ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის ცხოვრებაში ბალანსის ფუნქციას ასრულებს. თუმცა, ყველაფრის გაკონტროლება და ბალანსის შენარჩუნება მარტივი სულაც არ არის. ხშირად მცდელობა მიმდინარე მოვლენები და სიტუაციები ჩვენს დაქვემდებარებაში იყოს, უშედეგოა. ამ ჰარმონიის რღვევა კი ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და პროდუქტიულობაზე აისახება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის მონაცემების მიხედვითმ ხუთიდან ერთ მოზარდს მენტალური პრობლემები აქვს, ხოლო თანამშრომლებში დეპრესიისა და შფოთვის ფონზე შემცირებული პროდუქტიულობის გამო გლობალური ეკონომიკა 1 ტრილიონი დოლარით ზარალდება.
ემოციური გადაწვა ის მუდმივი საფრთხეა, რომლის მსხვერპლიც დროდადრო ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, პანდემიის პირობებში მასშტაბები ბევრად გაიზარდა და პრობლემამაც ტენდენციური სახე მიიღო. დაკარგული შემოსავლის წყარო და სამსახური, ეკონომიკური გაჭირვება, უიმედობის განცდა – ეს ყველაფერი ემოციური გადაწვის წინაპირობა გახდა. სამედიცინო სექტორში მომუშავე პერსონალის ფიქრები, ერთი მხრივ, მოვალეობის შესრულებისკენ, მეორე მხრივ კი საკუთარ და გარშემომყოფთა უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ იყო მიმართული. მანძილი სამსახურსა და სახლს შორის კიდევ უფრო შემცირდა.
აპრილის თვისთვის კარანტინში მსოფლიო მოსახლეობის მესამედი იყო, რაც 2.6 მილიარდ ადამიანს ითვლის. ამასთან, გლობალურმა სურათმა აჩვენა, რომ პანდემიის პირობებში საშუალოდ ხუთი ადამიანიდან ოთხის სამსახურს საფრთხე შეექმნა. გაეროს სააგენტოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის დასასრულს ბაზრიდან დაახლოებით 225 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი იყო გამქრალი. თუმცა, პანდემიური გარემო გარკვეული ბიზნესებისთვის მომგებიანიც კი აღმოჩნდა. ონლაინ შეხვედრებისა და სასწავლო პროცესების ფონზე, Zoom-ის პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა 10 მილიონიდან დღეში 300 მილიონამდე გაიზარდა.
რა არის Burn out ანუ ემოციური გადაწვა?
მიუხედავად იმისა, რომ ემოციური გადაწვის კონცეფცია ჯერ კიდევ 1970-იან წლებში წარმოიშვა, სამედიცინო საზოგადოება დიდი ხანია კამათობს იმაზე, თუ როგორ უნდა განისაზღვროს იგი. გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოქვეყნებულ სტატიაში Burn Out განიმარტა, როგორც „გადაღლა საკუთარი ენერგიისგან და რესურსებისგან ზედმეტი მოთხოვნის გამო“. თუმცა, 2019 წელს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ემოციური გადაწვა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიტანა, სადაც ტერმინი აღწერილი იყო, როგორც „სინდრომი, რომელიც სამსახურში ქრონიკული სტრესისა და მასთან წარუმატებლად გამკლავების შედეგად წარმოიშვა“. ეს ყველაფერი ამყარებს მოსაზრებას, რომ გადაწვა იმაზე მეტია ვიდრე ცალკეული თანამშრომლების პრობლემა და ის ორგანიზაციულ დონეზე გადაწყვეტას მოითხოვს.
კვლევის მიხედვით ემოციურ გადაწვას 6 ფაქტორი იწვევს:
- ზედმეტი სამუშაო დატვირთვა
როდესაც დატვირთვა შენს შესაძლებლობებს შეესაბამება, დაკისრებულ სამსახურს ეფექტურად ართმევ თავს. გაქვს მეტი შესაძლებლობა ეძიო პროფესიული და კარიერული განვითარების გზა. მაგრამ, თუკი მუდმივად დატვირთულობის შეგრძნება გაწუხებს, ბალანსს ვერ იცავ.
