აქტიური მოქალაქეობა და აქტივიზმი სასურველი ცვლილებებისთვის | ინტერვიუ ნატალია ჭამიაშვილთან

აქტივიზმი სასურველი ცვლილებების მიღწევის ერთ-ერთი გზაა, რომელიც დიდ ძალისხმევას, იდეისადმი ერთგულებას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მოითხოვს. აქტიური მოქალაქეობა კი გადამდებია და ამას ნატალია ჭამიაშვილის გამოცდილებაც ადასტურებს – მეგობრებთან ერთად შექმნილი „ქალთა ქსელი W4W“ და ქვეყნის ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია „მოხალისეთა ჰაბი“ ათასობით ადამიანს აერთიანებს მნიშვნელოვანი თემებისა და მიზნების ირგვლივ.

ნატალიას მთელი გულით სჯერა, რომ საზოგადოების განვითარება ახალგაზრდებზე გადის, ახალგაზრდებზე, რომელთაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე. სწორედ ამ მიზნის ირგვლივ ცდილობს ის ძალიან დიდი ენერგიითა და მოტივაციით სხვების შემოკრებას. ის ამჟამად გენდერისა და ქალთა კვლევების მიმართულებით იღებს ფორმალურ განათლებას ინგლისში და გეგმავს მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქალთა გაძლიერებისკენ მიმართოს.

ფოტო: ციცი ჩხეიძე / Indigo Fleur

Forbes Woman წარმოგიდგენთ ნატალია ჭამიაშვილს, რომელიც მკითხველს მოუყვება როგორ დაიწყო ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციის ისტორია საქართველოში, რატომ უნდა იბრძოლონ ადამიანებმა სასურველი ცვლილებებისთვის და რა განსხვავებული პასუხისმგებლობა გვეკისრება ახალი დეკადის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეებს.

რას ფიქრობთ სამოქალაქო ჩართულობაზე, მოქალაქეების აქტიურობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობაზე – რატომ არის მნიშვნელოვანი, ადამიანებმა იბრძოლონ სასურველი ცვლილებებისთვის?

ჩვენ ვირჩევთ პოლიტიკოსებს არჩევნების გზით და ვაძლევთ მათ რესურსებს ჩვენი გადახდილი გადასახადების სახით, და ძალაუფლებას, რათა ჩვენ ნაცვლად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დაადგინონ კანონები. ამავდროულად, ისინი ხდებიან ჩვენ წინაშე ანგარიშვალდებულები. თუმცა, ხშირად არჩეულ პოლიტიკოსებს ავიწყდებათ თავიანთი როლი და არ არიან მოქალაქეების ინტერესების გამომხატველები. ძალიან მნიშვნელოვანია მალევე შევამჩნიოთ ასეთი ფაქტები და გაგვიჩნდეს პროტესტის გრძნობა. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მაგივრად სხვა ამას არ გააკეთებს. საქართველო ახლა განვითარების იმ ეტაპზეა, როცა უმოძრაობის ფუფუნება არ გვაქვს. თუ გვინდა არსებობა და კეთილდღეობა საკუთარი თავისთვის, ერთმანეთისთვის და მომავალი თაობებისთვის, სხვანაირად ვერ მოვიქცევით.

რა არის ის თვისებები, რომელიც აქტიურ მოქალაქედ გაქცევთ?

ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა აქტივიზმზე საუბრისას, კარგი აქტივისტი ვერ იქნები, თუ მთელს შენს არსებას არ შეაწუხებს რაღაც, რისი შეცვლაც მოგინდებაო. მგონია, რომ ამას ეფუძნება ჩემი საქმიანობაც – ძალიან არ მომწონს, ქართველ ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებაზე წვდომა რომ ნაკლებად აქვთ, ქალებს კი უამრავი ბარიერი ექმნებათ პროფესიულ გზაზე. ეს აჩენს დიდ ენერგიას ჩემში, რომელიც არ მენანება, რომ ცვლილებისკენ მივმართო. მე ძალიან გამიმართლა ჩემს გარემოცვაშიც, თანამოაზრეები და თანამშრომლები მარტივად ვიპოვე. თავი მარტო არასდროს მიგრძვნია, დასაწყისშივე უამრავ დადებით შეფასებას ვისმენდი, რაც საოცრად მაძლიერებდა. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ აქტიური მოქალაქეობისთვის საჭიროა მსოფლიოში არსებული კარგი და ცუდი პრაქტიკების ცოდნა და კრიტიკული აზროვნება, რათა აქტივისტმა გააცნობიეროს, როდის, როგორ და რისი შეცვლა არის რეალურად შესაძლებელი საზოგადოებაში.

