თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში გადმოტანა და ამ პროცესების მხარდაჭერაა. უძველესი სამოსის აღმოჩენის შემდეგ ბანკმა ჩათვალა, რომ იგივე ტიპის სამოსი კი არ უნდა შექმნილიყო, არამედ რაღაც ახალი, თანამედროვე, რათა ქსოვილების უნიკალური პატერნები ფართო საზოგადოებას მარტივად მიეღო, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებულიყო და ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო. აქ, ახლა – ასე დაიბადა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი, Qsovili.ge – ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის ონლაინ მაღაზია, რომელიც ქართველი დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.
იდეის რეალიზებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ეს პერიოდი თიბისიმ სტარტაპებთან, ბრენდებთან და დიზაინერებთან შეხვედრას მოანდომა. ბანკის წარმომადგენლები მათ საკუთარი იდეის შესახებ უყვებოდნენ, აძლევდნენ წვდომას უნიკალურ მასალაზე და აძლევდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლებას – წიგნში არსებული პატერნებით შეექმნათ ისეთი პროდუქცია, როგორიც თავად წარმოედგინათ.
საბოლოოდ, თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, 20-მდე მეწარმე გააერთიანა. პროდუქცია და Ready to Wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა. ახლა Qsovili.ge-ზე სხვა დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ორიგინალური ნივთების შეძენაა შესაძლებელი.
LAKO BUKIA მათთვის, ვისაც სითამამის არ ეშინია
მთავარი, საკუთარ თავთან ჰარმონიაა, უნდა უსმინო საკუთარ სხეულს, გაიგო რა აძლევს დადებით ემოციას და მერე ყველაფერი გამოდის! ასე დიზაინერი ლაკო ბუკია ფიქრობს. მისი ხელწერის მთავარი შტრიხი თავისუფლების სიყვარულია, მის სამოსს იმ შემთხვევაში მოირგებთ თუ სითამამის არ გეშინია, თუ მოგწონთ სიჭრელე. ქალის ყველაზე ფერადი სამოსი ანუ ბრენდი Lako Bukia, თბილისში 5 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა მისი ისტორია ლონდონიდან იწყება.
ლონდონის მოდის სკოლა ლაკო ბუკიამ ქალის ტანსაცმლის სპეციალიზაციით დაამთავრა. ბაკალავრიატზე სწავლა 6 თვიან პრაქტიკას მოითხოვდა, მაშინ სტუდენტს, სტილისტებთან მუშაობა აინტერესებდა. ნახევარი წლის განმავლობაში ინგლისელ სტილისტთან ერთად თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში დადიოდა გადაღებებზე, არჩევდა ტანსაცმელს, ფერებს, სტუმრობდა შოურუმებს, მისი გრაფიკი მოდის სხვადასხვა ჟურნალისთვის კვირაში 6 დღე გადაღებებსაც იტევდა. სწორედ ეს სტილისტი ერთ დღესაც ლაკოს ნამუშევრებით დაინტერესდა, დაათვალიერა და ბრენდის ჩამოყალიბებაში დახმარებაც შესთავაზა. ასე დაიწყო ბრენდ Lako Bukia-ს შექმნა ინგლისში. 2 წელი, 4 სეზონი, ბრენდი ლონდონის მოდის კვირეულზე იყო, ძალიან წარმატებულად, ის პოპულარული იყო სტილისტებში, მასზე წერდნენ მოდის ჟურნალები, თუმცა თავად ბრენდის ავტორს გაყიდვების მაჩვენებელი არ მოსწონდა. ლაკომ ჩათვალა, რომ დამატებითი ცოდნა სჭირდებოდა და გეზი ინგლისიდან ამერიკისკენ აიღო. მარტივი არ იყო, თუმცა დიდი შრომის შემდეგ ნიუ-იორკის პარსონის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩაირიცხა. მის კურსზე 18 სტუდენტიდან დიპლომი მხოლოდ 10 მათგანმა მიიღო, ეს სწავლის სირთულეს ყველაზე კარგად აჩვენებს.
„ეს იყო ყველაზე რთული, ყველაზე საპასუხისმგებლო წლები. ნიუ-იორკში ძალიან დავაფასე დიზაინი და საკუთარი თავი ვიპოვე. ჯერ კიდევ ლონდონში მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ძლიერი მხარი იყო ფერები და პრინტი, ამ მხრივ ცოდნა შტატებში კიდევ უფრო გავიღრმავე“.
ლექტორებისგან დაევალა, რომ პრინტდიზაინერი უნდა ყოფილიყო, სწავლის დასრულებისას ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, სწორედ ასეთი კოლექციით წარსდგა. კოლექციის თემად პორტრეტი აირჩია, როგორც ამბობს, ეს მისი თავის აღმოჩენა იყო. კოლექციაზე მუშაობა მოიცავდა ვიზიტს ფსიქოლოგთან, არტ თერაპიისთვის. სეანსებმა საშუალება მისცა ზუსტად გაეგო რა, რატომ მოსწონდა, შემდეგ იღებდა ფოტოებს და საკუთარი პორტრეტის პარალელურად ის ქსოვილზე გადაჰქონდა. დიზაინი თარგების გარეშე შექმნა, დიდი ქსოვილი და მოდელირება ცოცხალ მოდელზე, ასე შეიქმნა ქალის ხაზი გადაკერვის გარეშე, მხოლოდ ნაქარგით.
5 წლის წინ თბილისში დაბრუნება მოუწია, ოჯახურმა პირობებმა ასე მოითხოვა, არც საქართველო და არც ბრენდის კეთება შედიოდა ლაკოს გეგმებში, მას დიზაინერებთან მუშაობა და მეტი ცოდნის მიღება სურდა, თუმცა რეალობის შესაბამისად, არც თბილისთან ადაპტაცია გასჭირვებია.
„ბრენდის შექმნა ნაკლებად შემოქმედებითი საქმეა, ეს უფრო ბიზნესია, მარკეტინგი. მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ყველა დიზაინერს საკუთარი ბრენდი ჰქონდეს, უფრო საინტერესო შემოქმედებითად დახარჯვაა“.
ასე შემოქმედებითად მიუდგა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს. დეტალურად შეისწავლა სასახლის მიერ გამოცემული წიგნი „ქსოვილი საქართველოდან“, მოიხიბლა ფრესკების საკუთარ კოლექციაზე გადატანის შესაძლებლობით, თუმცა ვერ გარისკა, ეს იმიტომ, რომ პროექტი საქართველოში ხორციელდებოდა და კიდევ იმიტომ, რომ ამას შეიძლებოდა დიდი კრიტიკა მოჰყოლოდა. ამიტომ აარჩია ორნამენტები, მარტივი დეტალები და სეზონის შესაბამისად საცურაო კოსტუმები შექმნა.
„ეს პროექტი რომ უცხოეთში გაკეთებულიყო, ან უცხოეთში გაეტანათ, ფრესკებს აუცილებლად გამოვიყენებდი“.
დიზაინერი მიიჩნევს, რომ დასაფასებელია, როცა მსხვილი ბიზნესი მცირეს მხარდაჭერაში ერთვება, როცა მის პოპულარიზაციას ხელს უწყობს, ამას საბოლოოდ გაფართოება მოაქვს, ეს კი წვლილია ეკონომიკურ განვითარებაში საქვეყნო საქმეში!