ქრისტინე ჩალაძე იმ გამონაკლისებს შორისაა, რომელმაც ბავშვობიდან იცოდა, რას გააკეთებდა მომავალში, რა იქნებოდა მისი პროფესია და მთავარი საქმე. ექიმობის გარდა, არასდროს არაფერზე უოცნებია. ბავშვობის ვირტუალურ სამყაროში პაციენტებიც ჰყავდა და სამედიცინო აღჭურვილობაც ჰქონდა. წლები გავიდა და ვირტუალურმა სამყარომ რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა. ექიმის ხალათი, სამედიცინო ინსტრუმენტები და პაციენტები ახლა ქრისტინე ჩალაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა, ქრისტინე ცხვირის ცნობილი პლასტიკური ქირურგია. უფრო ზუსტად, მისი მთავარი საქმე რინოპლასტიკაა.
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, სარეზიდენტო პროგრამა კი ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრში („ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“) გაიარა. ამას ფელოუშიფი მოჰყვა იტალიასა და თურქეთში მსოფლიოს წამყვან ქირურგებთან. კერძოდ, კვალიფიკაცია ბერგამოს კლინიკაში ‒ ქირურგ ენრიკო რობოტისთან და სტამბულში ქირურგ ემრე ილჰანთან აიმაღლა.
2016 წლიდან ქრისტინეს ძირითადი სამსახური „ფრანგულ-გერმანული სამეცნიერო ცენტრი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაა“. 2019 წელს ცხვირის უკვე წარმატებული პლასტიკური ქირურგი სამუშაოდ ბათუმშიც მიიწვიეს და 4 წელია, ძირითადი სამსახურის პარალელურად, ოპერაციებს ხოზრევანიძის კლინიკაშიც აკეთებს. ჯამში, მის ანგარიშზე ცხვირის რეკონსტრუქციული 5 800 ოპერაციაა.
მედიცინა კონკურენტული სფეროა, განსაკუთრებით რთული აქ პირველი ნაბიჯებია. ქრისტინე ჩალაძისთვის ჯანსაღი კონკურენცია დამატებითი მოტივაციის საფუძველია, რაც მას განსაკუთრებით პროფესიული პირველი ნაბიჯების გადადგმისას დაეხმარა.
„მადლობა ღმერთს, ისეთ გარემოში გვიწევს ყოფნა, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა და უამრავი პროფესიონალი ექიმი საქმიანობს. ბუნებრივია, ამ პირობებში დამწყები ქირურგისთვის თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. დიდი ძალისხმევა და შრომა დამჭირდა, რათა პროფესიონალ ექიმად შევმდგარიყავი. ჩემი ცხოვრების გზაზე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკას“, სადაც სარეზიდენტო პროგრამა გავიარე. ამ კლინიკის პერსონალი თავიდანვე მხარში მედგა და მაქსიმუმს აკეთებდა იმისთვის, რომ პროფესიონალად ჩამოვყალიბებულიყავი. „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ ხშირი იყო ოპერაციები ცხვირზე, ვიწრო სპეციალობად რინოპლასტიკა სწორედ აქ ყოფნის პერიოდში ავირჩიე და ასე დაიწყო საქმისადმი უდიდესი სიყვარულის ისტორია“.
მოტივირებულობა, პუნქტუალურობა, კრეატიულობა და ორგანიზებულობა ‒ ეს ქრისტინე ჩალაძის ხასიათის მთავარი შტრიხებია. პროფესიულ გამოწვევებთან გამკლავებაში ასევე შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ეხმარება. ქრისტინე გვეუბნება, რომ ექიმის წარმატება, პროფესიონალიზმთან ერთად, პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია პაციენტების კეთილგანწყობაზე, რისი მოპოვებაც მარტივი სულაც არ არის, თუმცა ჩვენმა რესპონდენტმა ეს შეძლო! უკვე 10 წელია ქრისტინე ჩალაძე ცხვირის პლასტიკური ოპერაციის პარალელურად, ცხვირზე ნებისმიერ ფუნქციურ ოპერაციას აკეთებს.
„პროფესიულ გამოწვევებს, ძირითადად, შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობით ვუმკლავდები. ჩემთვის როგორც ექიმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ‒ პაციენტების კეთილგანწყობის მოპოვებაა. პირადი პრაქტიკა მაჩვენებს, რომ კეთილგანწყობა მოდის იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მისცემ იმას, რაზეც ოცნებობს, რისთვისაც ექიმთან მიდის. მიმაჩნია, რომ თუ პირველივე ვიზიტზე ექიმი პაციენტის მიმართ გულისხმიერი იქნება, ეს მიდგომა ავტომატურად უკან ბრუნდება და პაციენტის ნდობაში გამოიხატება“.