- კონტროლის დაკარგვის შეგრძნება
გრძნობა, თითქოს ავტონომიურობა გაკლია. თითქოს რესურსებზე ხელი არ მიგიწვდება და ვერ ახერხებ სიტუაციის ეფექტურად მართვას.
- შეუსაბამო ჯილდო გაწეული შრომისთვის
თუკი ხვდებით, რომ სურვილი და რეალური ჯილდო არ შეესაბამება თქვენსავე გაღებულ ძალისხმევას, დაგტანჯავთ შეგრძნება, რომ თქვენი ინვესტიცია არც ისე ღირებულია.
- თანადგომის ნაკლებობა
ემოციური გადაწვა სწორედ კოლეგებთან გუნდურობის შეგრძნების ნაკლებობისა და მათგან თანადგომის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს ჩვენით არ ვირჩევთ, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება.
- უსამართლობა
თუკი, რასაც გასცემთ არ შეესაბამება იმას, რასაც იღებთ, მაშინ ჩნდება უსამართლობის განცდა. შესაძლოა თქვენ მიერ გაწეულ შრომას სათანადოდ არ აფასებენ, არავინ გაქებთ, როდესაც ხვდებით, რომ სხვას თქვენგან განსხვავებით პრივილიგირებულად ექცევიან, უსამართლობის შეგრძნება გეუფლებათ და ეს იწვევს დემოტივაციას.
- შეუსაბამო ღირებულებები
თუკი თქვენი ღირებულებები კომპანიისას არ ემთხვევა, შესაძლოა ამან თქვენს მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე იქონიოს ზეგავლენა. იდეალები და მოტივაციაა სწორედ ისაა, რაც ორგანიზაციას ამუშავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ორგანიზაციული პრობლემებია, ემოციურ გადაწვასთან გასამკლავებლად უმეტეს შემთხვევაში თვითმკურნალობას მიმართავენ. ჯენიფერ მოსის, საჯარო სპიკერისა და ჟურნალისტის აზრით, ამ პრობლემების გადაჭრის ტვირთი ცალკეულ ინდივიდებს ეკისრებათ: „ვცადოთ ცოტაოდენი იოგა, მედიტაცია, ვარჯიში და ყველაფერი გამოსწორდება, ამბობენ ისინი. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ კეთილდღეობაზე მოქმედებს. ემოციურ გადაწვას კი ნამდვილად არ ეხმარება. სხვა ტაქტიკებია საჭირო მასთან გასამკლავებლად.“
რა ხდება ახლა?
Glint-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოავლინა. მასში მონაწილეობას მსოფლიოს მასშტაბით 700,000 დასაქმებული იღებდა. მონაცემების მიხედვით, ლოქდაუნის პერიოდში, მარტიდან აპრილამდე ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ემოციური გადაწვა აწუხებდათ. მონაწილეთა 84% პრობლემას სამსახურს უკავშირებს და მათი ნახევარი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით დატოვეს სამუშაო.
ემოციურად გადამწვარ თანამშრომელთა დიდი რაოდენობა ახალი სამსახურის პოვნას ცდილობს. მათი რაოდენობა 2.6-ჯერ აღემატება იმ პირთა რიცხვს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა არ აწუხებთ. მნიშვნელოვანია ასევე, რამდენად არის თანადგომა კომპანიის ან ორგანიზაციის მხრიდან თანამშრომლის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მხოლოდ გამოკითხულთა 51 პროცენტი ადასტურებს საჭირო ემოციური მხარდაჭერის მიღებას კოლეგებისგან ან ხელმძღვანელისგან და ხუთიდან ერთ თანამშრომელს ჰქონდა ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსთან პროდუქტიული საუბარი და შეხვედრა პრობლემის გადასაჭრელად.
