2020 წელს კანის კინოფესტივალი, კორონავირუსის პანდემიის გამო, იმ ფორმით, როგორც აქამდე ტარდებოდა, ვეღარ გაიმართება.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კინოფესტივალი 12-23 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გამოაცხადა, რომ იზოლაცია 11 მაისამდე გაგრძელდება და საჯარო ღონისძიებები, მათ შორის ფესტივალები, ივლისის შუა რიცხვებამდე აღარ გაიმართება.
,,საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ… ჩვენ ვადასტურებთ, რომ გამოსავალი აღარ არის კანის 73-ე კინოფესტივალის გადადებაც, რომელიც მოიაზრებოდა ივნისის ბოლო და ივლისის პირველ რიცხვებში… აშკარად, რთულია ვივარაუდოთ, რომ კანის ფესტივალი წელს თავისი ორიგინალი ფორმით გაიმართება“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.
თუმცა, მათივე თქმით, უკვე დაწყებულია განხილვები და მოლაპარაკებები კინოინდუსტრიის პროფესიონალებთან როგორც საფრანგეთში, ასევე საზღვარგარეთ. ასევე, კვლავ გრძელდება სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვაც ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით.