რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე? როგორ უნდა დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ? ჩვენი წარსული ტრავმები ‒ ეს არასრული ჩამონათვალია საუბრების იმ სერიისა, რომელსაც ჟურნალი Forbes Woman Georgia The Body Shop-თან თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ. ჰოლისტური მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი და იოგას ინსტრუქტორი, Blooming.ge-ის დამფუძნებელი ელენე კვერნაძე, King’s College London-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი რუსკა ზაალიშვილი და ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ელენე ჯაფარიძე ‒ საუბრების სერიის ფარგლებში უაღრესად აქტუალურ და სენსიტიურ თემებზე ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან მათ მოსაზრებებს გაგაცნობთ.
კრიზისები რომ ყველა ადამიანის ფსიქიკაზე, ემოციურ მდგომარეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარ კვალს ტოვებს ეს სადავო არავისთვისაა. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ გავლენების მასშტაბი და გზები, რომელიც მსგავსი სიტუაციების დაძლევაში დაგვეხმარება. ფსიქოლოგ ელენე ჯაფარიძესთან საუბრის მთავარი თემაა ბოლო პერიოდის, მსოფლიო მასშტაბის ორი გამოწვევა ანუ „კოვიდიდან ომამდე“.
„კოვიდპანდემიას ზედაპირულად არ უნდა შევხედოთ. ბევრი ფილოსოფიური ამოტრიალება მოახდინა, თუნდაც ჩვენს ცოდნაზე. პირველი იყო ის, რომ ვირუსმა ადამიანების სისუსტეზე გაამახვილა ყურადღება. ჩვენ, მთელი თანამედროვე ეპოქა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი არის გაძლიერებული, ადამიანს შეუძლია გაფრინდეს კოსმოსში, გვაქვს ტექნოლოგიური განვითარება და უცებ იწყება პანდემია, რომელიც ამბობს, რომ ასე სულაც არ არის. პანდემიამ უთხრა ყველას, რომ ეს ვირუსი კლავს. ჩვენი ფსიქიკისთვის ამის მიღება იყო რთული. ამიტომაც იყო პირველი ტალღა პროტესტის და მოლოდინის, რომ ის მალე დასრულდებოდა“.
ელენე ამბობს, რომ პანდემიამ სრულად ამოაბრუნა აქამდე არსებული კონცეფცია სოლიდარობის შესახებ, რადგან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად სოლიდარობა იზოლაციაში გამოიხატა. იზოლაციით ჩვენ საზოგადოების მიმართ სოლიდარულები გავხდით. ფსიქოლოგი ამბობს, რომ სწორედ ეს არის ამობრუნებული კონცეფცია, რადგან აქამდე სოლიდარობა გაერთიანებას ნიშნავდა.
„ევოლუციურად რაც დევს ადამიანში, რომ მე მინდა მეორე ადამიანი იმისთვის რომ გადავრჩე, მეუბნებიან, რომ პირიქით, შენ არ გჭირდება მეორე ადამიანი იმისთვის რომ გადარჩე. ამის აღქმა აზრობრივ დონეზე სრულიად საწინააღმდეგოა ყველაფრის იმისა, რასაც ჩვენ გვასწავლიან. ასევე, რომ გადავხედოთ თანამედროვე სამყაროს, ჩვენ მარგინალიზებას ვახდენთ სიბერის და სიკვდილის. ამ დროს პანდემია გეუბნება, რომ შენ უნდა შეხედო სიკვდილს ისე, რომ ის არის შენი ყოველდღიურობა, პანდემიამ სიკვდილის გარდაუვალობის იდეა ამოწია ყოველდღიურობამდე. ეს ცალკე თემა ჩვენს ფსიქიკაში დიდ გამოწვევას იწვევს. რთული ხდება ამ რეალობაში თავი ვიგრძნოთ კომფორტულად, ბედნიერად. უსაფრთხოების ბაზისური განცდა მთლიანად შერყეულია, ეს კი არის წარმოუდგენლად მძიმე გამოწვევა. შოკურ მდგომარეობას აქვს ორი ძირითადი დამახასიათებელი ფაქტორი ‒ ან ადამიანი გარბის, ან ადამიანი შეშდება. პანდემიაშიც ასე მოხდა და ახლა ზუსტად იგივე მდგომარეობაში გვაგდებს ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს“.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ კოვიდის მსგავსად მეგობარ ქვეყანაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს მოაქვს უსუსურობის განცდა და უკრაინელების მიმართ სხვადასხვა გზებით გამოხატულ სოლიდარობას არანაირი კმაყოფილების გრძნობა. რადგან, სხვადასხვა ფორმით გამოხატული სოლიდარობის ფონზე ელენე ამბობს, რომ ჩვენ მაინც ფართო სურათს ვუყურებთ დაა უსუსურობის განცდა მაინც არ გვტოვებს.
