შრომა სიცოცხლისთვის | ინტერვიუ დიანა ჭანუყვაძესთან

მადლობა ახდენილი ოცნებისთვის ‒ ამ სიტყვების მოსმენა ალბათ ყველა ადამიანისთვის ბედნიერებაა და რთულია გადმოსცე ბედნიერების მასშტაბი, როცა ამას ხშირად გეუბნებიან. ასე დიანა ჭანუყვაძეს გაუმართლა. ის რეპროდუქტოლოგი და მეან-გინეკოლოგია. მის სოციალურ ქსელში უამრავი მადლიერი პაციენტის წერილს შეხვდებით, რომლებიც მისთვის სამადლობელთან ერთად საქებარ სიტყვებსაც არ იშურებენ, ყველა მათგანი დიანა ექიმის პროფესიონალიზმსა და გულისხმიერებას უსვამს ხაზს, ყველა ახალი სიცოცხლის ამ ქვეყნად მოვლენა ხომ უდიდესი საქმეა!

რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი დიანა ჭანუყვაძე ახლა ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის გუნდის წევრია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობამ მედიკოსების წრეში ყოფნის საჭიროება შეუქმნა, ამ პერიოდიდან დაიწყო სამედიცინო ლიტერატურის გაცნობაც და ფიქრი თეთრ ხალათზე. სკოლის პარალელურად, მეცხრე კლასიდან დიანა ბათუმის უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში სწავლობდა, სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ კი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. დიანა ოჯახში ერთი შვილი იყო, შესაბამისად ბათუმიდან თბილისში 17 წლის ასაკში მისი გამოშვება ოჯახისთვის მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრებას რეპროდუქტოლოგიის განხრით რეზიდენტურა მოჰყვა. ამ შემთხვევაში ბაზა ი. ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის ინსტიტუტი იყო. როცა 2009 წელი დადგა დიანას უკვე ჰქონდა ლიცენზია რეპროდუქტოლოგად მუშაობისთვის. ამავე წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრის დოქტორანტურაში ჩააბარა და 2012 წელს დისერტაცია დაიცვა. მედიცინაში განათლებას რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს დიანა ჭანუყვაძის აკადემიურ ბიოგრაფიაში კარგად იკითხება. რეზიდენტურის საკვალიფიკაციო კურსი დიანას გავლილი აქვს მეანობა-გინეკოლოგიაში და რეპროდუქტოლოგის გარდა მეან-გინეკოლოგის ლიცენზიასაც ფლობს. ისწავლა ისრაელშიც, უფრო ზუსტად 2014 წელს თელ-ავივში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სურასკის სამედიცინო ცენტრში ინ-ვიტრო განაყოფიერების საკვალიფიკაციო კურსი გაიარა. შემდეგ იყო კიევი და ასევე ინ-ვიტრო განაყოფიერების კვალიფიკაციის ამაღლების კურსი კლინიკა „ისიდაში“. დიანა, ამჟამად ვალენსიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამას, Master’s degree in the Biotechnology of Human Assisted Reproduction and Embriology (ადამიანის რეპროდუქციის დამხმარე ბიოტექნოლოგია და ემბრიოლოგია) გადის. ყველაფერი ეს იმიტომ, რადგანაც მიიჩნევს, რომ მისი პროფესია მუდმივ პროფესიულ ზრდას მოითხოვს.

„ჩვენი სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომაც ვცდილობ, ტემპს არ ჩამოვრჩე, აუცილებელია მუდმივად სიახლეების ძიებაში ვიყო. გეგმაში მაქვს ფართო ტრენინგ კურსების გავლა უცხოეთში. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე ესპანეთის IVI კლინიკის კურსი, რომელიც ინ-ვიტრო განაყოფიერების სიახლეებს ეხებოდა“.

დიანა, ESHRE – ევროპის რეპროდუქტოლოგიის და ემბრიოლოგიის ასოციაციის წევრია, რაც საშუალებას აძლევს სიახლეებს ფეხდაფეხ მიჰყვეს და კვალიფიკაციაც მუდმივად აიმაღლოს.

ვიდრე ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის გუნდს შეუერთდებოდა, მანამდე 2011-2016 წლებში ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ექიმი იყო, საიდანაც დიანას დამოუკიდებელი საექიმო კარიერა იწყება. 2016 წელს საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის გუნდში მიდის და უკვე 6 წელია ამ კლინიკის ექიმია. დიანა გვიყვება, რომ აქ, პაციენტის სრულფასოვანი კვლევის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის, ჩვეული ორსულობების შეწყვეტის, გინეკოლოგიური და ასევე ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიური პრობლემით და სხვა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკა ასევე არის ორსულობების ჩვეული შეწყვეტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის საერთაშორისო სათანამშრომლო ცენტრი და ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების და მკურნალობის ევროპის ლიგის მიერ 3-ჯერ სერტიფიცირებული ცენტრი.

საკუთარ თავზე საუბარი ეუხერხულება, თუმცა ამდენი სამადლობელი წერილის გაცნობის შემდეგ ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა, რა არის დიანა ექიმის წარმატების საფუძველი.

„ავირჩიე პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს და შევქმენი ჩემი წარმატების ფორმულა: თავდაუზოგავი შრომა, მუდმივი ძიება და სწავლა ახალი ტექნოლოგიების, ბევრი სირთულის გადალახვა, პატიოსნება, უზღვავი ენერგია და, რაც მთავარია, სიამოვნების მიღება პაციენტებთან ურთიერთობით და ჩემი ყოველდღიური საქმიანობით. ყველა საქმეში მნიშვნელოვანია მოტივაცია. ჩემი მოტივაცია და ენერგიის წყარო თითოეული წარმატებული შედეგია პაციენტთან. ჩემი სტილია, რომ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მივუდგე. პაციენტი ყოველთვის უნდა გრძნობდეს რომ მე მასთან ვარ“.

საქმისადმი ამ ტიპის მიდგომით დიანა ცდილობს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში წვლილი შეიტანოს. თავდაუზოგავი შრომა, მუდმივი განვითარება და სირთულეების გადალახვა ‒ საკუთარ თავს წარმატების ასეთი ფორმულა შეუქმნა. თუმცა აქვე ამბობს, რომ კარიერულ კიბეზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედის, მეუღლის, შვილების მხარდაჭერას. დარწმუნებულია, რომ ახლა გარდაცვლილი მამა მისით იამაყებდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით წყვილთა 10-15% უნაყოფოა. საქართველოში უშვილობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა დიანა ჭანუყვაძე ვარაუდობს, რომ ქართული რეალობა ჯანმოს მონაცემებს შეესაბამება. დიანა გვეუბნება, რომ სავარაუდო მონაცემებიც კი საყურადღებოა, ამის თქმის საფუძველს ის შემთხვევებიც აძლევს, რომელსაც პრაქტიკაში ხვდება. მაგალითად, მასთან მიდიან პაციენტები, რომლებმაც წლების განმავლობაში საქართველოსა და უცხოეთში არაერთი კლინიკა და ექიმი მოიარეს. ვინტერესდებით, რა არის უნაყოფობის ძირითადი მიზეზები? დიანა ამბობს, რომ ქალის უნაყოფობა ხშირად განპირობებულია ჰორმონალური დარღვევებით, ანოვულაცია, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, საკვერცხეების რეზერვის შემცირება, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მილების გაუვალობა, მენჯის ანთებითი დაავადებები. რაც შეეხებათ მამაკაცებს, ირკვევა, რომ მათ შემთხვევაში ხშირად დარღვევებია სპერმოგრამაში (ოლიგოასთენოსპერმია, აზოოსპერმია), რაც შეიძლება იყოს განპირობებული ჰორმონალური დარღვევებით, სათესლე ჯირკვლების პათოლოგიით, გარემო ფაქტორების, ტოქსიკური ნივთიერებების, ყოველდღიური სტრესული გარემოთიც კი.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ალბათ რთული წარმოსადგენია, თუმცა დიანას საექიმო პრაქტიკა იცნობს შემთხვევებს, როცა პაციენტები შვილს ხანგრძლივად 10-21 წლის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა დედობის ბედნიერება მათთვისაც დადგა, სწორედ ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის გუნდის დახმარებით. დიანა ექიმის პრაქტიკაშია ხშირად შემთხვევები, როდესაც პაციენტებს ორსულობა რამდენჯერმე შეუწყდათ, ანუ აქვთ ჩვეული ორსულობების შეწყვეტა (RPL). ასეთი პაციენტები არიან ფსიქოლოგიურად დათრგუნულები და გადაღლილები, შესაბამისად ასეთ პაციენტთან მუშაობა განსაკუთრებულ ძალისხმევასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. პროფესიონალიზმის ნაწილია პაციენტისთვის მისი მდგომარეობის გაცნობაც.