მიუხედავად იმისა, რომ ემოციური გადაწვის პრობლემა საკმაოდ მწვავეა ამ პერიოდში, ყველაფერი პანდემიამდე დაიწყო. უამრავ დასაქმებულს ამ დრომდეც აწუხებდა ეს პრობლემა. COVID-19-მა მხოლოდ და მხოლოდ მისი დაჩქარება გამოიწვია. განვიხილოთ მასწავლებლები. პანდემიის წინა პერიოდში მათ უწევდათ გრძელ სამუშაო საათებთან და დაბალ ხელფასთან გამკლავება. ექიმები, მომვლელები იძულებულები იყვნენ ემუშავათ 16 საათი. კვლევები aდასტურებენ, რომ სამედიცინო პერსონალი, რომელიც ცვლაში 12.5 საათზე მეტს მუშაობს 3-ჯერ მეტ შეცდომას უშვებს.
სხვა სექტორებში, როგორიცაა მაგალითად ტექნოლოგიური სფერო, ხშირია გადატვირთვა. მიუხედავად ამისა, დადასტურებულია, რომ კვირაში 55 საათზე მეტ ხანს მუშაობა პროდუქტიულობას არ აუმჯობესებს.
ემოციური გადაწვის მახასიათებლები და როგორ გავუმკლავდეთ მას
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე ინდიკატორს ასახელებს:
- ენერგიის შემცირება და ხშირი დაღლილობის შეგრძნება
- სამსახურისადმი ცინიკური ან ნეგატიური დამოკიდებულება
- შემცირებული პროფესიული ეფექტურობა
Gallup-ის მონაცემების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებსაც Burn Out აწუხებთ, 13 პროცენტით ნაკლებ თავდაჯერებულები არიან თავიანთ შესაძლებლობებში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მასთან გამკლავება ისწავლონ.
თუკი ემოციურად გადაიწვით, პირველ რიგში შეისვენეთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა თქვენ ვერ მოახერხოთ გასვლითი ექსკურსის მოწყობა ან სალაშქროდ წასვლა, მაგრამ დროებით ყურადღების სხვადასხვა მოვლენებზე გადატანა დაგეხმარებათ განტვირთვაში. თუ ძალიან გადატვირთული ხართ, სტრესის მოსაგვარებლად დაიწყეთ ორგანიზება: დაგეგმეთ თქვენი დავალებები, პრიორიტეტი მიანიჭეთ თქვენს სამუშაოს, თქვით რაღაცებზე უარი და შეეშვით პერფექციონიზმს. შეეცადეთ, პროგრესს მიაღწიოთ დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევებში. გაიუმჯობესეთ კომუნიკაციის უნარი თანამშრომლებთან. ჰკითხეთ თქვენს კოლეგებს, როგორ ჩაიარა მათმა დღემ. ნუ გამოიყენებთ რაიმეს სათქმელად გამკიცხავ ტონს. დაელაპარაკეთ თქვენს ხელმძღვანელს ამის შესახებ.
თუმცა, პასუხისმგებლობა ამ საქმეში მხოლოდ ცალკეულ ინდივიდს არ ეკისრება. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებმაც მიაქციონ ყურადღება თავიანთი თანამშრომლების მდგომარეობას, რადგან ეს მათი კომპანიის პროდუქტიულობაზეც აისახება. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ მენეჯერები კარგად დაგეგმავენ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა თავიდან აიცილონ. JLL-ის კვლევის მიხედვით, 10 ქვეყნიდან გამოკითხულმა 2000-ზე მეტმა დასაქმებულმა გამოთქვა ოფისში მუშაობის სურვილი. ამიტომ, არაერთი კომპანიის ინიციატივა, რომ სამუშაო გარემო ონლაინ გადაიტანონ , გადახედვას საჭიროებს.
თუკი იცი რას ებრძვი, ბრძოლის ნახევარი გავლილია. ვფიქრობ, ამ პრობლემის გააზრება სწორედ ამ დასასრულამდე მიგვიყვანს.