„ნაკლები რომ ჭამო, გოგო არ გაჯობებსო“ – ანი ნიკოლაძე, 20 წლის

ამბავი, რომელსაც უნდა მოვყვეთ, 10 წლის წინ დაიწყო. ანი ნიკოლაძე ახლა 20 წლისაა და იხსენებს, რომ სწორედ იმ პერიოდში დაშორდნენ მისი მშობლები, ძლიერი ემოციური სტრესის გამო კი მეხუთეკლასელმა გოგომ წონაში საგრძნობლად მოიმატა. ამბობს, რომ მოგვიანებით წონის რადიკალური მატება უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა- ემოციური სირთულეები ჭამის გაძლიერებულ მოთხოვნილებას იწვევდა, რასაც ის ჭარბ კილოგრამებამდე მიჰყავდა.

ფოტო: ნატა სოფრომაძე

წონის გამო თავიდან დიდად არ დარდობდა. მით უმეტეს, პირველ წლებში. ოჯახის წევრები გაცილებით კრიტიკულად იყვნენ განწყობილები ანის სხეულის ფორმების მიმართ, ვიდრე თავად ანი. კითხვაზე, ახსენდება თუ არა განსაკუთრებით არაკორექტული ან მტკივნეული რეპლიკა, კომენტარი ან შეფასება, ამბობს: „ვისაც არ ეზარებოდა, ხაზს უსვამდა, რომ მე უფრო ვგავდი დედას, ვიდრე დედაჩემი, რომელიც ოთხი შვილის დედაა; რომ გადასარევი იქნებოდა, ნაკლები მეჭამა და რომ გოგო არ მაჯობებდა, თუ გავხდებოდი.“

ამბობს, რომ ეს დამოკიდებულება სასიამოვნო არასდროს იყო, მაგრამ გარდატეხის ასაკში უკვე მტკივნეული გახდა და თვითშეფასებაზე რადიკალური გავლენა მოახდინა. „ყველაფერი, რაც არ მომწონდა საკუთარ თავში, უკავშირდებოდა წონას. ვფიქრობდი, რომ ამის გამო საკმარისად კარგი არ ვიყავი. თან ბავშვობიდან ძალიან მიჭირს ჩემი ემოციების გამოხატვა და არც ეს საკითხი იყო გამონაკლისი. ვერავისთან ვლაპარაკობდი, რა მაწუხებდა. არადა, საკუთარი თავის ასეთი აღქმა უკვე რეალური პრობლემა იყო. ფსიქოლოგიურად დიდ ზიანს მაყენებდა. მე კი თითქოს ამის აღიარება არ მინდოდა მაშინაც კი, როცა მარტო ვრჩებოდი. სხვებთან- მით უფრო.“

ჰყვება, რომ დედასთან არ ცხოვრობს და მისი მონახულებისგან ბევრჯერ შეუკავებია თავი უსიამოვნო შეფასების შიშით: „ვიცოდი მეტყოდა, როგორ გასუქებულხარო. ბევრჯერ ამირიდებია შეხვედრა იმის გამო, რომ ეს ფრაზა არ გამეგონა. დედა და ბებია ყველაზე მეტად მაკომპლექსებდნენ. რა თქმა უნდა, არგუმენტად ის ჰქონდათ, რომ ჩემთვის კარგი უნდოდათ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მიდგომა არ არის გამართლებული. საერთოდ არ ინტერესდებოდნენ რა ხდებოდა იმის მიღმა, რომ დიდი წონა მქონდა- რას ვგრძნობდი და როგორ მოქმედებდა ჩემზე მათი სიტყვები.“

ანი იხსენებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საკუთარ თავთან ყველანაირი ჰარმონია დაკარგა: აღარ ჰქონდა გარეთ გასვლისა და მეგობრების ნახვის სურვილი; არ მოსწონდა ის, რაც ეცვა და არ შეეძლო ჩაეცვა ის, რაც მოსწონდა. ძირითადი დისკომფორტი ფსიქოლოგიური ხასიათის იყო, თუმცა გააცნობიერა ისიც, რომ გარკვეულ ეტაპზე ჭარბი წონის გამო უკვე შეიძლებოდა ჯანმრთელობის პრობლემაც შექმნოდა. გადაწყვიტა, რომ ცვლილების დრო დადგა.

ფოტო: ნატა სოფრომაძე

კითხვაზე, რამ მიიყვანა წონაში დაკლების გადაწყვეტილებამდე, პასუხობს: „იმან არა, რომ ვინმეს მოსაწონი ვყოფილიყავი ან მათ სტანდარტს მოვრგებოდი. როცა გადავწყვიტე  რაღაც შემეცვალა, მომინდა შემეცვალა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. არა დედაჩემისთვის, ბებიასთვის ან სხვა ხალხისთვის. ნელ-ნელა დავიწყე წონაში კლება და მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის მთავარი სტიმულიც თვითონვე ვარ და ნომერ პირველი კრიტიკოსიც. მე თვითონ უნდა გადავწყვიტო, რა აჯობებს ჩემთვის. ამის გამო საკუთარი თავი უფრო დავაფასე. არა იმიტომ, რომ ახლა უკეთ გამოვიყურები, არამედ იმიტომ, რომ უფრო ძლიერი აღმოვჩნდი, ვიდრე მეგონა. იმიტომ, რომ საკუთარი თავი შევიყვარე. ვიზრუნე მასზე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.“

ანი მომავალი ფსიქოლოგია. უყვარს წერა. ფიქრობს, რომ პროფესიასთან ერთად, პირადი გამოცდილება მომავალში საშუალებას მისცემს დაეხმაროს იმ გოგოებს, რომლებსაც სამყაროში თავიანთი ადგილის მონიშვნა უჭირთ. იქამდე კი, მათ, ვისაც ჭარბი წონა აქვს და ამას მტკივნეულად აღიქვამენ, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საკუთარ ინსტრუქციას უზიარებს: „ჭარბი წონა გადაუჭრელი პრობლემა არაა. მთავარია ნებისყოფა გამოვიჩინოთ. რამდენ კილოგრამსაც არ უნდა იწონიდე, ჯერ შენი თავი უნდა შეიყვარო და ყველანაირს რომ შეიყვარებ, მერე უფრო მეტად მოგინდება რაღაც გააუმჯობესო ისევ საკუთარ თავის გამო.“