„ნიშანი“ როგორც ინდივიდუალურობის პირობა | ხათუნა ხაჟომია, 47 წლის

„რა გაქვს სახეზე?“- ეს კითხვა ხათუნასთვის იქამდე არავის დაუსვამს. საბავშვო ბაღში პირველი დღე იყო და იყო 3 წლის. წლების შემდეგ, პროფესიით ფსიქოლოგი, ამბობს, რომ ამ ასაკიდან ბავშვებს უკვე ამახსოვრდებათ ის, რაც განსაკუთრებით ემოციურ ზემოქმედებას ახდენს მათზე. ეს არ იყო უბრალო კითხვა. გოგოს პირველად მიანიშნეს იმაზე, რომ რაღაც „სჭირდა“ და ის, რაც „სჭირდა,“ არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. ტირილი დაიწყო და უპასუხა: „ნიშანი.“

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

სახლში ამ განსხვავებულ შტრიხს ყურადღება, უბრალოდ, არასდროს ექცეოდა. ხათუნა ხაჟომია გვიყვება, რომ ოჯახში პირველი შვილი, პირველი შვილიშვილი იყო და ზღვარგადასული სიყვარულისა და მზრუნველობის ატმოსფეროში იზრდებოდა. საბავშვო ბაღის ინციდენტის გამო ოჯახში პირველად გაამახვილეს ყურადღება ხათუნას გარეგნობის თავისებურ შტრიხზე და ეს ამბავი ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას დაუკავშირეს: „ბავშვებს ხშირად ეშინიათ, რომ მშობლები შეიძლება სადღაც წავიდნენ, ვეღარ იპოვონ. მე კი მითხრეს, რომ ამ „ნიშნის“ გამო მათ ვერსად დავეკარგებოდი. ეს ძალიან მომეწონა.“

ხათუნა ამბობს, რომ მისი თვითშეფასება, გარეგნობის თუ ცხოვრების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება სწორედ მისმა ოჯახმა განსაზღვრა. „მშობლებს, დებს, ბებიას, მამიდას, დეიდას- არასდროს ამაზე აქცენტი არ გაუკეთებიათ. მათთვის ჩემი პიროვნული ღირსებები იყო გაცილებით საყურადღებო. ამიტომ ისე გავიზარდე, კომპლექსი არ გამჩენია. არასდროს მიფიქრია, რომ რადგან სახეზე ნიშანი მაქვს, შეიძლება არასასურველი ვიყო ვინმესთვის. მყავდა მეგობრები და აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვიზრდებოდი. რადგან თვითონ ვერ აღვიქვამ ამას ნაკლად, ასე მხედავენ ახლობლებიც. საერთოდ ასეა- როგორც წარუდგენ საზოგადოებას თავს, ისე გაფასებენ სხვებიც.“

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

ხათუნა ყვება, რომ 25 წლის იყო, როცა პირველი დისშვილი შეეძინა. უსაზღვროდ ბედნიერი იყო და ახალი ამბავი თანამშრომლებს ახარა. ერთმა თანამშრომელმა ქალმა უთხრა, რა კარგია, რომ ბავშვი გაგიჩნდათ, თან გოგოო. „სიბერეში მომვლელი გეყოლებაო, მითხრა. მივხვდი, გულისხმობდა, რომ ვერ გავთხოვდებოდი.“

ამბობს, რომ ქუჩაში უცხოებისგან დაჟინებულ მზერას ხშირად გრძნობს, მაგრამ ამას მტკივნეულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ყოფილა ისეც, რომ ქუჩაში გაუჩერებიათ, რა კარგი გოგო ხარ, სახეზე რა გაქვსო და სხვადასხვა ხალხური საშუალება უსწავლებიათ.

მოგვიანებით პლასტიკურ ქირურგთანაც გაიარა კონსულტაცია. დაახლოებით 30 წლის იყო. „წამოვედი, რომ პასუხი მომეფიქრებინა. ორი ღამე არ მეძინა. მერე მეუღლეს მოვუყევი. მითხრა, მოიცა, რა, მე ასეთი მიყვარხარ, რად გინდა რამის შეცვლა, გაწუხებსო? დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ მაწუხებს. აბსოლუტურად არ მინდა შევიცვალო. არ მინდა სარკეში ჩავიხედო და სხვანაირი დავინახო საკუთარი თავი. ასეთი ვარ.“

ხათუნას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ საინტერესო ცხოვრება აქვს, აქტიურად მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, კავკასიის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, საგზაო უსაფრთხოების აქტივისტია. „არასდროს ამ ჩემს განსხვავებულობას ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია. მე ვფიქრობ, რომ მთავარი სწორი აღზრდაა და ამაზე დგას დანარჩენი. როცა მშობლები ღელავენ შვილის რაღაც განსხვავებულობის გამო და ამაზე აქცენტს აკეთებენ, ეს მღელვარება ბავშვსაც ედება. ჩვენს სახლში ასე ნამდვილად არ იყო. ჩემი „ნიშანი“ იყო მეასეხარისხოვანი და მშობლებს არც კი დაუშვიათ, რომ ამის გამო მე ან კარიერაში შემექმნებოდა პრობლემა, ან პირად ცხოვრებაში. ამიტომ ახალგაზრდებს, მშობლებს, მომავალ მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ აღზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ საკუთარი შვილი სწორი ღირებულებებით გაზარდე, ყველაფერი რიგზე იქნება. ამ შემთხვევაში უკვე აღარაფერს გიწყვეტს ის, რომ, მაგალითად, სახეზე ნიშანი გაქვს ან  უცნაური სახელი გქვია. ვისაც უყვარხარ, უყვარხარ ყველანაირი.“