„იბრძოლეთ, როგორც შეგიძლათ“ | ნინო ბოჭორიძე, 22 წლის

ნინოს ფეისბუკ-პროფილი ასე იძებნება: ნინო ბოჭორიძე (მეამბოხე). გაიცნობ და დარწმუნდები, რომ თვითშეფასება ზედმიწევნით ზუსტია. თუმცა ცოტა შორიდან დავიწყოთ.

ნინო თელავში ცხოვრობს. იქ გაიზარდა და საკუთარ ქალაქზე გიჟდება. სკოლაც თელავში დაამთავრა რამდენიმე წლის წინ. სკოლა აღმოჩნდა სივრცე, სადაც პირველად შეეჩეხა ბულინგს. მიზეზი წონა იყო, ანუ ის, რომ, როგორც თავად ამბობს, არ იყო „თხელი და ფარფატა.“ ნინოს პირველი პროტესტიც სკოლას უკავშირდებოდა. მიზეზი სხვადასხვა იყო. აპროტესტებდა იქაურ გარემოს, უსამართლობას, სხვის პირად სივრცეში შეჭრას, ჩაგვრას, აგდებულ დამოკიდებულებას სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეებისადმი.

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

ამბობს, რომ შეფასებები მის მიმართაც არცთუ კორექტულად ჟღერდა და გულისტკენის საფუძველი ხდებოდა. განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში, როცა მოზარდები კიდევ უფრო მგრძნობიარეები ხდებიან სხვების აზრის მიმართ. „უტაქტო შეფასებები, კითხვები, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებს, მარტო კლასელების მხრიდან არ მოდიოდა. კლასში ორი გოგო ვიყავით ჭარბი წონით. ყოფილა შემთხვევა, მასწავლებლებს ჩვენი თანდასწრებით განუხილავთ ჩვენი რაციონი და გაურჩევიათ, რას ვჭამდით ისეთს, რომ გვასუქებდა. არ ვიცი ამ დროს რამდენად აანალიზებდნენ ისინი ამ ფაქტის უხერხულობას. მგონი, ვერც ხვდებოდნენ რა მტკივნეული აღსაქმელი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს 12-13 წლის გოგოებისთვის.“

ნინო ამბობს, რომ საკუთარმა გატაცებებმა უშველა. სამოქალაქო განათლება აინტერესებდა, პროექტებში იყო ჩართული, ბანაკებში დადიოდა. „ამან ყველაფერმა ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა და სწორ პასუხებამდე მიმიყვანა. ყველაზე მნიშვნელოვანი როლი კი იმ ადამიანებმა შეასრულეს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შემხვდნენ. მე მიმღებლობა ასე თუ ისე ყოველთვის მქონდა საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ გზადაგზა, გარემოცვის გავლენით, დავეჭვდებოდი ხოლმე, ვიმსახურებ თუ არა მომწონდეს საკუთარი თავი და მოვწონდე სხვებს. ვარ თუ არა საამისოდ საკმარისად კარგი.“

ნინო ამბობს, რომ კილოგრამები მისთვის არასდროს ყოფილა არც საკუთარი თავის და არც სხვების შეფასების კრიტერიუმი. აზუსტებს, რომ წონაზე ფიქრს კი არ გაურბოდა როგორც არასასურველ მოცემულობას, უბრალოდ, ამ საკითხს არ აღიქვამდა ნერვიულობის საგნად. „წონა არ მიწყვეტდა არაფერს, ოდნავადაც არ განსაზღვრავდა ჩემს დამოკიდებულებას საკუთარი თავის, ჩემი ცხოვრების ხარისხის თუ მომავლის გეგმების მიმართ. მტკიცედ მჯეროდა, რომ სწორედ ისეთი, როგორიც ვარ, ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე საზოგადოებას ჰგონია.“

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

არ კითხულობდა, თუმცა მაინც იღებდა რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოუხდება წონის კორექცია და როგორ გახდებოდა წონაში დაკლებით კიდევ უფრო კარგი. დღეს უხარია, რომ რადიკალურ დიეტებზე უარი თქვა, რადგან მის ბევრ ნაცნობს ეს ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. „გარემოცვის გავლენით, ალბათ, ლოგიკური იქნებოდა მეწვალა და მეცადა წონაში დაკლება, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამაზე უარი ვთქვი. გვერდით ყოველთვის აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც მაფიქრებინებდნენ, რომ არ ვარ ცუდი. ამიტომ არ დამიწყია იმის მტკიცება, რომ შემიძლია წონაში დავიკლო და ამის შედეგად უკეთესი გავხდე.“

ნინო ამბობს, რომ ბავშვობაში გაკვირვებულები ეკითხებოდნენ როგორ დადიოდა ასეთი აღნაგობის გოგო ცეკვაზე, რაგბიზე. „მეუბნებოდნენ, შენ ერთი პუტკუნა ბიჭი მოგიხდებაო.“

მოგვიანებით ბულინგის საფუძველი მისი საქმიანობა გახდა; სოციალური აქტივისტობა. ძალადობისა და სტერეოტიპების მიმართ მის ამბოხს იარლიყები მოჰყვა: „კაცთმოძულე,“ ,,ლჭპტ დამცველი,“ ,,ფემინისტი“- სალანძღავი მნიშვნელობით და სხვა.

ნინო საჯარო მმართველობის მიმართულებით მაგისტრატურაში სწავლობს. კახეთის სამსახარეო განვითარების ცენტრისა და საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის საერთო პროექტის დასაქმების სპეციალისტია. თელავის კოლეჯში სალექციო კურსს კითხულობს: მოქალაქეობა და ადამიანის უფლებები.

მათთვის, ვინც ჩაგვრის, უსამართლობის, დაუმსახურებელი გულისტკენის სამიზნეა, ნინო ამბობს: იბრძოლეთ, როგორც შეგიძლიათ. იმასაც ამბობს, რომ საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის ყოველდღე იბრძვის და ამ ბრძოლას მისთვის შინაგანი თავისფლება, სილაღე და სიცოცხლის სიხარული მოაქვს.