ქეთუნა ყრუაშვილი NOA Studio-ს თანადამფუძნებელი, პარტნიორი და არქიტექტორია. ამბობს, რომ მისი საქმე რუტინაა, რომელსაც თან სიამოვნებაც ახლავს. უყვარს მოგზაურობა, აინტერესებს პროგრესი, არ ახასიათებს უცნაური იდეები, თუმცა ძალიან კრეატიულია. საოცნებო პროექტს რაც შეეხება, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, ხოლო მთავარი მიზანი ‒ ბედნიერებაა.

ქეთუნა, რაზე ვისაუბროთ ყავასთან?
რაზეც გაგიხარდება.
ყავა შაქრით თუ უშაქროდ?
მწვანე ჩაი. ყავა საერთოდ არა, მაგრამ უშაქროდ.
არ აქვს მნიშვნელობა დროს, სივრცეს, ან რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. უბრალოდ, ახლა, ამ წუთას, ამ სკამით და მაგიდით სად გადაინაცვლებდი?
მომავალში, დაახლოებით ოცი-ოცდაათი წლით. პროგრესი მაინტერესებს.
და ვისთან დალევდი, მაგ დროს ყავას?
საკუთარ თავთან აი, მაგ ასაკში.
ჩემს შემდეგ ვისთან გააგრძელებდი საუბარს?
ისევ შენთან შეიძლება?
საქმე, რომელსაც აკეთებ, რუტინაა თუ სიამოვნება?
ზოგადად, რუტინული საქმეა და ყველა საქმეს რუტინა სჭირდება აუცილებლად, სხვანაირად ეს საქმე აღარ არის. მაგრამ სიამოვნების გარეშე აზრი არ აქვს საერთოდ ცხოვრებას, იმიტომ, რომ ძირითადად საქმეს ვახმართ ჩვენი დღის უმეტეს დროს და თუ საქმე არ გსიამოვნებს, ესე იგი, არ გსიამოვნებს შენი ცხოვრება.
დიზაინი, თუ კომფორტი?
კომფორტული დიზაინი.
ყველაზე უცნაური იდეა, რაც თავში მოგსვლია…
ზოგადად, არ მახასიათებს უცნაური იდეები, ძალიან რაციონალური ვარ. ახლაც დავიბენი, უცნაური რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. უცნაური იდეები, ალბათ, არ მაქვს, კრეატიული ‒ კი.

დაგეგმვა, პროცესი, თუ შედეგი?
სამივე ერთია, ანუ ამ საქმის განუყოფელი ნაწილია. შედეგი ‒ დამკვეთისთვის (და, რა თქმა უნდა ჩვენთვისაც), პროცესი ‒ სიამოვნებისთვის და დაგეგმვა ‒ საქმისთვის.
გამართლება თუ შრომა?
მე ‒ შრომა. ზოგს უმართლებს.
ყველაფერი ჩვენს ხელშია?
საერთოდ ყველაფერი, გამართლებაც.
მიზანი, რომელსაც აუცილებლად მიაღწევ…
ბედნიერება.
რა ფერია ბედნიერება?
ჰაეროვანი. არ ვიცი, ეს რა ფერია. რაღაცნაირი, გარდამავალი ფერებია სინათლის, შუქის.
სიყვარული?
სიყვარულიც, მაგრამ უფრო ფერად-ფერადი, თუმცა გარდამავალი, ერთი ფერის ‒ არა.
ნდობა?
ლურჯი. ოღონდ არ ვიცი, რატომ ვთქვი ლურჯი.
რისი ხმა გიყვარს?
სიჩუმის.
რა იწვევს დადებით ემოციებს?
დადებით ემოციებს ვიწვევთ ჩვენ თვითონ, ჩვენს თავში. ჩვენი განწყობით, პირველ რიგში, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია იყო კმაყოფილი ან უკმაყოფილო: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა, მე ასე მიმაჩნია.
რამე ცრურწმენა გაქვს?
ხეზე ვაკაკუნებ ხოლმე ბავშვობიდან, მაგრამ ეს, მე მგონი, უფრო ჩვევაა.
რომელ ფილმში და ვის როლს ითამაშებდი?
სკარლეტ ო‘ჰარა, „ქარწაღებულნი“.
რომელი წიგნი გინდა, რომ შენი დაწერილი იყოს?
ჰერმან ჰესეს „ზიდჰარტა“.
რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად ადამიანებში, გარემოში?
უარყოფითი ემოციები.
ბოლოს რაზე იფიქრე, რომ ტყუილად დახარჯე დრო?
დროს ტყუილად არ ვხარჯავ. დრო ცოტაა. დრო არის ყველაფერი. 24 საათი გვაქვს მდიდრებსაც, ღარიბებსაც, ამერიკელებსაც, ქართველებსაც…
რაში ხარჯავ ფულს დაუფიქრებლად?
მოგზაურობაში, ალბათ. ბილეთების ყიდვაზე მეტად არაფერი მაბედნიერებს. ოღონდ ბილეთი ვიყიდო! ზოგი ხომ არის, რომ ფეხსაცმელებს ყიდულობს, ჩანთებს, მე ‒ ბილეთებს ვყიდულობ.
თბილისში შენთვის ყველაზე საყვარელი შენობა…
ბევრი შენობაა ასეთი და არ მინდა რომელიმე გამოვარჩიო. ბავშვობაში იყო ჩემი ოცნება: აღმაშენებელზე სასტუმრო „ვეცელი“ თუ გახსოვს, რაღაც ლამპიონები რომ უჭირავთ ფიგურებს, მინდოდა იქ მეცხოვრა. ძალიან ლამაზი, დიდი აივანი აქვს, რომელიც აღმაშენებელს უყურებს. თან ბებიაჩემის ცხოვრობდა იქვე. მერე, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, მოხდა ისე, რომ დასჭირდათ პროექტი, რეკონსტრუქცია უნდოდათ ამ სასტუმროსი და ეს ოცნება ავისრულე, ამ აივნიდან გადმოვიხედე. მერე აღარ გამოვიდა ის პროექტი, მაგრამ შენობა დღემდე მიყვარს.
გთხოვ, რომ გვაჩვენო ტელეფონში შენი ბოლო ან მიმდინარე არქიტექტურული პროექტი.
აი, მიმდინარეებია ზუსტად. ტელეფონში არ მაქვს გამოსაჩენი და სოციალურ მედიაში დასადები ფოტოები. ამიტომ შემიძლია გაჩვენოთ მხოლოდ მშენებლობის ეტაპი.
საოცნებო პროექტი გაქვს?
ადრე, სტუდენტობისას, აეროპორტის პროექტზე ვოცნებობდი. ახლა ეს საერთოდ აღარ მაინტერესებს, მაგრამ, ალბათ, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იქნებოდა კარგი.
საქართველოში?
რატომაც არა…