რა ტიპის სამოქალაქო პასუხისმგებლობას გრძნობთ დღეს, 2021 წლის საქართველოში?

მე, როგორც აქტივისტი განათლების მიმართულებით, უფრო მეტად ფოკუსირებული ვარ იმ პრობლემების აღმოფხვრაზე, რასაც ვაწყდებით საგანმანათლებლო აქტივობების ონლაინ სივრცეში გადატანით მთელი საქართველოს მასშტაბით. საოცარი მობილიზაციაა საჭირო, როცა რეგიონებში, მაგალითად რაჭაში, უბრალოდ ინტერნეტი არ მუშაობს, მასწავლებლებმა და ლექტორებმა ონლაინ აქტივობების განსახორციელებლად საჭირო პროგრამები არ იციან და ა.შ. ამიტომ ვცდილობთ, რეგიონებში არსებული პრობლემების ადვოკატირებას, მასწავლებლების, მოსწავლეების, ლექტორების, არასამთავრობო სექტორში მომუშავე ადამიანების გადამზადებას, ვიდეო გაკვეთილებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებასა და გავრცელებას ონლაინ სწავლებასა და მუშაობაზე.

როგორ დაიწყო „მოხალისეთა ჰაბი“ და რა არის მთავარი შედეგები, რომლითაც თქვენს საქმიანობას შეაფასებდით?

სამეგობროში რამდენიმე ადამიანს გვქონდა საშუალება მიგვეღო განათლება საზღვარგარეთ და გაგვეცნობიერებინა მოხალისეობის მნიშვნელობა. ჩემს შემთხვევაში, აბსოლუტურად ამოყირავდა ყველაფერი, როცა გლობალ უგრადის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით აშშ-ში ვისწავლე და მოხალისეობის შესაძლებლობა მომეცა. როდესაც საქართველოში დავბრუნდით, გადავწყვიტეთ გვემუშავა მოხალისეობის „იმიჯზე“ – გვსურდა, ადამიანებს პოზიტიურად შეეხედათ მოხალისეობისთვის და გაეცნობიერებინათ, რამხელა როლი აქვს ამგვარ საქმიანობას ჩვენს პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში, როგორ გვავსებს დადებითი ენერგიით, ჩვენ – როგორც ინდივიდუალებს, გვანახებს საკუთარ ძლიერ და უარყოფით მხარეებს, გვაკავშირებს საინტერესო ადამიანებთან და ა.შ. ამიტომ შევქმენით „მოხალისეთა ჰაბი“.

თავიდან ვფიქრობდით, რომ თავისუფალ დროს დავუთმობდით ამ საქმიანობას, მაგრამ პირველივე ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური გამოგვივიდა და მივხვდით, რომ ადამიანებს მოსწონდათ და სჭირდებოდათ ის, რასაც ვთავაზობდით, ამიტომაც აუცილებელი გახდა ჩვენი სამსახურები ნელ-ნელა დაგვეტოვებინა და მთელი ძალები ჰაბის განვითარებისკენ მიგვემართა.

დღეს ორგანიზაციას 60,000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. 700-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო დასაქმება ჩვენი პროგრამებით. ბევრმა ადამიანმა შეხედა მოხალისეობას პოზიტიურად, ყოველდღიურად ასობით აპლიკაცია შემოდის ჩვენს ბაზაში, ხშირად გამოწვევაც კია იმის მოფიქრება, საით უნდა მივმართოთ ამ ადამიანების ენერგია. სულ უფრო და უფრო მეტი მოხალისეობრივი ორგანიზაცია იქმნება, ჩვენამდე არსებულმა მოხალისეობრივმა ორგანიზაციებმაც ჩვენს მაგალითზე შეცვალეს კომუნიკაციის სტილი მოხალისეებთან და ვხედავთ, რომ უფრო წარმატებით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ძალიან გვიხარია, რომ ამხელა ცვლილებების გამოწვევა შევძელით.

