გვანცა შარიქაძე ამბობს, რომ დაახლოებით ორი წლის წინ სიტყვა „ბულინგის“ მნიშვნელობა მხოლოდ თეორიულად იცოდა. მე-7 კლასში კი თავად გახდა კრიტიკისა და ბულინგის მსხვერპლი. თუ მანამდე თვითშეფასების პრობლემა არასდროს ჰქონია, იმ დროს უკვე პრობლემად ექცა ჭარბი წონაც და ისიც, თუ როგორ გამოიყურებოდა ზოგადად. გვანცას ოჯახში მის ზედმეტ კილოგრამებს მტკივნეულად არასდროს არავინ აღიქვამდა. „პირიქით, სწორედ მათ მასწავლეს პატარაობიდან, რომ ყველა თავისებურია; რომ უნდა მიიღო საკუთარი თავი. მეუბნებოდნენ, ზედმეტი კილოგრამები პრობლემა არ არის და თუ მაინც დაგჭირდება წონაში დაკლება ან კალათბურთის, ან ჯანმრთელობის გამო, მაგასაც მივხედავთო. ის, რომ უნდა ადგე და გახდე- ჩვენთან არასდროს ყოფილა.“
გვანცა იხსენებს, რომ ბულინგის სამიზნე პირველად პარალელური კლასელი ბიჭის მხრიდან გახდა. „ძირითადად, სპორტულად ვიცვამ. სადაც კი შემხვდებოდა ეს ბიჭი- სკოლაში, ქუჩაში- ყველგან მეუბნებოდა, ბიჭი ხარ, ფუ, რას გავხარ, დაიკელი და ა. შ. მას სხვებიც აჰყვნენ. ამან კი ისეთი კომპლექსები გამიჩინა, გარეთ გასვლის სურვილი დავკარგე.“ გვანცა ამბობს, რომ იმ პერიოდში საკუთარ თავში ჩაიკეტა. დედასთანაც კი ვერ ლაპარაკობდა იმაზე, რაც აწუხებდა. „ვაცნობიერებდი, რომ დახმარება მჭირდებოდა ფსიქოლოგიურად. პირველი, ვისაც გავენდე, ჩემი კალათბურთის მწვრთნელი იყო. მასთან 7 წლიდან დავდივარ. სპორტულ შეკრებაზე ვიყავით. შემამჩნია, რომ კომპლექსები მქონდა. ზღვაზე რომ გავდიოდით, გრძელ მაისურებს ვიცვამდი და ზღვაში ასე „კოსტიუმით“ შევდიოდი. შეფასების შიში მქონდა, კრიტიკული აღქმის მოლოდინი არამარტო უცხოების მხრიდან, გუნდელებისგანაც კი. მე და ჩემმა მწვრთნელმა ვარჯიშის შემდეგ რამდენჯერმე ვილაპარაკეთ იქაც და მერე უკვე თბილისშიც. დამარწმუნა, რომ არაფერი საგანგაშო ჩემს გარეგნობას და ცხოვრებას არ სჭირდა და ნებისმიერ დროს შემეძლო მასთან ჩემს ემოციებზე მელაპარაკა. ძალიან დამეხმარა. მირჩია მშობლებისთვისაც გამეზიარებინა ეს უარყოფითი განცდები. იმ დეპრესიულ განწყობას ცოტათი რომ მოვერიე, საკუთარ თავს უფლება მივეცი დედასთან და უახლოეს მეგობართან მელაპარაკა.“
გვანცა ამბობს, რომ საკუთარ თავს დიდწილად თვითონვე დაეხმარა. ძალიან მოუნდა დაემტკიცებინა, რომ მისი კილოგრამები არაფერს წყვეტს. „ გოგოებს, რომლებიც თავიანთი გარეგნობის გამო საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან, ვეტყოდი, რომ მეც თავიდან სუსტი მეგონა თავი, მაგრამ არ აღმოჩნდა ასე. ჩვენ ყველას შეგვიძლია სხვების აზრს ყურადღება არ მივაქციოთ. მათ აქვთ დაწესებული კონკრეტული სტანდარტები, რომელშიც გინდა თუ არა, უნდა ჩაჯდე. თუ არ ჩაჯდები, ესე იგი, არ ხარ სრულფასოვანი ადამიანი. არადა, გარეგნობა არაფერს წყვეტს. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ღირსებები. ყველანი განსხვავებულები ვართ და ეს განსხვავებულობა ძალიან საინტერესოა. მომწონს საკუთარ თავი სწორედ ისეთი, როგორიც ვარ და თუნდაც შეაფასონ ეს სხვებმა როგორც ზედმეტი კილოგრამები.“
გვანცას კულინარია იტაცებს და ფიქრობს, რომ პროფესიულ არჩევანს ამ საქმეს დაუკავშირებს. ასევე უნდა, კალათბურთელის კარიერა უცხოეთში გააგრძელოს. „საკუთარი თავი თვითონვე უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ხარ, თუ გინდა, რომ სხვებმაც მიგიღონ. მე გავაცნობიერე, რომ ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი აზრი გამოთქვას, საკუთარი შეხედულებები ჰქონდეს; ჩაცმის სტილი, საუბრის მანერა, და იყოს ინდივიდუალური. ასეთი რომ მივიღე ჩემი თავი, მიმიღო ყველამ. იმ ადამიანმაც კი, რომელიც მეუბნებოდა, რას გავხარო. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ დღეს ვმეგობრობთ.“