ ნებდება და ვილანელის ვინაობის დადგენასაც ახერხებს.

Copyright to Filmek AB

გრეის მალიგანი ოსკაროსანი ნიკოლ კიდმანის პერსონაჟია ფილმ „დოგვილიდან“. ფილმი 2003 წელს ლარს ფონ ტრიერმა გადაიღო, რომლის ხელწერაც მთელ ფილმს ცხადად ატყვია. ფილმში ერთადერთ ნათელ წერტილს  გრეისი წარმოადგენს. ის არის სიკეთისა და სინათლის განსახიერება, მიმტევებელი და მომთმენი. თუმცა დოგვილის საზოგადოება მოახერხებს და გრეისის მსგავს ადამიანსაც კი „გააბოროტებს“ გამუდმებული ბრალდებების, დამცირებისა და დამონების წყალობით. ფილმის ბოლოს გრეისის გამტყუნება სისასტიკისთვის რთულია, ძნელია თავისი საქციელისთვის მისი განსჯაც. პერსონაჟმა რადიკალური ცვლილება განიცადა, თუმცა თავის დაკარგვაზე მეტად საკუთარი პიროვნების აქამდე უცნობი მხარე აღმოაჩინა და სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ დარჩება მსოფლიო კინო ისტორიაში.

Copyright to TXN

იმ მაყურებლისთვის ვისაც ანიმეები უყვარს ერთ-ერთი გამორჩეულ სახე ცუნადეა „ნარუტოდან“. ცუნადე ლეგენდარული ჰაშირამ სენჯუს შვილიშვილია, რის გამოც მისი ნიჭი და ტალანტი არ უნდა გვაკვირვებდეს. ცუნადემ მოახერხა და საკუთარი ინტელექტის წყალობით ეს ნიჭი ახალ საფეხურზე აეყვანა. ის სამი ლეგენდარული სანინიდან ერთ-ერთია, უძლიერეს კუნოიჩიდ და  საუკეთესო მედ-ნინძად ითვლება. მის ავტორიტეტს თვით ლედი ჩიოც კი აღიარებს. გარდა ამისა, სწორედ ცუნდადემ დაიკავა პირველი ქალი ჰოკაგის სტატუსი, ხოლო მისი შესაძლებლობების სრული მასშტაბი პეინის შემოტევისას და მადარა უჩიჰასთან ხუთი კაგეს ბრძოლისას ვიხილეთ. გარდა ფიზიკური  და ინტელექტუალური სიძლიერისა, პერსონაჟის მენტალური და ფსიქოლოგიური სიძლიერეც დასაფასებელია – იშვიათია ვინმე სხვას დაეკარგა იმდენი, რამდენიც ცუნადემ და ბრძოლა გაეგრძელებინა.

Copyright to NBC

„Friends“ მაყურებლისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიტკომია. მიუხედავად მისი კომედიური ხასიათისა,  სერიალს ბევრი სახასიათო პერსონაჟი ჰყავს, რომლებიც დროთა განმავლობაში უამრავი სერიალისა თუ პერსონაჟის ინსპირაციის წყაროდაც იქცნენ. თუმცა ამ პერსონაჟებს შორისაც   შეგვიძლია გამოვარჩიოთ ჯენიფერ ენისტონის პერსონაჟი რეიჩელ გრინი. სერიალში ყველაზე დიდი ზრდა და განვითარება სწორედ რეიჩელის პერსონაჟს აქვს. პირველ სერიაში მას, როგორც მამის გათამამებულ გოგოს ისე ვეცნობით –  მას ცხოვრებაში არ უმუშავია და არ ჰქონია დამოუკიდებლობა. თუმცა, პირველი სერიიდანვე იწყება გზა მისი დამოუკიდებლობისა და წარმატებისკენ. დაუღალავი შრომითა და მონდომებით რეიჩელი მოახერხებს და „Central Perk“-ის მიმტანობიდან მალევე რალფ ლორენისა თუ სხვა ცნობილი ბრენდების ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცევა. სერიალის ბოლოს კი ის არამხოლოდ კარიერულ, არამედ პირად ცხოვრებაშიც წარმატებული ქალია, რომლისთვისაც შვილის აღზრდა და კარიერული წინსვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

Copyright to Paramount Pictures

ოდრი ჰეპბერნი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი  მსახიობია. ხოლო მისი როლი ფილმში „რომაული არდადეგები“ მსოფლიომ დიდი ხნის წინ შეიყვარა. ოსკაროსანი მსახიობი ფილმში ახალგაზრდა, მეამბოხე პრინცესა ანას განასახიერებს, რომელიც სასახლიდან იპარება და  ჟურნალისტ ჯო ბრედლისთან(გრეგორი პეკის პერსონაჟი) ერთად რომის ქუჩებში თავგადასავლებს ეძებს. მიუხედავად მთელი ფილმის სასიამოვნო და ხშირად სასაცილო განწყობისა,  ფილმის ბოლო საკმაოდ სევდიანია. თუმცა, ეს სევდა გასაგებია. გასაგებია იმ მსხვერპლის აუცილებლობაც. პრინცესა ანას ერთგულება და თავისი ქვეყნისა და ერის წინაშე მოვალეობის გრძნობა  ნამდვილად მეტყველებს მის სიძლიერეზე.