„ძალიან სევდიანია ამ ყველაფრის მიღება, მაგრამ თუ არ მივიღეთ და თუ არ ვაღიარეთ, თუ ისევ ფსევდკონცეფციებით ვივლით წინ, ეს ჩვენთვისვე იქნება ცუდი. თუ ამას ვაღიარებთ, მერე დაიწყება ცვლილება. მთელი ამბავი იმაშია, რამდენად ვერგებით ჩვენ შეცვლილ გარემოს. ყველა ადამიანს თავისი ადაპტაციის უნარი აქვს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად ვიღებ მე პასუხისმგებლობას. ადამიანები ითხოვენ მზა რეცეპტს, როგორ გადარჩნენ. ეს მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი ერთი რამ, ვაღიარო რომ ცუდად ვარ ეს არის პირველი გზა გადარჩენის. იმისთვის რომ მე გადავრჩე, მჭირდება განცდა, რომ მთელს ამ დიდი სურათში მე პატარა რაღაცებს ვცვლი. ეს უმნიშვნელოვანესი განცდაა, რომ ჩემს არსებობას აქვს აზრი. მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რა შეგვიძლია და რა ‒ არა, უნდა ვიყოთ ჩვენს თავზეც ორიენტირებული. მე უნდა ვიყო ფუნქციური, მე უნდა მოვახერხო სიკეთე ვაკეთო უფრო დიდხანს ისე, რომ არ დავარდე და სხვისი რესურსი არ წამოვიდეს ჩემზე“.
სტრესი ჩვენი მეგობარი უნდა გავხადოთ და ის არ უნდა იყოს ცალკე საშიში არსება – ასე იწყებს საუბარს რუსკა ზაალიშვილი თემაზე „სტრესი ჩვენს ყოველდღიურობაში“. ფსიქოლოგი ამბობს, თუ როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ მას.
„ახალი კვლევის მიხედვით, სტრესი შესაძლებელია საერთოდ არ იყოს ცუდი, უბრალოდ მთავარი აღქმაა, თუ გაქვს განცდა რომ სტრესი გავნებს, მაშინ ის შენთვის ასეთი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სტრესის ნიშნები და შეგვეძლოს მისი იდენტიფიცირება. მაგალითად, თუ გაქვთ მახსოვრობის პრობლემები ეს არის სტრესის ნიშანი. ასევე სტრესს აქვს ქცევითი გამოხატულება, თუ გაქვთ სურვილი მოიხმაროთ ალკოჰოლი ან სხვადასხვა ნივთიერებები ესეც ამის დასტურია, თუ არ ვუვლით ჩვენს თავს, ესეც სტრესის ნიშანია. ხშირი უიმედობაც ქრონიკული სტრესის დასტურია. მაღალი სტრესის ნიშანია დაქვეითებული თვითშეფასებაც. აუცილებელია ყველა ასეთ ნიშნებს დავაკვირდეთ“.
ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ შევეცადოთ და ყოველდღიური აქტივობით ჩვენი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ვიყოთ ჩვენი თავის საუკეთესო მეგობარი და აუცილებელია გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს. რუკა ამბობს, რომ იმ ფონზეც, თუ არ გვაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობა ან დარღვევა, ეს საერთოდაც არ ნიშნავს რომ მთლიანობაში კარგად ვართ.
„აუცილებელია აწმყოში ცხოვრება. ჩვენ ვერ შევცვლით წარსულს, ვერც მომავალს, ამიტომ უნდა ვიცხოვროთ აწმყოთი. აუცილებელია კმაყოფილების გრძნობის და მადლიერების განცდა. გაქცევა არავითარ შემთხვევაში არ არის გამოსავალი, ეს ცუდად და ერთიანად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისთვის? ფსიქოლოგი რუსკა ზაალიშვილი რამდენიმე რჩევას გვაძლევს. პირველი რასაც ის ხაზს უსვამს, ეს ხარისხიანი სოციალური კავშირებია, რომელიც რუსკას თქმით, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე და მთავარი, მისი თქმით, გაზიარებაა. ფსიქოლოგი გვირჩევს ვისაუბროთ იმაზე რაც გვაწუხებს. რუსკა ამბობს, რომ რეალური ფიზიკური კავშირები ეს ის არის, რაც ადამიანებს გადარჩენისთვის გვჭირდება. იმისთვის, რომ უკვეთ ვიყოთ, ფსიქოლოგის რჩევაა ბუნებაში დროის გატარება და ფიზიკური აქტივობა.
რა არის ჰოლისტური ჯანმრთელობა? არსებობს თუ არა ერთი კონკრეტული უნივერსალური ფორმულა ე.წ. დიეტა, წამალი ან მკურნალობა? შეგვიძლია თუ არა პოზიტიური ხედვის, როგორც თვისების გამომუშავება? ამ კითხვებზე პასუხს ელენე კვერნაძე გვაპოვნინებს, ის ჰოლისტური მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი და იოგას ინსტრუქტორია.
ელენე ამბობს, რომ მენტალური ჯანმრთელობა ეს დინამიკური პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და არცერთ თერაპიულ კურსს, წიგნს თუ წამალს არ აქვს მასზე ისეთი გავლენა, როგორც ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს. ჰოლისტური მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი ამბობს, რომ ასე ცხოვრება შესწავლადია.
„მენტალური ჯანმრთელობა ეს არის მდგომარეობა, როცა ჩვენ ემოციურად, კოგნიტურად, სოციალურად კარგად ვგრძნობთ თავს, გვაქვს საშუალება რომ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს, შეგვიძლია ვიყოთ პროდუქტიული და მონაწილეობას ვიღებთ სოციალურ ცხოვრებაში. თუ აქ სადმე გარღვევაა, ეს შეიძლება მენტალური პრობლემების პირველი ნიშანი იყოს. თუ თითქოს აღარ გვაქვს კონკრეტული მიზეზი და ჩვენ მაინც ვგრძნობთ სიმპტომებს, ამ დროს სპეციალისტის ჩარევაზე უნდა დავფიქრდეთ. რა იწვევს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას? ამაზე პირდაპირი და ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა გამოიკვეთა კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ. მათ შორის არის გენეტიკა, ბიოლოგიური პრობლემები, გარემო ფაქტორები, ჩვენი ქცევებიც კი“.
ელენე გვიხსნის, რომ ჰოლისტურ მიდგომაში მნიშვნელოვანია პრევენცია, პაციენტის პროაქტიულობა და არა პასიურად ექიმთან მისვლა და მხოლოდ მის იმედად ყოფნა. ელენეს, როგორც ჰოლისტური მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს სჯერა, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების ექსპერტია და მასზე უკეთ არავინ იცის რა სჭირდება.
„მთავარია, ვისწავლოთ ემოციების მოსმენა, ემოციებთან დამეგობრება და შემდეგ მათზე სწორი რეაგირება“.