ჯონი დეპის იურისტი, კამილ ვასკესი Brown Rudnick-ის პარტნიორი გახდა

ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის გამართული გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი იურისტი, კამილ ვასკესი იურიდიული კომპანია Brown Rudnick-ის პარტნიორი გახდა, – დაწინაურების შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. Brown Rudnick-ს კამილ ვასკესი 2018 წელს შეუერთდა, სასამართლო დავებისა და საარბიტრაჟო მიმართულებით. საერთო ჯამში, კამილ ვასკესს გახმაურებული სასამართლო დავების წარმართვის ათზე მეტი წლის გამოცდილება აქვს დაგროვილი, მათ შორის ცილისწამების, საკონტრაქტო და დასაქმებასთან დაკავშირებული დავების მიმართულებით.

ფოტო: Kevin Lamarque

„პარტნიორის რანგში კამილის ხილვა ძალიან გვახარებს“, – განაცხადა Brown Rudnick-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა. „ისტორიულად, ასეთ სიახლეებს ფისკალური წლის ბოლოს ვაცხადებთ, მაგრამ კამილის გამოსვლამ ჯონი დეპის სასამართლო პროცესის დროს მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ ის ამ ნაბიჯისთვის ახლაც მზად იყო. კამილით ძალიან ვამაყობთ და ერთი სული გვაქვს ვნახოთ, თუ რას მიაღწევს ის ჩვენი უახლესი პარტნიორის რანგში“.

„მოხარული ვარ, რომ პარტნიორად გამოცხადების საკითხზე Brown Rudnick-მა სრული ნდობა გამომიცხადა. ძალიან ამაყი ვარ იმ საუცხოოდ ნიჭიერი გუნდით, რომლის ხელმძღვანელობის პრივილეგია მქონდა – ეს ჯგუფი გუნდური მუშაობისა და კოლაბორაციის ნათელი მაგალითია“, – განაცხადა კამილ ვასკესმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Brown Rudnick-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იურიდიული კომპანიაა ამერიკის შეერთებულ შტატებში – U.S. News & World Report-ის ინფორმაციით, ის რიგით მე-10 იურიდიული ფირმაა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის გახმაურებული სასამართლო დავა 1-ელ ივნისს დასრულდა. ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ჯონი დეპმა სასამართლოზე წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დაედასტურებინა ემბერ ჰერდის მხრიდან განზრახული ცილისწამების ფაქტი – საუბარია ჰერდის ავტორობით 2018 წელს გამოქვეყნებულ ოპედზე. მართალია,  ემბერ ჰერდს ჯონი დეპისთვის კომპენსაციის სახით ცილისწამებისთვის $10 მილიონის, ხოლო სადამსჯელო ზომის სახით $5 მილიონის გადახდა დაევალა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შტატ ვირჯინიის კანონმდებლობით, სადამსჯელო ზომების განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობა $350 ათასს შეადგენს, მოსამართლემ $5-მილიონიანი სასჯელი $350 ათასამდე შეამცირა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ემბერ ჰერდის სარჩელის ერთი ნაწილი მაინც დააკმაყოფილა – მათი თქმით, ჯონი დეპის ყოფილმა ადვოკატმა, ერთ ეპიზოდში, ემბერ ჰერდს ცილი დასწამა. შედეგად, ჯონი დეპს ემბერ ჰერდისადმი კომპენსაციის სახით $2 მილიონის გადახდა დაევალა.