„პაციენტები ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემს იქით გზა არ აქვთ. ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა, რაც უფრო რთული სამედიცინო შემთხვევაა, ეს მით უფრო დიდი პროფესიული გამოწვევაა. პაციენტების ასაკიდან, ანამნეზიდან და დიაგნოზიდან გამომდინარე მათ ვაწვდი ინფორმაციას სტატისტიკურად რამდენი პროცენტი აქვთ ორსულობის მიღების შანსი სხვადასხვა მეთოდით და რომელი მეთოდია მათთვის უკეთესი. რაც არ არის რეალური არასდროს ვპირდები. თუ ისე მოხდა, რომ შედეგი ვერ მივიღეთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტი ჩემი მისდამი დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით უკმაყოფილო არ წავიდეს. მან უნდა იგრძნოს, რომ მე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბოლომდე მის გვერდით ვიდექი და ყველაფერი გავაკეთე საუკეთესო შედეგის მისაღებად. მე და ჩემი პაციენტები მუდმივად ვცდილობთ სამომავლო ურთიერთობების შენარჩუნებას. არ აქვს მნიშვნელობა როგორი შედეგით დასრულდება ჩვენი მცდელობა, მე როგორც ექიმი მუდმივად ვინტერესდები მათი მდგომარეობით“.

შთამბეჭდავია დიანა ჭანუყვაძის პირადი სტატისტიკა. დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ახალი სიცოცხლე, მისი და როგორც თავად გვეუბნება მისი პაციენტების შრომის შედეგად, 500 ოჯახში გაჩნდა. დიანა იმ ექიმების კატეგორიაშია, ვისთვისაც პაციენტის ნდობა ფასდაუდებელია, ამბობს, რომ ამას კარიერულ წარმატებაშიც დიდი როლი აქვს.

რეპროდუქტოლოგისა და მეან-გინეკოლოგის სამუშაო გრაფიკი დატვირთულია. დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე კლინიკაშია, საღამო გრძელდება ონლაინ კონსულტაციებით და სატელეფონო ზარებით. უქმე კვირაში მხოლოდ ერთი დღე აქვს, თუმცა უჭირს გაიხსენოს ბოლოს როდის დაისვენა. შვებულებაშიც კი მისმა პაციენტებმა იციან, რომ დიანა ექიმი მათ გვერდითაა. თბილისის გარდა, დიანა ჭანუყვაძე პაციენტებს მშობლიურ ბათუმშიც იღებს.

მუდმივად სხვების შვილებზე მზრუნველს უნდა, რომ მეტი დრო საკუთარ ოჯახთან და შვილებთანაც გაატაროს, ეს მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, მერე რა რომ უკვე დიდი შვილები ჰყავს? 21 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა.

„ჩვენი კლინიკის სლოგანია ‒ შეუძლებელი არაფერია! ეს მართლაც ასეა, მე მთელი გულით მჯერა ამის და ძალიან მინდა ბევრმა ადამიანმა იპოვოს საკუთარ თავში რწმენა. ეს მნიშვნელოვანია უშვილო წყვილების შემთხვევაში. ზოგადად კი, ყველა წყვილს ვუსურვებ ცხოვრებაში არ მოჰკლებოდეთ ის სხივი, რასაც ახალი სიცოცხლე ჰქვია!“