ქეთევან და სოფო ხერხეულიძეები

ქეთევან და სოფო ხერხეულიძეები დები არიან. ქეთევანი MUZARADI-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია, ხოლო სოფო ‒ „სარაჯიშვილის“ ბრენდ ამბასადორი და საქველმოქმედო ფონდის დირექტორი. სოფოსთვის ქეთი არის ბედნიერება, ხოლო ქეთისთვის სოფო ‒ ყველაფერი.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი / Forbes Woman Georgia

რაზე ვისაუბროთ დღეს ყავასთან?

ქეთი: დღეს ყავასთან ‒ ყველაფერზე. როგორც ყველაფერზე ვსაუბრობთ ხოლმე ზოგადად, ყავასთან.

სოფო: მე მირჩევნია პოლიტიკაზე.

ქეთი: კარგი, რა, სოფ, რა პოლიტიკაზე… ყველაზე ძალიან პოლიტიკას არ ველოდებოდი.

რას აქვს ბავშვობის გემო?

ქეთი: დედაჩემის გაკეთებულ „ოლადებს“.

ამ სკამით და მაგიდით სად გადაინაცვლებდი?

სოფო: სოხუმში.

ქეთი: მე გადავინაცვლებდი რიჩარდ ავედონის ობიექტივში, რომ პორტრეტი გადამიღოს.

ყველაზე უცნაური იდეა, რაც თავში მოგსვლია?

სოფო: შეიძლება ჩემთვის არ არის უცნაური და ვინმესთვის უცნაური იყოს. არანაირი უცნაური იდეა არ მქონია არასდროს.

ქეთი: ცოტა უცნაური არ იყო ფეხბურთს რომ თამაშობდი?

სოფო: უცნაური რატომ იყო ფეხბურთელი რომ მინდოდა გამოვსულიყავი?

ქეთი: ფეხბურთელი უნდოდა რომ გამოსულიყო და რა გერქვა ბიჭის სახელი?

სოფო: გიორგი. პროფესიული ფეხბურთი ვერ ვითამაშე, მაგრამ სულ ვთამაშობდი. გულშემატკივარი ვარ.

რისი ხმა გიყვარს?

სოფო: წვიმის.

ქართულია და…

ქეთი: მაგარი.

ბოლოს რაზე იფიქრე, რომ ტყუილად დახარჯე დრო?

ქეთი: არ მყოფნის დრო, ზოგადად. მეტი და მეტი მჭირდება, შესაბამისად, ასე არ მახსენდება ტყუილად დახარჯული დრო. ხშირად მაინც ვკარგავთ დროს…

ფოტო: სოფო პაპიაშვილი / Forbes Woman Georgia

რა ფერია ბედნიერება?

სოფო: თეთრი.

სიყვარული?

სოფო: წითელი.

ნდობა?

ქეთი: ნდობა, ალბათ… იყოს ცისფერი.

რომელ ფილმში და ვის როლს ითამაშებდი?

სოფო: რა მაგარი კითხვაა… ვითამაშებდი „ნათლიმამაში“ აპოლონიას როლს. ცუდად მთავრდება, მაგრამ ვითამაშებდი იმ ერთი მომენტისთვის მარტო.

ქეთი: ალმოდოვარის ნებისმიერ ფილმში მთავარ როლს.

მოდა უდრის?

ქეთი: სიყვარულს ჩემთვის. ესთეტიკას, გემოვნებას და ბევრ რამეს ერთად.

რა არის სილამაზე?

ქეთი: სილამაზე არის ძალიან მრავალმხრივი. ასე, ერთი სიტყვით, ძალიან რთულია, თქვა რა არის სილამაზე.

მომენტი, რომელიც მეხსიერებაში ჩაგებეჭდათ…

სოფო: ყველაზე მძაფრად მაინც მახსენდება ბოლოს რომ მამაჩემთან ვიყავი საავადმყოფოში.

