მარიამ სიგუა ამბობს, რომ მისი ბიოგრაფიის ყველაზე განსხვავებული ქვეთავის დასაწყისი კონკრეტული თვითა და რიცხვით- 21 ივნისით- თარიღდება. 6 წლის იყო. დედა თმას ვარცხნიდა და დაახლოებით თხილის ზომის გაცვენილი ადგილი შენიშნა. იმ დღესვე მიაკითხეს დერმატოლოგს და დაიწყეს ძიება, რა პრობლემასთან ჰქონდათ საქმე. დიაგნოზის დაზუსტებას დრო დასჭირდა, მარიამი იხსენებს, რომ ინფორმაცია ცოტა იყო, მსგავსი პრობლემის მქონეს კი არავის იცნობდნენ. როცა ალოპეციის- თმის ბუდობრივი ცვენის- დიაგნოზი საბოლოოდ დაზუსტდა, მარიამს უკვე არაერთი უთმო კერა ჰქონდა. „ალოპეცია სწრაფად პროგრესირებს. მალამოებს რომ ვიყენებდი, მკურნალობის პროცესში ექიმმა გადაპარსვა გვირჩია. ნოემბერი იყო.“ ალოპეცია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს. ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი- ძლიერი სტრესია. მარიამი ამბობს, რომ მის შემთხვევაში თმის ცვენის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან პრობლემის წინაშე მცირეწლოვანი აღმოჩნდა და ამის გამო გარეგნობის ცვლილება შედარებით უმტკივნეულოდ მიიღო. „საერთოდ ვერ ვხვდებოდი, თუ რამე განსაკუთრებული ხდებოდა ჩემს თავს. ერთადერთხელ, ალბათ, მაშინ ვიტირე, როცა თმა გადამპარსეს და სარკეში საკუთარი თავი პირველად დავინახე. იქამდე ძალიან ხშირი შავი თმა მქონდა. დავარცხნა ჭირდა ხოლმე. მახსოვს, უთმობა მეუცნაურა, მეუცხოვა, მაგრამ შემდეგ იმდენად გავითავისე ცვლილება, რომ ოჯახის წევრებსაც თვითონ დავეხმარე უმტკივნეულოდ აღექვათ ეს ფაქტი.“
მარიამი იხსენებს, რომ სკოლაში იმ წელს საკუთარი თმით მივიდა, გაცვენილი ადგილები დედამ დაუფარა, შემდეგ კი გადაპარსულ თმას ბენდენებით ფარავდა. საახალწლო ღონისძიებაზე მარიამის ცხოვრებაში პირველი პარიკი გამოჩნდა: ანგელოზის როლს ასრულებდა და ქერა, გრძელი კულულებიანი პარიკი მოარგეს. მოეწონა და სხვანაირი პარიკებიც სცადა. ამბობს, რომ კლასელებისგან არასდროს უგრძნია ზღვარგადასული ცნობისმოყვარეობა ან ნებისმიერი ემოცია, რომელიც თუნდაც ოდნავ უხერხულობას შეუქმნიდა. „ახლა ვფიქრობ, შეიძლება ვინმე უფროსი დაელაპარაკა მათ, ან მასწავლებელმა აუხსნა, რაში იყო საქმე.“
მარიამი ამბობს, რომ გარეგნობის ამ თავისებურებასთან აბსოლუტურად შეგუებულია. მეტიც – თმით უკვე ვეღარც წარმოუდგენია საკუთარი თავი. თუმცა არ მალავს, რომ ყოფილა დღეები, როცა საკუთარი გარეგნობის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულად იყო განწყობილი და ეს ხშირად ავტომატურად უკავშირდებოდა ალოპეციას. „მაგალითად, არ მომწონს, როცა თვალები არ მაქვს დახატული, რადგან ალოპეციის შედეგად, თმასთან ერთად, წარბებსა და წამწამებსაც კარგავ. საბედნიეროდ, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულ განწყობას იოლად ვერეოდი ხოლმე. თავისუფლად შეიძლებოდა, თმა მქონოდა, მაგრამ ხანდახან მაინც საერთოდ არ მომწონებოდა ჩემი გარეგნობა. როგორც ყველას.“
მარიამი ფსიქოლოგია, სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობს. ამბობს, რომ პროფესიამ კიდევ უფრო გაამყარა მისი ჯანსაღი თვითშეფასება.
რამდენიმე წლის წინ მარიამი სოციალურ ქსელში სალომე სოხაძის პოსტს გადააწყდა, სადაც ის საკუთარი ალოპეციის შესახებ წერდა და იმავე დიაგნოზის მქონეებს გამოხმაურებას სთხოვდა. მარიამმა მაშინვე მისწერა და მალევე დამეგობრდნენ. „მითხრა, რომ ჩემსავით უამრავი ურეკავდა და მარტოები არ ვიყავით, როგორც ეს მანამდე მეგონა.“ ჯგუფმა- Power Of Alopeca- „ალოპეციის ძალამ“- 203 წევრი გააერთიანა. მათ შორის, ალოპეციის დიაგნოზის მქონე ყველაზე მცირეწლოვანი წევრი- 4 წლის გოგოა. თუმცა ჯგუფის წევრები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ სიტყვა „დიაგნოზზე“ უარი ეთქვათ. „ალოპეცია უფრო- მდგომარეობაა. ჩვენს ჯგუფში არიან ისეთებიც, ვინც პარიკზე უარი თქვა. უბრალოდ, არ უნდათ. მათ ძალიან კარგი სტილი აქვთ.“
მარიამი განმარტავს, რომ ჯგუფის მიზანი ინფორმაციის, ემოციის, გამოცდილების გაცვლა-გაზიარებაა. „ერთმანეთის დანახვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმის შეხედვა, ვინ როგორ ვცხოვრობთ. მე რომ ლაღი ვარ, არ ვმალავ, მე რომ შემიძლია, ესე იგი, შენც შეძლებ.“ მარიამი მიიჩნევს, რომ მას გარემოცვაში გაუმართლა, ვიღაცებს კი- ნაკლებად. „გაუგონარი ამბები მესმის ხოლმე. მაგალითად, ვიღაცები მეზობლებთან ვერ თამაშობდნენ, რადგან მათ მშობლებს გადამდები ეგონათ უთმობა და შვილებს ასეთ თანატოლთან მიახლოებას უშლიდნენ. ბავშვობიდან რომ ასეთი რამეები გახსოვს, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაა მარტივი. მე ვერც კი დავუშვებდი, რომ ვინმეს რამე მსგავსი შეიძლებოდა ეფიქრა ჩემთან დაკავშირებით.“
მარიამი ამბობს, რომ საკუთარი თავის მიღებაში ადაპტაციის კარგი უნარი დაეხმარა. მათთვის კი, ვისაც ახლა უწევს შეცვლილ მოცემულობასთან შეგუება, ამბობს: „უთმობა ტრაგედია არაა, საერთოდ არაფერს წყვეტს. ყურადღება თმიდან ან უთმობიდან გადაიტანეთ ცხოვრებაზე, ბედნიერების ძიებაზე. გარშემო უამრავი რამაა, რითიც შეგიძლია ლაღი და სიხარულით სავსე იყო.“