გვიხარია ისიც, რომ პრიორიტეტულია ახალგაზრდობა და მათი განათლება – უამრავი საჯარო თუ არასამთავრობო დაწესებულება მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცა უშუალოდ პროცესში ახალგაზრდებს ნაკლებად რთავენ. ჩვენი ორგანიზაცია იმიტომ გახდა ასეთი წარმატებული, რომ იქმნება ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდების მიერ. ახალგაზრდებზე უკეთ არავინ იცის, რა გვჭირდება და რა გამოწვევების წინაშე ვართ. ასევეა ქალებზეც. ამიტომ, როდესაც კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე მუშაობთ, აუცილებელია ამ ჯგუფის წარმომადგენლები გყავდეს ჯგუფში.

რა განსხვავებული გამოწვევების წინაშე არიან დღეს ქალები და როგორ პასუხობს W4W მათ?

COVID-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქალების ყოველდღიურობაში. პანდემიამდე ქალების უმრავლესობა მომსახურების სფეროში იყო დასაქმებული, დღეს უამრავი მათგანი სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობების მოძიებას და მოტივირებული ქალებისთვის შეთავაზებას. ასევე, მაქსიმალურად ვეხმარებით მათ, რომ საკუთარი საქმიანობის გაციფრულება შეძლონ. მაგალითად, ვატარებთ ტრენინგებს მეწარმე ქალებისთვის, რომლებიც სწავლობენ, როგორ გაყიდონ თავიანთი ნაწარმი ონლაინ. ჩვენს პლატფორმებზე სწრაფად და ხშირად გროვდება ფულადი დახმარება იმ ქალებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროებების წინაშე აღმოჩნდნენ მოულოდნელად შეცვლილი რეალობის გამო. გარდა ამისა, ვცდილობთ დავეხმაროთ საკუთარი ისტორიების გაზიარებაში – ვაცნობიერებთ, რომ პანდემიამ უამრავი ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე იმოქმედა უარყოფითად, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მათ ემოციურ მხარდაჭერას.

თქვენ გენდერისა და ქალთა საკითხების კვლევის მიმართულებით იღებთ ფორმალურ განათლებას, რა დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას იღებთ და რა გზით გამოიყენებთ ამ ყველაფერს თქვენს სამომავლო საქმიანობაში?

იორკის უნივერსიტეტი საშუალებას მაძლევს გავეცნო სწავლების უახლეს მეთოდებსა და ლიტერატურას. ზოგადად, ეს პროგრამა დამეხმარა უკეთ აღმექვა ფემინისტური აკადემიის მნიშვნელობა და მისი კავშირი აქტივიზმთან. აქ მიღებულ ცოდნას მაქსიმალურად ვთარგმნი, ქართულ კონტექსტს ვარგებ და ვცდილობ ამ თემებზე დისკუსიების წამოჭრას. ჩვენს პლატფორმებზე ხშირად მაქვს ლაივები ფემინისტურ აკადემიაზე, ასევე, შევქმენით მცირე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ცდილობს ზუმის ფორმატში განიხილოს ეს თემები, თარგმნოს მნიშვნელოვანი ფემინისტური ლიტერატურა. ძალიან მინდა, მომავალში, საუნივერსიტეტო სივრცეში შევძლო ამავეს გაკეთება და გავაძლიერო ქართული ფემინისტური აკადემია ახალი ცოდნით, კვლევებით და ენერგიით.

თქვენთვის განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა – ხედავთ თუ არა მას როგორც ინსტრუმენტს, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს დემოკრატიის ხარისხი?

განათლება გვეხმარება უკეთ გავაცნობიეროთ, რისი უფლება გვაქვს, რომელი უფლებები გველახება, ვინ არის ანგარიშვალდებული ჩვენ წინაშე, როგორ უნდა მოვთხოვოთ მათ დაკისრებული მოვალეობის შესრულება და ა.შ. ხანდახან ისეც ხდება, რომ ფორმალურად გვაქვს გადაწყვეტილების მიღებაში პირდაპირი მონაწილეობის უფლება, თუმცა არ ვიცით ამის შესახებ. მაგალითად, ჩემი ტრენინგების მონაწილეებიდან ცოტამ თუ იცის ხოლმე, რომ უფლება აქვს, მიიღოს მონაწილეობა საკუთარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, რა ხდება სამყაროში, როგორ დავამყაროთ ჩვენი ინტერესებისა და პოზიციების მქონე ადამიანებთან კონტაქტი, მოვიპოვოთ საერთაშორისო სოლიდარობა, რესურსები, ეფექტურად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი და ა.შ. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ხარისხიან განათლებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას ამხელა მნიშვნელობას.