ქეთი: ეგ მეც საშინლად მახსენდება.

სოფო: კინოკადრივით მახსოვს შესვლა, პალატა… იმის მერე აღარც მინახავს. არც იშლება ეს კადრი. სულ ახალია ჩემთვის.

ქეთი: ეგ იყო ძალიან მძიმე. ერთად შევედით მე და სოფო. ალბათ, ყველა ასეთი მძაფრი მოგონება რატომღაც მაინც უფრო სევდასთანაა დაკავშირებული. თითქოს ცუდი უფრო გახსენდება, ვიდრე კარგი.

გამართლება თუ შრომა?

ქეთი: ორივე ერთად, რა თქმა უნდა, შრომა და გამართლება. ერთმანეთის გარეშე თითქოს არ არსებობს.

დები არიან?

ქეთი: დები არიან.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი / Forbes Woman Georgia

ჩემს შემდეგ ვისთან გააგრძელებდი ასეთ საუბარს?

სოფო: ასეთ საუბარს ყავასთან… მარადონასთან და მერილინ მონროსთან ერთად.

ქეთი: მე გავაგრძელებდი ასეთ საუბარს ჩემს დისშვილთან, ელენესთან. ელენესთან სულ ვსაუბრობ და ყველაზე ძალიან მსიამოვნებს მასთან ცხოვრებისეულ თემებზე საუბარი.

რაში ხარჯავ ფულს დაუფიქრებლად?

სოფო: სათვალეში ვხარჯავ ფულს დაუფიქრებლად.

მიზანი, რომელსაც აუცილებლად მიაღწევ…

ქეთი: ზოგადად, მიზანს რომ დავისახავ, თუ მივაღწევ, შემდეგ უკვე ვცდილობ, რომ ახალი მიზანი დავისახო, რადგან მგონია, მოსაწყენია ცხოვრება უმიზნოდ. ზოგადად, ეს მოტივაციაა იმისთვის, რომ წინ და წინ ვიაროთ.

ფილმი შავ-თეთრი თუ ფერადი?

სოფო: შავ-თეთრი.

ქეთი: ფერადი.

ეპოქა?

სოფო: თანამედროვე.

ქეთი: მეოცე საუკუნის დასაწყისი.

დიზაინი თუ კომფორტი?

ქეთი: დიზაინი, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ინტერიერშიც რაღაც ძალიან რომ მომწონს, შეიძლება არ იყოს კომფორტული, მაგრამ მომწონდეს. სოფო სულ მაშაყირებს ხოლმე იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც ვიყიდო მხოლოდ იმიტომ, რომ მომეწონოს შეფუთვა, დიზაინი. კომფორტი კარგია, მაგრამ ახლა რომ მეკითხებით, უფრო დიზაინი.

სოფო: მე ‒ კომფორტი.

ბოლოს რაზე იცინე?

ქეთი: ელესთან, ჩემს დისშვილთან, ვიყავი სახლში სტუმრად. ჩვენმა მეგობარმა მოგვიყვა რაღაც საოცარი ისტორიები და გაიხსენა ბავშვობის ამბები. დიდი ხანია ასე, ხმით, არ მიცინია.

სოფო: იტყუები, ქეთი, სულ ეგრე არ ვიცინით?

ქეთი: სულ ეგრე ვიცინით, მაგრამ მაშინ, აი, ძალიან… პრინციპში, მე და სოფო სულ ასე ვიცინით.

რა არის შენთვის ბედნიერება?

სოფო: ახლობელ ადამიანებთან ყოფნა.

ქეთი: მათი კარგად ყოფნა.

სოფო: ჩემთვის ბედნიერებაა, თუ მთელი ცხოვრება, აი, სიკვდილამდე, ცხოვრების ბოლო წუთამდე ხარ შეყვარებული.

ქეთი არის…

სოფო: ბედნიერება.

სოფო არის…

ქეთი: ჩემთვის ყველაფერი.