მარიამი ძალიან ბევრს იცინის და თან იმდენად გადამდები სიცილი აქვს, მის გარშემო ყველა დანარჩენსაც მაშინვე სიცილი უტყდება. სულ ასე იყო. მაგრამ მხიარულებას უცებ, ბასრად და კატეგორიულად გადაჭრიდა ხოლმე კეთილგანწყობით შეფუთული განაჩენი: „აუ, მარიამ, ახლა რომ კბილები გქონდეს კარგი!“
მარიამი ამბობს, რომ იმ ასაკში, როცა სხვა მოზარდი გოგოების მსგავსად ისიც განსაკუთრებით სენსიტიური იყო სხვების შეფასებების მიმართ, მტკიცედ დაიჯერა, რომ უშნო კბილები ჰქონდა. „სიცილის დროს ხელს ვიფარებდი პირზე, რომ ჩემი “საშინელი” კბილები არ დაენახათ.“
იმავე პერიოდში კბილების კორექციაზე დაიწყო ფიქრი. უნდოდა „ბრეკეტები“ ჩაესვა, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი კბილი აქვს დაზიანებული, არ გამოვიდა.
„როცა ბავშვი ხარ, ყველაფერს სხვა სიმძაფრით აღიქვამ. ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე სხვა თვალით შევხედე ამ საკითხსაც და საკუთარ გარეგნობასაც. ნელ-ნელა მოვიდა იმისი გაცნობიერება, რომ რასაც სარკეში ხედავ, ყველაფერი შენი ინდივიდუალურობის განმსაზღვრელია; ის, რაც მხოლოდ შენ გაქვს და რაც ყველა დანარჩენისგან გამოგარჩევს. ამიტომ საერთოდ არაა ტრაგედია, თუ მაინცდამაინც აპრეხილი ცხვირი, თვალის ლამაზი ჭრილი ან საოცარი კბილები არ გექნება.“
იხსენებს, რომ, შემფასებლებისგან განსხვავებით, ოჯახი ყოველთვის მის მხარეს იდგა. „დედასთვის და მამასთვის ხომ შვილი ყველაზე ლამაზია დედამიწის ზურგზე. ისინი და ჩემი რამდენიმე უახლოესი მეგობარი ანეიტრალებდნენ სხვების უტაქტო შეფასებებს. ყველა მოზარდი ოჯახში ეძებს საყრდენსა და მხარდაჭერას და თუ ეს არ აქვს, ძალიან ძნელია.“
მარიამი ამბობს, რომ საკუთარი თავის სიყვარული ბევრ რამეს წყვეტს. ამაში პროფესიული არჩევანიც დაეხმარა: მომავალი ფსიქოლოგია, მესამე კურსზე სწავლობს. სტუდენტი რომ გახდა, სამტრედიიდან თბილისში წამოვიდა და ეს ეტაპი მის ცხოვრებასა და ცნობიერებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. „მიმოვიხედე და უცებ მივხვდი, რომ არავინ არ აღიქვამდა ჩემს კბილებს ცუდად. ჩემში რაც მოსწონდათ, ის გაცილებით აქცენტირებული იყო, ვიდრე ჩემი კბილები. თან უკვე დიდი ვიყავი, თავდაჯერებულობაც მეტი მქონდა, აზრები, ხედვა, საკუთარი თავის აღქმა შემეცვალა. ყველა ამ კომპონენტის ერთობლიობა დამეხმარა სულ სხვანაირად შემეხედა იმისთვის, რაც ადრე ნაკლად მიმაჩნდა. სიცილი მე მგონი ყველაფერზე მეტად მიყვარს სამყაროში და არ ვიცინო იმიტომ, რომ კბილების ფორმა არ მაქვს იდეალური?!“
მარიამის თქმით, ხანდახან დღესაც ხდება ხოლმე ისე, რომ გულიანად იცინის და უცებ მსგავსი რამ ესმის: „ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ კბილები ცოტა გიტეხავს.“ მაგრამ ეს შეფასებები აღარაა მტკივნეული. ეცინება კიდეც. „კითხვას ვუბრუნებ: ასე ცუდად მაქვს?“ ან „არ შეიძლება ასე მქონდეს?“ და იბნევიან. ასეთია და იყოს, როგორიც არის. არ მაწუხებს საერთოდ.“
ფიქრობს, რომ თუ „ბრეკეტებს“ მაინც ჩაისვამს, ამას მხოლოდ საკუთარი ესთეტიკური სიამოვნებისთვის გააკეთებს და არა იმ მიზნით, რომ სხვის თვალში უკეთესი გამოჩნდეს. „გინდოდეს უკეთესი, საერთოდ სხვა რამეა. ამ მოტივით დავიკელი წონაშიც რამდენიმე წლის წინ.“
ამბობს, რომ,უბრალოდ, შეიყვარა საკუთარი თავი. „დავიწყე დადებითად ფიქრი, ვკონცენტრირდი იმაზე, როგორ ვიყო წარმატებული, რა უნდა გავაკეთო ამისთვის. ყველას შეუძლია უკეთესი გახდეს და ყველას აქვს საამისო პოტენციალი, მთავარია, სწორად გამოიყენოს.“
პროფესიული არჩევანის გაკეთების დროსაც ეს იყო მთავარი მოტივაცია: „მინდოდა გავმხდარიყავი ფსიქოლოგი და დავხმარებოდი საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ვგიჟდები, როცა ადამიანებს სასიამოვნო განწყობას ვუქმნი, პრობლემების გადაჭრაში ვეხმარები. სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, იმის დრო არ გვაქვს, რომ ცუდად ვიყოთ. ბედნიერებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ და მაქსიმალურად დავტკბეთ ცხოვრებით.“
ვინც საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა, მათ მარიამი უზიარებს, რა დასკვნამდე მივიდა წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით: „სარკეში ჩაიხედეთ და შეიყვარეთ ის, ვისაც ხედავთ. თითოეული ნაკვთი, დეტალი, რომელიც ინდივიდუალურია და ჩვენს განსაკუთრებულობას განსაზღვრავს. თუ ცვლილება გინდათ, დაფიქრდით, თვითონ გინდათ თუ იმიტომ, რომ სხვის თვალში უკეთესი გამოჩნდეთ. მიიღეთ საკუთარი თავი და გახდით მისი საუკეთესო ან პირველ ჯერზე- უკეთესი ვერსია მაინც.“