რას ურჩევთ ქალებს, როგორ უნდა დაძლიონ ეჭვები და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების?

მინდა, ყველა ქალმა გააცნობიეროს, რომ ბარიერების უმრავლესობა, რომელზეც მიგვითითებენ, რეალურად არ არსებობს და უბრალოდ უნდა ვცადოთ ის, რისი გაკეთებაც მთელი გულით გვინდა. ჩვენს მდგომარეობაში სხვებიც ყოფილან, რომელთაც უკვე გადალახეს დაბრკოლებები. შეგვიძლია, გავესაუბროთ ამ ადამიანებს, რჩევა და გამოცდილების გაზიარება ვთხოვოთ. არ უნდა შეგვეშინდეს შეცდომების დაშვების – პირველივე პრობლემაზე გული არ უნდა გავიტეხოთ, უნდა გავაგრძელოთ გზა, არ უნდა გავჩერდეთ სანამ მიზანს არ მივაღწევთ და როდესაც მივაღწევთ, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვები, რომლებიც ჩვენსავით იბრძვიან. ჩვენი მიღწევებით უნდა გავუკვალოთ გზა. ყველაფერი ჩვენი საქმეა, რისი კეთების სურვილიც გვაქვს და გამოგვდის. გვაქვს უფლება, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ბედნიერებისთვის.

რა გეგმებით იწყებთ ახალ დეკადას?

ახალ დეკადას რამდენიმე დიდი პროექტით ვიწყებთ. ამჟამად ვამზადებთ ტრენინგებს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ქალებისთვის, რომელთაც მიიღეს გრანტი საკუთარი ბიზნესების დასაწყებად. ტრენინგებს ვამზადებთ Care International in the Caucasus-სთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.

წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ვაპირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ლექციების, ტრენინგებისა და ინფორმაციული შეხვედრების ჩატარებას ახალგაზრდებისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით, თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება განათლებისა და კარიერული არჩევანის გაკეთების მიმართულებით.

ვცდილობ ეს მიმართულება გავააქტიურო სოციალურ ქსელებშიც, სადაც ახალგაზრდები არიან წარმოდგენილები. ერთი თვეა, რაც ტიკტოკზე დავიწყე კონტენტის შექმნა განათლებასა და კარიერულ განვითარებაზე. სულ მალე ჩემი პატარა გადაცემაც მექნება. ტიკტოკის ლაივის ფორმატში მოვიწვევ სხვადასხვა ცნობილ ადამიანს, რომლებიც მოგვიყვებიან, როგორ აირჩიეს პროფესია და რა პრობლემებს აწყდებოდნენ კარიერის განმავლობაში.

წელსვე ისრაელის საელჩოს დაფინანსებით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ცენტრები გაიხსნება. ვცდილობთ დამატებითი რესურსების მოძიებასაც, რომ უფრო მასშტაბური სახე მივცეთ ჩვენს წამოწყებებს. მაგალითად, ჩვენს პლატფორმებზე კომერციული მიზნებით ინფორმაციის გაზიარება ხდება ფასიანი, შემოსული თანხა კი სრულად მოხალისეთა ჰაბისა და W4W-ის განვითარებას მოხმარდება.

გარდა ამისა, რამდენიმე ახალი და მსხვილი პარტნიორი გვეყოლება 2021 წელს, ისეთები, როგორიცაა USAID, გაერო, ევროკავშირი, CTC, ისრაელის საელჩო საქართველოში და ა.შ.. იმ პირობებში, როდესაც დიდ დაწესებულებებს უჭირთ ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა, განსაკუთრებით გვიხარია, რომ გვენდობიან წამყვანი ორგანიზაციები და ჩვენს ახალ ხედვებსა და იდეებს მხარს უჭერენ.

პირად აკადემიურ გეგმებს რაც შეეხება, იორკის უნივერსიტეტში რამდენიმე ნაშრომზე ვმუშაობ, რომელიც საქართველოს და ქალების განათლებას ეხება. ჯერჯერობით კარგად მიდის პროცესი და იმედი მაქვს, მალე გამოვაქვეყნებ კიდეც ნაშრომს.