ქრისტინეს მიაჩნია, რომ თანამედროვე ტენდენციების პარალელურად, ექიმს მუდმივი განვითარება სჭირდება, სხვანაირად კონკურენციის გაძლება რთულად წარმოუდგენია. ამიტომ მუდმივად ცდილობს იყოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებებისა და კონფერენციების მონაწილე, გაეცნოს სიახლეებს და ისინი პრაქტიკაში დანერგოს.
„თუ აქტიური ქირურგი ხარ, გინდა, რომ იყო კონკურენტუნარიანი, გაუძლო კონკურენციას. ამისთვის აუცილებელია მუდმივად ვითარდებოდე, ეძებდე სიახლეებს და ნერგავდე მათ, სხვანაირად წარმატების მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ აუცილებელია იყო მაქსიმალისტი და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული. ჩემი აზრით, თვითკმაყოფილება დამღუპველია“.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ესთეტიკური მედიცინა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სასურველი ვიზუალის მიღება. მედიცინის ეს დარგი ადამიანებს თავიანთ თავთან ჰარმონიის მიღწევაში ეხმარება. ქრისტინე გვეუბნება, რომ ესთეტიკური მედიცინა ადამიანებს თავდაჯერებას მატებს.
„ესთეტიკური მედიცინა გვეხმარება ნებისმიერ ასაკში გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ის ადამიანს სილამაზესა და თავდაჯერებას მატებს. ჩემი პროფესიული პრაქტიკა აჩვენებს, რომ პაციენტების ცხოვრება პლასტიკური ოპერაციის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ. ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან ჰარმონიული თანაცხოვრების საშუალებას აძლევს, რაც ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობისთვის“.
ცხვირის წარმატებული პლასტიკური ქირურგის სამუშაო დღე დატვირთულია, ის 08:30 საათზე იწყება და 21 საათზე სრულდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფალ დროს ექიმი პაციენტებისთვის მიუწვდომელია. ქრისტინე მათთვის დისტანციური კონსულტაციის გასაწევად მუდამ მზად არის. პაციენტებთან ერთად თავისუფალ დროს პრიორიტეტი, ბუნებრივია, ოჯახია, ქრისტინე ცდილობს ერთდროულად წარმატებული ექიმი და კარგი დედა იყოს.
რადგან პლასტიკური ოპერაცია ხანგრძლივ დროს მოითხოვს, ქრისტინეს საშუალება აქვს დღეში სამ პაციენტს მოემსახუროს, ამიტომაც ცხვირის პლასტიკური ოპერაციის მსურველებს მასთან მოსახვედრად რიგში დგომა უწევთ, ეს ექიმის მიმართ მოთხოვნაზე ბევრ რამეს ამბობს. ქრისტინესთან ვიზიტი შედარებით მარტივი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მცირე ქირურგიულ ჩარევას საჭიროებთ.
„პროფესიას ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მედიცინა ისეთი სფეროა, რომელიც მუდმივ ჩართულობას მოითხოვს და მეც, ბუნებრივია, პროფესიით ცხოვრება მიწევს, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ჩემს საქმეს ეთმობა“.
ქრისტინეს პაციენტთა შორის მხოლოდ ქართველები არ არიან. უცხოელ და ქართველ პაციენტებს შორის სხვაობით ვინტერესდებით. ქრისტინე გვეუბნება, რომ რადგან ქართველები ემოციური ხალხი ვართ, პლასტიკური ოპერაციის შედეგის დადგომაც მოკლე ვადებში გვინდა. არადა, პლასტიკური ქირურგიის შედეგი სწრაფი არაა, რადგან არის შემთხვევები, როცა რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივდება.
„ზოგ ქართველ პაციენტს ეს დეტალები გათავისებული აქვს და, შესაბამისად, პრობლემებიც არ არის. თუმცა, როცა საქმე საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს, ბუნებრივია, პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაწევაც გვიწევს. ქართველი პაციენტები ძალიან გემოვნებიანები და, ზოგადად, ექიმების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. რაც შეეხებათ უცხოელ პაციენტებს, ურთიერთობა მათთან უფრო მარტივია, ისინი უფრო მომზადებულები ხვდებიან ყველა პროცესს“.
ინტერვიუს დასასრულს ქრისტინეს სამომავლო გეგმებზე ვეკითხებით. გვეუბნება, რომ ძალიან უყვარს კლინიკა, სადაც ახლა საქმიანობს. წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს იმას, რომ დიდი გეგმები აქვს. მათ შორის, აპირებს დოქტორანტურაში ჩააბაროს, დააგროვოს ახალი გამოცდილება და შემდეგ ეს ყველაფერი მომავალ თაობას გაუზიაროს.
„შესაძლოა ეს ჩემთვის კარიერული პიკიც იყოს, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ, ვარ აქტიური პრაქტიკული საქმიანობის ეტაპზე. ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ეს პერიოდი“.